Russian English
GANHRI-ის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ხელახლა მიენიჭა „A“ სტატუსი
ხუთშაბათი, 07 მარტი, 2019 - 19:20
 
2019 წლის 5 მარტს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველს ხელახალი აკრედიტაციის სერთიფიკატი გადაეცა, რომელიც ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის სრულ შესაბამისობას გაეროს პარიზის პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებთან. შედეგად, სახალხო დამცველის აპარატს ხელახლა მიენიჭა „A“ სტატუსი. 
4-6 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეებმა თამარ გვარამაძემ და ეკატერინე სხილაძემ და სახალხო დამცველის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ თავდგირიძემ მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) გენერალურ ასამბლეასა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ყოველწლიური შეხვედრაში. 
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) გენერალურ ასამბლეაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ორგანიზაციის 2018 წლის ფინანსური ანგარიში და 2019 წლის ბიუჯეტი წარადგინა.  სახალხო დამცველის აპარატი უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში   ENNHRI–ის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
GANHRI-ის სამუშაო შეხვედრაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ხანდაზმულთა უფლებრივ მდგომარეობასა და ამ მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის სამომავლო გეგმებისა და აქტივობებზე ისაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატი, ფინეთის ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად არჩეულ იქნა GANHRI-ის ახალშექმნილი შშმ პირთა უფლებების სამუშაო ჯგუფის წევრად, როგორც ევროპის წარმომადგენლი. 
GANHRI-ის ფარგლებში, გაეროს სპეციალური მომხსენებლის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში სესილია ხიმენეზ-დამარის თაოსნობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე თამარ გვარამაძემ დამსწრეთ საქართველოში კონფლიქტით დაზარალებულ პირთა და ეკომიგრანტთა მდგომარეობა, გამოწვევები და სახალხო დამცველის საუკეთესო პრაქტიკა გააცნო. 
ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის მიმართულებით ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის, პრაქტიკის და გამოცდილების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში არსებული ორგანიზაციული კულტურის შესახებ ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის შექმნის მნიშვნელობაზე, სახალხო დამცველის აპარატში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის გატარებულ ღონისძიებებსა და ქვეყანაში არსებული გამოწვევებზე. 
შეხვედრებზე განიხილეს ქალ მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა; ასევე გაიმართა კონსულტაციები მდგრადი განვითარებისთვის 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გამოცდილების გაზიარების შესახებ. 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.