Russian English
აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი მოზარდები ფესტივალ ,,არტგენზე“
ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2019 - 19:29
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა შემოქმედმა მოზარდებმა ქართული ფოლკლორის ფესტივალ „არტგენი 2019“-ზე თავიანთი ხელოვნება წარმოადგინეს. 12 ივლისს აქ ,,აფხაზეთის დღე” აღინიშნა და მოზარდებმა ნახატები, გობელენი, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები გამოფინეს.
 
„აფხაზეთის დღის“ აღნიშნვაში მონაწილეობდნენ ასევე აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის მიმართულების გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მირონი“, ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“ და აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები - ,,ფაზისი”, ,,ოდოია” და სხვ.
 
„აფხაზეთის დღე“ ,,არტ გენის” ფესტივალზე ცნობილი ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა. დევნილი მოზარდები ფესტივალის დასკვნით დღეს დაესწრნენ ანსამბლ ,,სუხიშვილების” კონცერტს, რომელზეც აფხაზეთისადმი მიძღვნილი ცეკვა „ოტობაია“ შესრულდა.
 
ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში წლეულს მეთექვსემეტედ ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ფესტივალის მთავარი მიზანია ტრადიციული და თანამედროვე კულტურული ფასეულობების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ; ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობა, ასევე უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა.
 
„არტ გენი 2019“ წლეულს, 16 ივნისს ახმეტაში გაიხსნა, რეგიონული ტურნე 28 ივნისს ხონში დასრულდა, ხოლო ფესტივალის თბილისის ტური კი 7-14 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.