წმინდა ნიკოლოზი, ანდა როგორც მას უწოდებენ, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი - ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია. ასეულ მილიონობით ადამიანი მას ყოველდღიურად მიმართავს ლოცვით და უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, თუ როგორ გამოუყვანია მისი ლოცვებით უფალს ადამიანები მძიმე გაჭირვებიდან.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი უძველესი დროიდან ითვლება მოგზაურების მფარველად და პირველ რიგში, მეზღვაურების. მის ცხოვრებაში აღწერილია შემთხვევა - ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობისას, წმინდა ნიკოლოზი ალექსანდრიაში გაემგზავრა სასწავლებლად. მგზავრობისას ხომალზე ტრაგედია დატრიალდა: ერთ-ერთი მეზღვაური გემის ანძიდან გადმოვარდა და დაიღუპა. გულმხურვალე ლოცვის შემდეგ, უფალმა სასწაული მოავლინა და მეზღვაური გააცოცხლა.
წმინდანი ეხმარება ქალებს გათხოვებაში. ერთ ღარიბ კაცს სამი ქალიშვილი ჰყავდა და არ ჰქონდა მათი გამზითვების საშუალება. ოჯახი როგორმე რომ გამოეკვება, გადაწყვიტა ისინი საროსკიპოსთვის მიეყიდა. როგორც კი ამის შესახებ შეიტყო ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, ღამით ჩუმად მიიპარა კარებთან და საკუთარი დანაზოგი ღარიბ კაცს სახლში შეუგდო.
პატიმრებისა და უსამართლოდ მსჯავრდებულთა მფარველიც არის წმინდა ნიკოლოზი. ერთხელ წმინდანი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა მოედანზე, სადაც სამ პატიმარს სიკვდილით სჯიდნენ და მაჯაში სწვდა ჯალათს, რომელმაც ხმალი აღმართა სიკვდილმისჯილთა თავზე. არავის არ შეუკადრებია ყველასგან პატივცემული ეპისკოპოსისთვის, თუ რატომ მოიქცა ასე და წამება გადადეს. სულ მალე კი, მსჯავრდებულთა უდანაშაულობის დამამტკიცებელი ფაქტები გამოვლინდა.
არამარტო უსამართლოდ მსჯავრდებულთა, არამედ რეალური დამნაშვეების ლოცვებსაც შეისმენს წმინდანი და ეხმარება მათ შეჭირვებაში.
ეს ისტორია კი მოხდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ 1920 წელს, ჩინეთის ქალაქ ხარბინში. ადრეულ გაზაფხულზე ადგილობრივი მაცხოვრებელი სათევზაოდ გაეშურა. ზღვაში გასვლისას ყინული ჩატყდა და ნავმა ჩაძირვა დაიწყო. ბოლო მომენტში მეთევზეს გაახსენდა იდუმალი გამოსახულება ქალაქის ვაგზალზე, რომელიც რუსმა ემიგრანტებმა ჩამოკიდეს. „ვაგზლის მოხუცო! მიშველე, დამეხმარე“ - ერთი აღმოხდა მეთევზეს და გონება დაკარგა. გონს კი უკვე ნაპირზე მოეგო. ამ ჩინელმა მართლმადიდებლობა მიიღო და მის მაგალითს მიჰყვა რამდენიმე მეგობარი-თანამემამულე.
წმინდა ნიკოლოზი გახლდათ ღრმადმორწმუნე ადამიანი, რომლის მიმართვა უფლისადმი გასაოცარი გულწრფელობით გამოირჩეოდა. ამიტომაც უფალი არასოდეს ტოვებდა მის ლოცვებს უპასუხოდ. წმინდანის მიწიერი გარდაცვალების შემდეგ ეს კავშირი უფალთან კიდევ უფრო გამყარდა და დღეს, ყველა ადამიანს შეუძლია იქონიოს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დახმარების იმედი. ლოცვები არასოდეს არ რჩება უპასუხოდ.
მათ ვისაც აინტერებს, როგორი იყო წმინდა ნიკოლოზის მიწიერი ცხოვრება, ესეც წაიკითხეთ.
