Russian English
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“
ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2019 - 18:35

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გამართა.

დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: თამარ ბელაშვილმა, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა; ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ; რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა. კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ნონა ქარაია.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმძიმეს მდგომარეობას; ამ ძეგლების განადგურების, მათი ავთენტურობის გაქრობისა და შესაბამისად, იმ ძირძველი ქართული ტერიტორიებიდან ქართველის კვალის წაშლის მცდელობას; ამ ვანდალიზმის საერთაშორისო საზოგადოებრიობამდე მიტანისა და შესაბამისი საინფორმაციო ომის სათანადოდ წარმართვის აუცილებლობას.

სამეცნიერო კონფერენციაზე ამ დარგის მკვლევრებმა და მეცნიერებმა: ლია ახალაძემ (ეპიგრაფიკული ძეგლების დაცვის პრობლემები საქართველოში - საფრთხეები და გამოწვევები), ნინო დოლიძემ (კოლხური კულტურის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხები), ირაკლი გელენავამ (ენობრივი პოლიტიკა როგორც სეპარატიზმის იარაღი), გიორგი პატაშურმა (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა), გურამ ლეგაშვილმა (დოლისყანის ქტიტორთა გამორკვევისათვის), სალომე მელაძემ (ქსნის ხეობის ეკლესიათა შუა საუკუნეების მოხატულობები) წარმოადგინეს თავიანთი უახლესი შრომები კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე, მათი ამჟამად არსებული მდგომარეობის აღწერითა და შეფასებებით. გიორგი კობახიძემ, ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბის“ დამფუძნებელმა და გიორგი ქვაცაბაიამ, ამავე ორგანიზაციის წევრმა უჩვენეს აფხაზ თანატოლებთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტური ფილმი - „ბედიის მონასტრის წარსული და თანამედროვეობა“, ამასთანავე ისაუბრეს ამგვარი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები კრებულის სახით გამოიცემა და სასწავლო დაწესებულებებსა და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებს დაეგზავნებათ. კონფერენციას ესწრებოდნენ ამ მიმართულებით მომუშავე სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვ.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.