Russian English
ეს ბავშვები სოფ. ომალოდან არიან და გზაზე მგლების არ ეშინიათ!
ორშაბათი, 09 12, 2019 - 16:51
რამზან გორგიშვილი, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტიდან“ საკმაოდ საჭირბოროტო განცხადებას ავრცელებს:
ეს ბავშვები სოფ. ომალოდან არიან. საღამოს 7 საათია. ბნელა. გარეთ ცივა. სახლში მივდიოდი და გზაზედ შემომხვდნენ. სოფელ ხალაწანში, რომელიც დუისიდან 3 კმ სავალზეა. აქედან სოფ. ომალომდე კიდევ 3-4 კმ-ია. გათოშილები იდგნენ გზის პირას. სანამ ახლოს არ მივედი და ფარები არ მივანათე, მანამდე ვერ შევამჩნიე. მანქანა გავაჩერე და მაშინვე ფართხა-ფურთხით ჩაცვივდნენ. ერთი წინ ჩაჯდა და მაშინვე ჩარაზა კარი, ვაი და მეორეც არ მომყვესო უკან იფიქრა ალბათ. რომ, დარწმუნდა „საფრთხემ" ჩაიარა ფეხებგაშოტილმა შვებით ამოისუნთქა. დანარჩენები უკან მოთავსდნენ.
დუისში ვიყავით ძიუდოს დარბაზში, ვარჯიშიდან მოვდივართ. საღამოს ვრჩებით და იმის გამო, რომ ტრასპორტორება ჭირს, ფეხით გვიწევს უკან დაბრუნებაო.
კითხვაზე ყოველ ჯერზე ასე დადიოდნენ თუ არა, მიპასუხეს, რომ ადრე ტრანსპორტირება იყო გამოყოფილი, მაგრამ ის მარშუტკა აღარ მოდის. ზოგჯერ ვინ გაგვიჩერებს და ზოგჯერ ვინ. ხან ორის ადგილია და ვინც ყველაზე მეტად დაღლილია, მას გავაყოლებთო. ვუთხარი, აქეთ მხარეს ხომ ნაკლებად დადიან მანქანები, ჯოყოლოს მხრიდან ამოსულიყავით-მეთქი. ამაზე მიპასუხეს, რომ იქით მხარეს საღამოობოთ ცხვარია, ცხვარს კი ძაღლები დაჰყვებიან, ამიტომ აქეთ გვირჩევნიაო.
რამდენი დადიხართ ომალოდან, რომ ვკითხე, მიპასუხეს, ასე 10-11 ვიქნებით. ზოგი ჯოყოლოს მხრიდან წამოვიდა, ზოგი სწრაფად დადის და ისინი ალბათ უკვე სახლში იქნებიანო.
მერე მეკითხებიან, გზაზე მგელი რომ შეგხვდეს, რამეს გვიზავსო? თქვენც მგლები ხართ და რა უნდა დაგიშავოთ მეთქი. ამაზე შეგულიანდნენ და ხო ამდენნი ვართ, რომ შევესევით, გაიქცევაო.
მკითხველს ვეტყვი, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეს ბავშვები გზაზე შემომხვდნენ. მაგალითად, წინაზე უფრო მეტნი იყვნენ და ხელებს იქნევდნენ. სამწუხაროდ, ერთის ადგილი მქონდა მხოლოდ. ჯგუფიდან ერთი გამოიყვანეს, სიბნელეში გზაზე ქვას წამოკრა ფეხი, წაიქცა და ხელი იტკინა, ეს წაიყვანეო.
ყველას ვსაუბრობთ პანკისელი ახალგაზრდების წარმატებაზე ძიუდოში. თუმცა, ცოტა ვინმემ თუ ვიცით, რის ფასად უჯდებათ მათ ეს წარმატება.
ხეობაში არსებობს ერთადერთი ძიუდოს დარბაზი, რომელიც მდებარეობს სოფ. დუისში. ტრანსპორტირების პრობლემის გამო მოშორებით მდებარე სოფლებიდან ბავშვებს ფეხით უწევთ სიარული. ზოგმა მათგანმა კი ამის გამო საერთოდ დაანება სპორტს თავი.
რამდენჯერმე მივმართეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას ტრანსპორტირების გაოყოფის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.
იყო დაპირებები, რომ ომალოში ე.წ კლუბის შენობას სპორტდარბაზად გადააკეთებდნენ, მაგრამ ესეც დაპირებადვე დარჩა.
იქნება რაიმე მოვუხერხოთ ამ ბავშვებს. ზამთარი ახლოვდება. დღე მოკლდება. სიცივე გვეპარება. ძალიან გაუჭირდებათ“ - წერს რამზან გორგაშვილი
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.