Russian English
აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის მორიგი წარმატებული სოლო-კონცერტი
პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019 - 19:11
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სოლო-კონცერტი გამართა. კონცერტმა დიდი ოვაციებისა და აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა.
 
კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისა და კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტს ასევე დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების პრემიის მიმნიჭებელი კომისიის წევრები. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა გიორგი შარვაშიძის პრემიაზეა წარდგენილი.
 
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ჯგუფი The Georgian Six 2019 წლის 6 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლეში დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმს საზეიმოდ გახსნიან.
 
აფხაზეთის კაპელა მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ საგანგებოდ ამ კონცერტისთვის არანჟირებულ ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს შეასრულებს.
 
დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ევროპის საბჭოს 47 წევრი და ექვსი დამკვირვებელი ქვეყნის) 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა პირდაპირი ეთერით გადაიცემა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
 
7 ნოემბერს კი აფხაზეთის კაპელა სოლო კონცერტს გამართავს Respire Temple Neuf-ის ტაძარში, რომელსაც ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.