Russian English
„აფხაზეთო, მე უშენოდ, მზეც ობოლი მგონია“ - ია მაისაიას სიმღერების ალბომის პრეზენტაცია
პარასკევი, 04 ოქტომბერი, 2019 - 23:01
გაიმართა
 
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დარბაზში ცნობილი სოხუმელი კომპოზიტორისა და მომღერლის ია მაისაიას სიმღერების ალბომის „აფხაზეთო, მე უშენოდ, მზეც ობოლი მგონია“ პრეზენტაცია გამართა. კომპაქტ-დისკი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გამოსცა. სიმღერები მარიკა ქაცარავასა და „სანო“-ს ხმისჩამწერ სტუდიებში ჩაიწერა. ალბომში წარმოდგენილია კომპოზიტორის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ნაწარმოებები.
 
კულტურის დარგში ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ია მაისაია დაჯილდოვებულია: ღირსების ორდენით; გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და სხვ. მისი შთაგონების უპირველესი წყარო მშობლიური აფხაზეთია და შესაბამისად, არერთი სიმღერა აქვს მისთვის მიძღვნილი.
 
პრეზენტაციაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ია მაისაიას სიმღერების ალბომის გამოსვლა მიულოცა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა. აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ ია მაისაია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა კი ის ნაყოფიერი საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, დიპლომით - „თამარ დედოფლის მედლით“ დააჯილდოვა.
 
ია მაისაიას შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრეს: მუსიკათმცოდნემ მაია დათუნაშვილმა, პოეტებმა მზია ხეთაგურმა, მაია კახიძემ და თამარ შაიშმელაშვილმა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ლიტერატურულ-შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ქარდავამ. ღონისძიებას მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი უძღვებოდა.
 
საღამოზე, მუსიკალურ კრებულში შესულ სიმღერებს ასრულებდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ბოკა კვეკვესკირი, თინათინ ჭულუხაძე, მამუკა პავლიაშვილი, ჯაბა მესტვირიშვილი, ანსამბლები: „მუხამბაზი“ და „მეცო“. კომპოზიტორი ია მაისაია საღამოზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდა და თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
 
სიმღერების ალბომის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქართული ინტელიგენციისა და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.