Russian English
„აფხაზური ენა დამწყებთათვის“ ქართულ სკოლებში შეიტანეს
ორშაბათი, 01 აპრილი, 2019 - 18:10
აფხაზური ენა, ადიღურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ანბანი კი, 64 ასობგერისგან შედგება. 1 აპრილს  საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცეს.
ის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელიც დაეხმარება მსურველებს, შეისწავლონ წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.
 
პრეზენტაციის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას. პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.
 
აღნიშნული სახელმძღვანელოთი აფხაზური ენა ფერიის საჯარო სკოლაში შეისწავლება. ეს არის ერთ-ერთი სკოლა აჭარაში, სადაც აფხაზური ენა ისწავლება. დღემდე პედაგოგი, შესასწავლ მასალებს თავისი ძალებით იძიებდა. 
ვახტანგ ყოლბაია იმედოვნებს, რომ წიგნი მხარეებს შორის მშვიდობის ხიდის აგებაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 
აფხაზურ ენას აჭარაში ფერიის გარდა, ბათუმის მე 14 -ე საჯარო სკოლაში ეუფლებიან. აფხაზური ჯგუფებისთვის სპეციალური კლასია მოწყობილი და იგი უზრუნველყოფილია აფხაზური ენის სახელმძღვანელოებით. თითოეული  ჯგუფისთვის გაკვეთილები კვირაში 4 საათი ტარდება, სახელმძღვანელობით კი განათლების ფონდი ამარაგებთ. პირველ ეტაპზე აჭარაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს  100 სახელმძღვანელო გადაეცემა. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ახალ სახელმძღვანელოს, აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის გამყარების წინაპირობად მიიჩნევს. 
 
აჭარაში, აფხაზური ენის შესწავლა 2017 წელს დაიწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა აფხაზური ენის სწავლების პროგრამა, შესაბამისად ენა ჩასმულია არჩევით საგნებში. აფხაზური ენის დღე 27 ოქტომბერს აღინიშნება.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.