თავდაპირველად, თვალში გეცემა სკოლის არქიტექტურა და გული გწყდება, რომ ასეთი რამ პირველად დედაქალაქში არ აღიმართა. მეორე წამს, გული სიამაყით გევსება, რომ რეგიონში დაიბადა ასეთი კრეატიული იდეა და განხორციელდა კიდეც.
ჯიჯი-გიმნაზია 2011 წელს ჯიმშერ ღურწკაიას მიერ ყოფილი მეშვიდე საშუალო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა. სკოლამ ფუნქციონირება 2013-2014 სასწავლო წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა და ავტორიზაცია მიიღო.
აღნიშნული საინვესტიციო პროექტი ჯიმშერ ღურწკაიამ მამას, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელს - ალექსანდრეს ღურწკაიას მიუძღვნა. 2013 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა მამა-შვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ჯიჯი-გიმნაზიას განათლების საბუნებისმეტყველო-საინჟინრო მიმართულება აქვს აღებული, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ და გამოიყენონ ცოდნა, განივითარონ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები წამყვანი ევროპული ფირმების მიერ წარმოებული დანადგარებითა და ინვენტარით აღჭურვილ ლაბორატორია -კლასებში. აქვე არის სპორტული დარბაზი და მოედნები, პანსიონი, ანსამბლი "ჯიჯიელები", საბავშვო ბაღი -"ჯიჯი-ბალღი" და ა.შ.
რაც მთავარია - მარცხნივ, მარჯვნივ, გარეთ, შიგნით... მოსწავლეები ყოველი მხრიდან თავიანთი საყვარელი წიგნებითა და ლიტერატურული გმირებით არიან გარშემორტყმულნი. სწორედ, ამიტომ მსოფლიოს ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ ის თავის გზამკვლევშიშეიყვანა.