Russian English
„ჟიული შარტავას სახ. მშვიდობისა და ერთიანობის ეროვნული ალპინიადა - 2019“ სტეფანწმინდაში გაიხსნა
ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2019 - 00:13
ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა - 2019-ის ფარგლებში დაბა სტეფანწმინდაში სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა. შეჯიბრებები მეკლდეურობაში (კლდეზე ცოცვაში), თანამედროვე სპორტულ მკლავჭიდში და სიმძიმეების აწევაში შედგა. ღონისძიების ინიციატორი იყო ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ,,ჟიული შარტავას საზოგადოება“ და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია, შეჯიბრების ორგანიზატორი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
 
ჯერ კიდევ შარშან, ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გმირის სახელის უკვდავსაყოფად, ცნობილმა ალპინისტებმა აღმოსავლეთ კავკასიონის ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარე ერთ-ერთი მწვერვალი დალაშქრეს და მას საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა. ეს ინიციატივა - ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გმირის სახელის უკვდავსაყოფად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნოდა, ხოლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და მთამსვლელებმა. წლეულს მთამსვლელები უკვე მეორედ ავიდნენ ამ მწვერვალზე.
 
დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას ჟიული შარტავას გმირობის მაგალითი და მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ; ვახტანგ ყოლბაიამ, ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა; როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა და სხვ.
 
როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა: „ჟიული შარტავას მწვერვალს, იმ სიმაღლეს, რომელიც თავად გმირმა დაიპყრო, ამიერიდან ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი. შესაბამისად, ჟიული შარტავას ხსოვნის დღე ამიერიდან მარტოოდენ მისი ხსენების დღე კი არ უნდა იყოს, არამედ ამ დღეს უნდა დაუკავშირდეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენები“.
სწორედ ამ კონტექსტში, ამავე ალპინიადის ფარგლებში დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენელთა განცხადება „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ“ (იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში, დღეისათვის საქართველო 4 ნომინაციითაა წარმოდგენილი).
 
საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტექნოლოგიებისა და ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: გოგი თოფაძემ, ს.ს. ,,ყაზბეგის’’ პრეზიდენტმა, პ/მ ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა; ელდარ ნადირაძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარმა კურატორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა; ნოე ხოზრევანიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის ფაკულტეტის დეკანმა, მეცნიერებათა დოქტორმა და სხვ.
 
შეკრებას ესწრებოდა ინგუშეთიდან საგანგებოდ ჩამოსული დელეგაცია და შესაბამისად, ხაზგასმულად ითქვა ქართველი და ინგუში ხალხის ისტორიულად განსაკუთრებით თბილ ურთიერთობაზე.
აქვე გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნება - ,,ხრიდოლის“ საჩვენებელი გამოსვლა, ჟიული შარტავას სახელობის მემორიალის - მეკლდეურობაში, თანამედროვე სპორტულ მკლავჭიდში და სიმძიმეების აწევაში - გამარჯვებულთა დაჯილდოება.
დასასრულ სტუმრების მიღება გამართეს გოგი თოფაძემ და შალვა კერესელიძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.