Russian English
სურსათის 6 ნიმუშში აღმოჩნდა საღებავები, რომლებიც არასაკვები დანიშნულებისაა!
ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2019 - 18:36
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა 42 დასახელების ტყემლის,  პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები, რომლებიც გადააგზავნა გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს. სტრატეგიული კვლევების ცენტრი სთხოვს მომხმარებელს არ მიირთვას იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა! ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. 
 
შპს „გსქ კულა“, ტყემალი წითელი, კლასიკური, 08.04.19/2 წელი
აღმოჩნდა 53 მკგ/კგ სუდან 1;
შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა, ტრადიციული წითელი ტყემალი, 
21.06.18/24 თვე.  აღმოჩნდა 210 მკგ/კგ სუდან 1;
შპს ფუდსერვისი, ტომატის საწებელი Supremo, 04.03.19/3 წელი
აღმოჩნდა 580 მკგ/კგ სუდან 1;
შპს „ეს“, ეს აჯიკა, 12.07.19/18 თვე. აღმოჩნდა 250 მკგ/კგ სუდან 1;
შპს Soledo,  ჩილი სოუსი ცხარე, 15.03.19/15.03.21. აღმოჩნდა 84 მკგ/კგ სტაფილოსფერი 2 (Orange II);
მშრალი აჯიკა, თეთნულდი, შენახვის ვადა 6 თვე (დამზადების თარიღი, ან პარტიის ნომერი დატანილი არ არის),  აღმოჩნდა 2000 მკგ/კგ-ზე მეტი სუდან 1 და 62 მკგ/კგ Para Red.
 
„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ჩათვალა, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განახორციელა.
ვლევის შედეგების თაობაზე გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას.
ავღნიშნავთ, რომ ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.
 
კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 15 აგვისტოს, მარნეულის სასურსათო ქარხანამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ქარხანა ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გააგზავნის საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში და შედეგებს აცნობებს მომხმარებელს. პასუხების მიღებამდე კი აჩერებს შესაბამისი პროდუქტის რეალიზაციას.
ასევე, 15 აგვისტოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ცენტრის მიერ მიერ გამოცხადებული შედეგების გადასამოწმებლად დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებს.
კომპანია ,,კულა’’ გაუგებრობას უწოდებს ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ,,კულას“ წითელ კლასიკურ ტყემალში აღმოჩენილია საღებავი.
აი, ხსენებული მწარმოებლის განცხადებაც: 
ჩვენ ყველა ჩვენს პროდუქტს ადგილობრივი ნედლეულით ვამზადებთ და არანაირ საღებავს არ ვიყენებთ. ჩვენი ნედლეულით მომარაგების სამსახური, მიკრობიოლოგიური და ქიმიური ლაბორატორიები მკაცრად აკონტროლებენ ხარისხს. კვლევისას ჩვენი ორი პროდუქტი შემოწმდა. წითელ ტყემალში აღმოჩნდა (ისიც ძალიან ცოტა რაოდენობით) და წითელ აჯიკაში არ აღმოჩნდა საღებავი, რაც ბადებს ეჭვს. აჯიკაში მეტი სუნელი და მწარე წიწაკაა შემადგენლობაში და ლოგიკურად საღებავი აჯიკაში მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ტყემალში. კვლევის შედეგებით კი აჯიკაში საღებავი არ არის აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი რომ, კვლევის შედეგები არის არასწორი. მივესალმებით ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ ინიციატივას და მოხარულები ვიქნებით, რომ ხშირად ჩატარდეს სხვადასხვა პროდუქტის შემოწმება და მიკერძოების გარეშე მომხმარებელმა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.
ჩვენ ჩვენს პროდუქციას და ძირითადად ტყემლებს, 25-ზე მეტ ქვეყანაში ვაგზავნით (ისეთები როგორიცაა კანადა, აშშ, გერმანია, ესპანეთი , საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი, დსთ-ს ქვეყნები და აშ) და ჯერ არ მიგვიღია არცერთი პრეტენზია.
რაც შეეხება აღნიშნული ტყემალის სახეობას (წითელი კლასიკური) კომპანია ,,კულამ“ მიიღო გადაწყვეტილება ყველა სუპერმარკეტიდან გამოიტანოს წითელი კლასიკური ტყემალი და მთლიანად 2019 წლის 15 აგვისტომდე წარმოებული ტყემალი 100 პროცენტით გაყიდოს ექსპორტზე, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, აშშ, ისრაელი და ა შ. ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ რომ ჩვენი პროდუქტი უვნებელია.
რაც შეეხება საქართველოს მომხმარებლებს, ჩვენ განვახორციელებთ 2019 წლის 1 სექტემბრამდე დამატებით გამოკვლევებს, ხელახლა გადავხედავთ ჩვენს ყველა მომწოდებელს, განვახორციელებთ დამატებით კვლევებს და ანალიზებს და 2019 წლის 1 სექტემბრიდან ქსელში დავაბრუნებთ ახლად წარმოებულ წითელ კლასიკურ ტყემალს.
ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ საწარმოში შემოწმებაზე შემოვიდა სურსათის ეროვნული სააგენტო. მათ მიერ ჩატარებული მოკვლევის და შემოწმების შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“.
 
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ კი, თავის  მხრივ, მოვუწოდებს შპს გსქ კულას, რომ საერთოდ უარი თქვას იმ პარტიის გაყიდვაზე, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოაჩნდა, იმ დრომდე მაინც, სანამ თავად არ გადაამოწმებს პარტიის უვნებლობას, რათა საფრთხის ქვეშ არ დააყენოს სხვა ქვეყნების მოქალაქეთა ჯანმრთელობა!
ცენტრმა საერთაშორისო ორგანიზაციას (Consumers International) აცნობა ამ ფაქტის შესახებ, რათა მომხმარებლებმა რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში გაიგონ ამ საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ და აღარ შეიძინონ იგი.
27 აგვისტოს,  „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ განახორციელა მითითებული ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. როგორც ჩანს, სააგენტომ, ცენტრის მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. მიკვლევადობით დადგინდა ბიზნესოპერატორების (მათ შორის, იმპორტიორების) რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს. ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს და ამ შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებებს სააგენტო დამატებით გვაცნობებს.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.