Russian English
სუფთა კოლხური გვარები და შტოგვარები - წარმომავლობის ადგილები
პარასკევი, 19 მარტი, 2021 - 13:59
გვარი განსაკუთრებული ანთროპონიმული კატეგორიაა. მისი, როგორც ენობრივი და სოციალური ფენომენის ისტორია, ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით შეიძლება VII საუკუნიდან აითვალოს. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია „შტოგვარი“, „ქვეგვარი“ და „მეტგვარი“. გვარის დანაყოფის (შტოგვარის) სახელწოდებას სამეგრელოში „თური“ (მოგვარე, ტომის, მოდგმის წარმომადგენელი), „გიმნარყი“ (გამონაყოფი, განაყოფი), „გიმნაჭყანი“ (შთამომავალი, შთამომავლობა), „ნარყი“ (გამონაყოფი; გამონაყარი; შთამომავალი), „ნოცო“ (ნაყარი, განშტოება), „დინო“ (დიდი პაპის შთამომავლობა ერთ გვარში, ახლობლობა, სისხლით ნათესაობა), „საჯიმალო“ (საძმო), „საჯიმაკოჩო“ (საძმაკაცო, საძმო), „საბიძისქუალო“ (საბიძაშვილო, საახლობლო) ეწოდება. გვარი და შტოგვარი შეიძლება იყოს ეპონიმური (მამის ან მამის ხაზით წინაპრის, გვარის საფუძვლის ჩამყრელის სახელისგან ან მეტსახელისგან მომდინარე), ეთნონიმური (ეთნოსიდან წარმოქმნილი), გეოგრაფიული (წარმომავლობა-სადაურობის აღმნიშვნელი) და პროფესიული (გარეგნული ან შინაგანი ნიშნის (ქცევა-მანერის, მისწრაფების) მიხედვით შერჩეული სახელი-დახასიათება, ხელობა-მოსაქმეობის ამსახველი, სოციალური სტატუსის გამომხატველი და სხვ.).
MediaCity იწყებს ქართული გვარების და ამ გვართა დანაყოფების (შტოგვარებზე) საინტერესო  მიგნებების გამოქვეყნებას, რომლებიც ქართველ მეცნიერებს, ი.კეკელიას და  ა.ფონიავას ეკუთვნით („კოლხური გვარებისა და შტოგვარების ეთნოისტორიისათვის“). 
 
გაბუნია - ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარია. ქვეყნის მასშტაბით 46-ე ადგილი უჭირავს. გაბუნიები ცხოვრობენ ბანძაში, გეზათში, სუჯუნაში, ორსანტიაში, ჩხორიაში, ქვ. ქვალონში, ნაჯახაოში, დიდ ნეძში, მარანში, შამგონაში, თამაკონში, კურზუში, წალენჯიხასა  და ა. შ. ლეგაბ(უ)ნე ტყე-ფერდობების სახელწოდებაა ახუთში, ოწყარიის მარცხენა ნაპირას; საგაბუნიო უბანი იყო აბედათის თემის საკრებულოში (ლექაჯაიე), რომელსაც დღეს ეწოწონეს (საწოწონავო) ეძახიან. ეს უბანი უწინ კინტირაიების გვარით ყოფილა დასახლებული, რომლებიც ბანძელი გაბუნიების ყმები ყოფილან. ბანძელი გაბუნიები ფაღავების აზნაურები იყვნენ  ს.ჯანაშიას გაბუნია ორმაგი სუფიქსაციით წარმოქმნილ გვარად მიაჩნდა, სადაც გამოყოფდა გაბ- ფუძეს და -უნ (საერთო ქართველური -ან სუფიქსის მეგრული ვარიანტი) და -ია სუფიქსებს. გ.ელიავას ვარაუდით გაბუნია გაბის პატრიარქალული ძირიდან უნდა მოდიოდეს. ბანძელი გაბუნიების გადმოცემით, ისინი სვანეთიდან ჩამოსახლებული გაბიანები არიან (შდრ. გაბუევი, გაბულდანი, გაბუნიძე, გაბია). გვარის ეტიმოლოგიის შესახებ ხალხური განმარტება ასეთია - „გაბუნიავა კეკეია დო ფაღვა“ შკას გააბუნია“ (გაბუნია კეკელიასა და ფაღავას შუაა გაკიდულიო), ე.ი. კეკელიას ძმობას ეფიცება, ფაღავას კი - ყმობასაო 
 
