Russian English
რა უჯდებათ რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს თბილისში ცხოვრება
შაბათი, 10 აგვისტო, 2019 - 15:30
 
დედაქალაქში რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტების ცხოვრება საკმაოდ რთული და პრობლემებით სავსეა. უამრავი სტუდენტი ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა, ხშირად საშუალებას არ აძლევთ ფეხი აუწყონ ახალი ცხოვრების ტემპს და სრულფასოვნად ინტეგრირდნენ მათთვის ახალ საზოგადოებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მათ აწუხებთ, მათი ფინანსური მდგომარეობაა.
 
თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდების 50% 15-17 წლის თინეიჯერია, ხოლო 37,4% -20-22 წლის ახალგაზრდა. ჯამში, 87,4% 17-22 წლის ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის. სულ, 23-27 წლის სტუდენტების რაოდენობამ 11,5%-ს მიაღწია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სტუდენტების ყველაზე მოცულობითი ასაკობრივი ჯგუფი 17-22 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც, უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნიათ სტაბილური სამსახური და შესაბამისად, მათი შემოსავალი არასტაბილურია.
 
დედაქალაქში ყველაზე მეტი სტუდენტი (22,1%) სამეგრელოდან ჩამოდის. სხვა რეგიონებიდან ჩამოსულთა პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია: 18,3% - იმერეთიდან, 17,6% - კახეთიდან, 16,8%- აჭარიდან, 6,9%- ქვემო ქართლიდან, 5,3% - შიდა ქართლიდან. გურიიდან ჩამოსულთა პროცენტული მაჩვენებელი ასევე 5,3%-ია. სამცხე-ჯავახეთიდან 3,8%, ხოლო რაჭა-ლეჩხუმიდან და სამცხე-მთიანეთიდან - 1,5-1,5%.
უცნაურია, მაგრამ ჩამოსულ სტუდენტთა დიდი ნაწილი ფინანსური თვალსაზრისით საკუთარ ქალაქში დარჩებას ამჯობინებს. თუმცა, სამსახურის შოვნა და კარიერის დაგეგმვა დედაქალაქში უფრო მარტივია. 
 
რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტების მთავარ პრობლემას საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მათი 42% იძულებულია ბინა იქირავოს. მათი 25,2% თბილისში მცხოვრებ ნათესავებთან სახლობს, ხოლო 32,8%-ს თბილისში ხანგრძლივი (გირაო) ან მუდმივი საცხოვრებელი აქვს.
ქირით მცხოვრებთა 45,8 %-ს ბინის ქირა 500-800 ლარი უჯდება. ამ ყველაფერს ემატება კომუნალური და ინტერნეტის ხარჯები, რაშიც 52,1%  100 ლარზე მეტს ხარჯავს.
განსხვავებულია იმ პირთა ხარჯები, რომლებიც ქირით არ ცხოვრობენ. თუმცა, სტუდენტების 35,6% მასპინძლებს გადასახადების გადახდაში ეხმარება.
 
ბინის გარდა სტუდენტებს უამრავი სხვა ხარჯიც აქვთ. მაგალითად, მათ ყოველდღიურად უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, საკვების ყიდვა, ამასთანავე გართობაც. ტრანსპორტის ხარჯები სტუდენტების 60,5%-ს თვის 20-40 ლარს შეადგენს, 24% -თვის -  40-60 ლარს და ზოგჯერ მეტსაც იხდიან.
ქირის გარდა ყველაზე მეტ ფულს სტუდენტები კვებაში ხარჯავენ. ამაში შედის სიგარეტი და სხვა წვრილმანი ხარჯებიც. 46,5-თვის კვების ხარჯები 250 ლარს არ აღემატება და ეს იმის დამსახურებაა, რომ მათ მათესავები ეხმარებიან. 43,3 %-თვის  კვების ხარჯები 300 ლარია, ხოლო 12,3%-თვის ეს მაჩვენებელი 300-დან 600 ლარამდე მერყეობს. 3,9% -ს კი 600 ლარზე მეტი ეხარჯება.
 
გაგიკვირდებათ, მაგრამ რეგიონიდამ ჩამოსული სტუდენტები ყველაზე მეტად გართობაში ფულის ხარჯვას ერიდებიან.. მათი 43,1% თვეში 50-100 ლარზე მეტს ვერ იმეტებს გართობაში, მხოლოდ 15,3%-ს ეხარჯებათ 150 ლარი გართობისთვის, 8,2%-ს - 200 ლარამდე, ხოლო 6,9%-ს - 200 ლარზე მეტი. აქედან, 26,2 %-ს გართობისთვის საერთოდ არ რჩებათ ფული.
ყველაზე დიდი პრობლემა სტუდენტებისთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტთა დიდი ნაწილი დედაქალაქში სამსახურის შოვნას ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, 68,7%-თვის შემოსავალი მშობელთა დახმარებაა, 27,5% მუშაობს, თუმცა მათი შემოსავალი არ არის საკმარისი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. მხოლოდ 1,5%-თვის სამსახური არის შემოსავლის ერთადერთი წყარო და მათ არავინ ეხმარება. 2,3%-თვის შემოსავლის სხვა წყაროები არსებობს.
ასე და ამრიგად, ყოველთვიური ხარჯი კვების, ბინის უზრუნველყოფისა და კომუნალურების ჩათვლით, 39,5%-თვის საშუალოდ 600-დან 900 ლარამდე შეადგენს.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.