Russian English
2020 წლის ცენტრალური ნაძვის ხეების ფასები მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში
შაბათი, 28 12, 2019 - 20:44
მთელი მსოფლიო  აქტიურად  ემზადება ახალი წლის შესახვედრად.  საახალწლო დღესასწაულის წარმოდგენა კი შეუძლებელია მისი მთავარი ატრიბუტის - ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხის გარეშე. 
 
ჩვენი მეგობარი უკრაინიდან თუ დავიწყებთ, ქალაქის მერიამ კიევის ცენტრალური ნაძვის ხე 19 დეკემბერს გახსნა სოფიის მთავარ მოედანზე. ნაძვის ხის სიმაღლე 20 მეტრზე მეტია და მისი აღჭურვისთვის 400-ზე მეტი ფიჭვისა და სოჭის ტოტები იქნა გამოყენებული. ის მორთულია 750 ნაძვის ხის სათამაშოთი და 4 კმ-ის სიგრძის მქონე ნაირფერი გირლანდებით. ქალაქის მერიას საახალწლო ნაძვის ხე 111 000 დოლარი დაუჯდა.
 
ნიუ-იორკის მთავარი საახალწლო ატრიბუტი გახლავთ მანჰეტენზე, როკფელერის ცენტრში აღმართული ნაძვის ხე, რომელიც ქალაქის მერიამ 4 დეკემბერს ააბრდღვიალა. ცნობისთვის, ყველაზე მდიდარ უბანში ნაძვის ხის  აღმართვა თავის დროზე  ნიუ-იორკელი მუშების ინიციატივა იყო, რომლებიც როკფელერის ცენტრის მშენებლობაზე მუშაობდნენ და დასრულებისას, ცენტრის წინ წიწვოვანი ხე დარგეს. როკფელერის ცენტრში დადგმული  ნაძვის ხე  კონკრეტულ გაბარიტებში უნდა ჯდებოდეს - ის არ უნდა იყოს 20 მეტრზე დაბალი და 10,5 მეტრზე ნაკლები სიგანეში. 
წლევანდელი ხე 23 მეტრის სიმაღლის გახლავთ და მორთულია 8 კმ-ის სიგრძის გირლანდებით, რომლის კენწეროს ამშვენებს გიგანტური, 70 წვეროიანი ბროლის ვარსკვლავი. ვარსკვლავი  კომპანია Swarovski-ს ოსტატების მიერ არის დამზადებული. ნიუ-იორკის ნაძვის ხე -132 000 დოლარი დაჯდა.
 
რაც შეეხება ვაშინგტონი ნაძვის ხეს (120 000 დოლარი), ის 1923 წლიდან  მოყოლებული თეთრი სახლის წინ იდგმება და ტრადიციულად, მის გახსნას პრეზიდენტი და პირველი ლედი ესწრებიან.  თეთრი სახლის ნაძვის ხეზე 50 000 ნათურა და 450 დიდი თეთრი ვარსკვლავია განთავსებული.
 
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ცნობილ პარკში - ტივოლიში ერთობ უცნაური ნაძვის ხე დადგეს. იგი წვეროდან ძირამდე Swarovski -ს თვლებით არის შემკული, რაც მთავრობას 150 000 დოლარი დაუჯდა.
 
ლონდონში საახალწლო ნაძვის ხე 5 დეკემბერს გაანათეს, რომელიც მანამდე ნორვეგიიდან ჩამოიტანეს. წელს ის ტრაფალგარის მოედანზე აღმართეს. ხის სიმაღლე 21 მეტრია და ცოტა არ იყოს, მოკრძალებულად გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, ლონდონის მოსახლეობა დიდად აღფრთოვანებული თავიანთი მთავარი ნაძვის ხით არ არის და მას უსახურს უწოდებენ. რაც არ უნდა იყოს, ლონდონის მუნიციპალურ მთავრობას მასში ერთი შილინგიც არ გადაუხდია - აჩუქეს! ნაჩუქარ ცხენს კი კბილი არ გაესინჯება.
 
ლიტვის მთავარი ნაძვის ხე მორთულია ჭადრაკის ფიგურებით, ასევე თეთრი და ცისფერი ნათურებით. როგორც ვილნიუსის მერი აცხადებს, მას სერიოზული პრეტენზია აქვს, რომ მისი ნაძვის ხე  ევროპაში ყველაზე ლამაზად აღიარონ. ამიტომაც წელს მასზე ყველაზე დიდი თანხა - 210 000 ევრო დაიხარჯა.
 
ავსტრალიამ კი, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა და უზრუნველყოფილმა ქვეყანამ, ნაძვის ხედ გადაწყვიტა წლის სიმბოლო გამოეყენებინა და ვინაიდან კონტინენტზე ჰექტრობით ტყეები გადაიწვა, მთავრობამ  „დამწვარი ხის“ ინსტალაცია დადგა. ეს უკანასკნელი შექმნილია ავსტრალიის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოტანილი კუნძების, ტოტებისა და ბუჩქებისგან, რაც ჯამში 32 ათასი ავსტრალიური დოლარი დაჯდა.
 
 როგორც ხედავთ, კახი კალაძის რეკორდი ვერავინ მოხსნა  - ვერც ამერიკამ, ვერც დანიამ, ვერც ავსტრალიამ... სილამაზისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხის პრეტენდები ნამდვილად ვართ. კიდევ ერთი დეტალი -  აბსოლუტურად მთელს მსოფლიოში ძირითადი თანხა მიდის არა ნაძვის ხის შესყიდვაში, არამედ მორთულობაში. მაგალითად, ნიუ-იორკში 132 000 დოლარიდან 65%  წავიდა მორთულობაზე. ასე რომ, თუ კალაძის ნაძვის ხე კიდევ უნდა მოირთოს, თქვენ მერე ნახეთ...  როგორც „კაპიტან ვრუნგელის თავგადასავალშია“, ხომ გახსოვთ - მი ბანდიტროб განგსტერიტო...
 
Мы фиато разъежато Целый день в кабриолето, o yes!
Постоянно пьем чинзано, Постоянно сыто-пьяно, o yes!
Держим в банко миллионо И плеванто на законо, o yes!
ეგრეა ჩვენი იტალიანოს და მისი ნაძვის ხის ამბავიც!  
 
 
(ფოტოზე: ნაძვის ხეების თანმიმდევრობა ქალაქების მიხედვით:  ვილნიუსი (მთავარ ფოტოზე), ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ლონდონი, კოპენჰაგენი, კიევი, ავსტრალია, თბილისი)
 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.