კეკელია - გვარის ძირითად სამკვიდროს ბანძა (მარტვილის რ.) წარმოადგენს.  ძველ ქართულში კეკელა მეტსახელი იყო და "ლამაზს, შნოიანს, კოხტას” ნიშნავდა. მდ.აბაშის მარცხენა ნაპირას, კეკელიებით დასახლებულ სოფელს ეკეკეე/ლეკეკელე (საკეკელიო) ეწოდება. კეკელიები ცხოვრობენ თბილისში, მარტვილში, ზუგდიდში, ქუთაისში, ღანირში, ჯიხაშკარში, ვედიდკარში, ჯოლევში, ნაგვაზაოსა და სხვაგან. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარში სულთა რაოდენობით 826-ე ადგილზეა. გვარების - კეკელიას, კეკელიძის, კეკენჯიას, კეკუსაძის, კეკუსანიძის, კეკუტიას, კეკუას, კეკურიას, კეკოშვილის, კეკიშვილის, კეკიეშვილის, კეკენაძის, კეკელიშვილის, კეკელაშვილის, კეკეიშვილის ამოსავალს სამეგრელოსა და, საერთოდ, საქართველოში გავრცელებული პირსახელები - კეკე, კეკელა, კეკუ, კეკუელა, კეკუია უნდა წარმოადგენდეს. ბანძელი კეკელიებისგან მიღებული ინფორმაციით, ისინი ზემო იმერეთიდან, ხარაგაულიდან ჩამოსახლებული კიკნაძეები ყოფილან. ექიმი გრიგოლ ანტონის ძე კეკელია იგონებს: „ეს კიკნაძეები ყოფილან ხარაგაულის აზნაურები, შეძლებულნი, ამაყი, თავმომწონე და დიდი უფლებების მქონე, თამოყვარეობის ძირითადი დამცველნი; იტყოდნენ თურმე: „კიკნაძესავით არის ჩაცმული, კიკნაძესავით ამაყობსო“. როგორც გადმოგვცემენ, კიკნაძეს მოსვლია შეხლა თანამდებობის კაც წერეთელთან ლხინში თუ რაღაც საქმისათვის, და მოუკლავს წერეთელი. ეს სახიფათო ყოფილა კიკნაძისათვის. თავი რომ დაეცვათ, აყრილა მთელი ოჯახი იმერეთიდან და თავი შეუფარებიათ დადიანისათვის. წარუდგნენ რა მთავარ დადიანს, მოახსენეს თავიანთი უბედური შემთხვევის შესახებ და მოითხოვეს მფარველობა; დადიანს გაუცია განკარგულება, რომ ეს კარგი, „კეკელია ბიჭები“ დაესახლებინათ კარგ ადგილას. ისინი დაუსახლებიათ ბანძაში, ეკლესიის ახლოს 
 
პატარაია - მრავალრიცხოვანი გვარია. გავრცელებულია მარტვილში, სოფელ ბანძაში, აბედათში, ვედიდკარში, ნაჯახაოსა  და ნოსირში. პატარაიები ცხოვრობენ გურიაშიც. პაატა ცხადაიას მოსაზრებით გვარს საფუძვლად დასდებია პირსახელი პატარ, პატარა, პატარაი, რომელიც ისტორიულ საბუთებში იხსენიება. საერთო ფუძე ეძებნება საქართველოში გავრცელებულ გვარებთან -პატარაძე, პატარავა, პატარაშვილი, პატარიძე, პატარია. 
 