წმინდა ნიკოლოზი, მირონ - ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის ქ. პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე), ქრისტეს შობიდან III საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. მისი მშობლები თეოფანე და ნონა - დიდგვაროვნები იყვნენ, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ ჰყავდათ. უფალს აღთქმა დაუდეს: თუ კი შეეძინებოდათ შვილი, მას ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეიწირა მათი კეთილი საქმეები და ხანშიშესულ მშობლებს შეეძინათ ბავშვი. გადმოცემის თანახმად, ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას, ახალშობილი ყრმა სხვათა დაუხმარებლად, დამოუკიდებლად იდგა ემბაზში სამი საათი. ნიკოლოზს სიყრმიდანვე უყვარდა ლოცვა და ეკლესიაში სიარული. ყრმობიდანვე გამოირჩეოდა გაჭირვებულეთადმი მზრუნველობით: არც ერთ უპოვარსა და გაჭირვებულს ისე არ ჩაუვლიდა, რომ არ შეწეოდა და სანუგეშო სიტყვა არ ეთქვა მათთვის. წმინდა ნიკოლოზის ბიძამ როდესაც იხილა ძმისწულის საღმრთო მოშურნეობა, ჯერ მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმინდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმინდა ნიკოლოზზე მიუთითა და უთხრა: ,,ძმანო, მე ვხედავ ამომავალ მზეს, ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინის ცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქმნება”.
ხელდასმიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ წმინდა ნიკოლოზის ბიძა იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად და თავის ძმისშვილს დაავალა ეპარქიის გამგეობა. წმინდა ნიკოლოზი ამას მთელი პასუხისმგებლობით შეუდგა. ბიძის დაბრუნების შემდეგ კი თავად გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად. იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა თაყვანისცა ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ადგილს და სამოღვაწეოდ უდაბნოში გასვლა გადაწყვიტა. თუმცა, სხაგვარი აღმოჩნდა ღვთის ნება: უფალმა მოუწოდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ წმინდა სიონის სავანის ძმობაში შესვლა გადაწყვიტა, მაგრამ უფალმა კვლავ მოუწოდა ერში გასულიყო და ხალხი განემტკიცებინა ქრისტიანობაში. წმინდა ნიკოლოზს საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი სამღვდელმთავრო ომოფორი გადასცა.
იმ პერიოდში ქალაქ მირონის მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილიყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა. შეკრებილ ეპისკოპოსთაგან ერთერთს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ღამით ტაძრის კარიბჭესთან დამდგარიყო: ,,პირველი ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია”. ღვთის განგებით ამდროს წმინდა ნიკოლოზი ქალაქ მირონში იმყოფებოდა და ჩვეულებისამებრ ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვაზე დასასწრებად. როდესაც კართან მდგომმა ეპისკოპოსმა წმინდა ნიკოლოზის სახელი შეიტყო, მღვდელმთავრებს წარუდგინა და საღვთო ხილვა აუწყა. ,,მიიღეთ ძმებო, თქვენი მწყემსთავარი, რომელიც თავად სულიწმინდამ გამოირჩია თქვენს ეპისკოპოსად”.
მირონ-ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც წმინდა ნიკოლოზი განაგრძობდა მოსაგრე ცხოვრებას და სამწყსოს სიმდაბლის მაგალითს აძლევდა.
ამდროს იმპერატორმა დიოკლეტიანემ დაიწყო ქრისტიანთა უსასტიკესი დევნა. წმინდა ნიკოლოზი უშიშრად და დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანობას, რისთვისაც შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც დიდხანს იყო და მოთმინებითა და მადლიერებით იტანდა შეურაცხყოფას, შიმშილსა და წყურვილს. ქრისტიანთა დევნა იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს დასრულდა და ყველა ქრისტიანი, მათშორის წმინდა ნიკოლოზიც, გაათავისუფლეს საპყრობილიდან.
ზოგიერთი ცნობის თანახმად, წმინდა ნიკოლოზი 325 წელს ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა. იგი მტკიცედ იცავდა ქრისტიანობას არიოზის ერესისაგან და გადმოცემის თანახმად, ვერ გაუძლო არიოზის ღვთისმგმობელ სიტყვებს და მას კვერთხი ჩაარტყა. ამის გამო წმინდანს სამღვდელმთავრო პატივი აჰყარეს. მაგრამ მოხდა სასწაული: რამდენიმე ეპისკოპოსმა საღვთო ჩვენებით იხილა, რომ წმინდა ნიკოლოზს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით, მეორე მხარეს კი დედა ღვთისმშობელი ომოფორით. ამ სასწაულებრივი ჩვენების შემდეგ უფლის რჩეულს დაუბრუნეს სამღვდელმთავრო პატივი.