Russian English
პანდემიის დასრულებას მერია ახალი მიკროავტობუსებით შეხვდება
ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2020 - 22:31

2019 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა 927 მილიონ ლარს შეადგენდა, რომელიც სპეციალური ტრანსფერისა და ნაშთების კომბინაციით 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს,  იგი 1 მილიარდ 20 მილიონი ლარია, რომელიც 2019 წლიდან გადმოტანილი ნაშთის შემდეგ 1 მილიარდ 160 მილიონი ლარი იქნება. აქედან, 256 მილიონი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ავტობუსების შესაძენად გამოყოფილი სესხია.

საბოლოო ჯამში, თბილისის 2020 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების ღირებულების ჯამი დაახლოებით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარი დაჯდება.

ვიცე მერის - ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 1 მილიარდ 20 მილიონიანი ბიუჯეტის პროექტიდან, 980 მილიონი ლარი თბილისის საკუთარი შემოსავლებია, რომელშიც შედის გადასახადები, ქონების გადასახადი, სპეციალური ტრანსფერი - 90 მლნ ლარი და ასევე, პრივატიზაცია, რომელიც 40 მლნ ლარს შეადგენს.

უკვე მიღწეული შეთანხმება სამარშრუტო ტაქსების კომპანიასთან, რათა ტარიფის ზრდის გარეშე მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყოს. აღნიშნული პროგრამისთვის 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომლითაც 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა მოხდება. ეს თანხები მთლიანად შეტანილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში, ტედნერი გამოავლენს გამარჯვებულებს  და სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ უკვე ახალი მიკროავტობუსები ივლიან ქალაქში. თანხები უკვე მობილიზებულია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშეკმრების მოწყობისთვის. ტენდერი 20 იანვარს დასრულდა, თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ 2020 წლის პროექტი. გაზშემკრების მშენებლობა 2020-2021 წლებში გაგრძელდება და ბიუჯეტის ფორმირებაც იმის მიხედვით მოხდება. ამ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იგეგმება ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მისამართის რეაბილიტაციის დასრულება, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია,  ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ჯორჯაძის, თაბუკაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაცია, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ორი შენობის რეაბილიტაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის დაწყება, დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 17 მლნ ლარია გათვალისწინებული. ასევე, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულება, ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება, გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება, ქეთევან წამებულის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე არსებული ხიდის მშენებლობის დაწყება, ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, ვარკეთილისა და დიდი დიღმის მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის დასრულება, ლილოს დასახლებაში - სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე საცურაო აუზის მშენებლობა. 12 მლნ ლარი თემქის ხევის, ვაკის პარკისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა.

2020 წელს  ჩაშვებულია ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტების გაგრძელება. კერძოდ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები და გამოავლინა ის შენობები, სადაც რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვების შენობიდან გაყვანა გახდა საჭირო. აქედან გამომდინარე, 2020 წელს დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, რათა 26 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოხდეს. ზოგ შემთხვევაში, უკვე არსებული ბაღის დემონტაჟი და ახალი, უსაფრთხო შენობის აშენებაა გათვალისწინებული.

2020 წელს გაგრძელდება მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტი, რომლისთვისაც 12 მლნ ლარია გამოყოფილი. EBRD-ის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტი დამატებით, მეტროს 10 ახალ მატარებელს შეისყიდის.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.