წოწორია - გვარი განსახლებულია მარტვილში, ინჩხურში, ხუნწში, დიდ ჭყონში, კეთილარში, სუჯუნაში, აბაშაში, თბილისსა და სხვაგან.  პ. ცხადაია გამოყოფს წოწორ- ფუძეს და „მაღალი, აწოწილი კაცის“ მნიშვნელობით გაიაზრებს. წოწო, წოწუ, წოწოლი კოლხეთში გავრცელებული პირსახელებია და ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა გვარს დასდებოდა ფუძედ. წოწორიების ძირძველი სამკვიდრო სოფელი ინჩხურია (მარტვილის რ.), აქაურ წოწორიებს „რკინაჭკადუებს“ (რკინის მჭედლები), „რკინის კაცებს“ ეძახიან. 
 
ჯღარკავა (ადგ. გამოთქმით - ჯღარკა) - ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარია. რაოდენობით მარტვილის რაიონში მეცხრე ადგილზეა, სამეგრელოში - 50-ე ადგილზე.  პ.ცხადაია გვარ ჯღარკავაში გამოყოფს ზმნურ ფუძეს - ჯღარკ, რაც უშნოდ, უხეიროდ, ულაზათოდ გაკეთებულის აღმნიშვნელია. ჯღარკი იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში ძველ, დაგლეჯილ ფეხსაცმელს, ჯღანს ნიშნავს. ამ სიტყვას გურულ დიალექტში მეორე მნიშვნელობაც შეუძენია: „ჯღარკ-ი - უსწორმასწორო. გადმოცემით, ამ გვარისკაცნი მეჯღანეები იყვნენ - „კანჩაფიას ჭანდეს - ქალამანს, წუღას კერავდნენ“. 83 წლის ნაგვაზაოელმა შალვა ხარლამპის ძე ჯღარკავამ გვიამბო: „ნაგვაზაოელი ჯღარკავები წარმოშობით სვანეთიდან არიან - ჯაიანები. ერთ-ერთ ჯაიანს იქ კაცი მოუკლავს და სამეგრელოში გამოქცეულა. ჯღარის (ხარდანი; კავებიანი დიდი ხე, ტოტებიანი შტო) ძირში დასძინებია დაღლილსა და მშიერ-მწყურვალს. შემდეგ გვარი ჯღარკად გადაუკეთებია“. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, შალვა ლევანის ძე ჯღარკავა (დაბადებული 1922 წელს, სოფ.ლეხაინდრაოში) გვიამბობდა, რომ გვარს ფუძედ დასდებია მეგრული სიტყვა „ჯღარუ“, „ჯღარკუნტი“ - ჭროღა, ჭრელი). ამ გვარის წარმომადგენლები ჭროღა, ჭრელთვალება ხალხი იყოო. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელობა შეიძლებოდა გვარს დასდებოდა საფუძვლად. 
ოფიციალური გვარის შიგნით ადგილობრივი (არაოფიციალური) ვარიანტის შექმნას გვარის მრავალრიცხოვნებით გამოწვეული გარჩევის აუცილებლობა, სოციალური, ყოფითი ცხოვრება და შინაგანი მახასიათებლები განაპირობებდა. ამასთანავე, ამა თუ იმ პირის მოდგმა-შთამომავლობა ქმნიდა ერთობლიობას მონოგენური დასახლების სახით. დროთა განმავლობაში ამ ადგილზე მოსახლე ოჯახების გვაროვნულ-გენეტიკური ერთიანობა მოიშალა, მაგრამ სხვადასხვა მემკვიდრეობითი სახელის მატარებელთა შორის ნათესაური ურთიერთობა მაინც შენარჩუნდა.
 
გაგრძელება იქნება 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.