Russian English
ახალი სიტყვა ქართულ სამედიცინო ლიტერატურაში -„ლიმფური კვანძის სამყარო“
ოთხშაბათი, 29 სექტემბერი, 2021 - 10:36

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სასიამოვნო სიახლე ელით - გამოვიდა პროფ. ზაზა ავალიანის, თავისი მნიშვნელობით მასშტაბური ნაშრომი - „ლიმფური კვანძის სამყარო“. თუ რას ეხება წიგნი და ვისთვის შეიძლება იქცეს ის ერთგვარ სამაგიდო  წიგნად, ამის შესახებ MediaCity.Ge-ს თავად ავტორი, ჯანდაცვის ექსპერტი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის დირექტორი, პროფ. ზაზა ავალიანი  ესაუბრება.

- ბატონო ზაზა, რას ეხება თქვენი ნაშრომი და რა კატეგორიის მკითხველისთვის არის განკუთვნილი?
- ნაშრომი ეხება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას - ლიმფურ კვანძში განვითარებული ჰისტომორფოლოგიური ცვლილებების შეფასებას და მის დიაგნოსტიკურ ღირებულებას. სხვადასხვა მიზეზით გადიდებული ლიმფური კვანძი ხშირ შემთხვევაში ავადმყოფობის ერთადერთი ხილული გამოვლინებაა და მისი სწორი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია ავადმყოფობის განვითარების ადრეულ ეტაპზე. ნაშრომი დარგის სპეციალისტთა და პრაქტიკოს მედიკოსთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის მომავალი მედიკოსებისთვის.
 
- უდევს თუ არა წიგნს საფუძვლად საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც თქვენი მოღვაწეობის განმავლობაში დააგროვეთ?
- რასაკვირველია, ნაშრომს საფუძვლად დაედო ავტორის მრავალწლიანი კლინიკური საქმიანობის პროცესში მიღებული გამოცდილება, აგრეთვე სხვა კოლეგებთან და სხვადასხვა, მათ შორის,  საერთაშორისო კვლევით პროექტებში, სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით გაზიარებული გამოცდილება.
 
- რას შეიტყობს მკითხველი ახალს ნაშრომის გაცნობის შემდეგ?
-  მკითხველი გაეცნობა დიდ და მრავალფეროვან კლინიკურ და ექსპერიმენტულ მასალას, რაც საშუალებას მისცემს მასშტაბურად განაზოგადოს იმ ავადმყოფობათა მატერიალური საფუძვლები, რასაც თან სდევს ლიმფური კვანძების სახეცვლილება. მიეცემა საშუალება შექმნას ერთგვარი დიაგნოსტიკური ალგორითმი, რომლის მიხედვით შეეძლება დასვას სწორი დიაგნოზი, შეაფასოს ავადმყოფობის განვითარების მექანიზმი და შეიმუშაოს კლინიკური მართვის რაციონალური სტრატეგია.
 
- გეგმავთ თუ არა თარგმანს და რა ენებზე?
- მომავალში იგეგმება ნაშრომის თარგმნა ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
 
- როგორც ვიცი, „ლიმფური კვანძის სამყაროს“ რეცენზენტების საკმაოდ მაღალი შეფასება მოჰყვა?
- დიახ, ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს დარგის აღიარებულმა ლიდერებმა - აკადემიკოსებმა თამარ დეკანოსიძემ, ნინო ჯავახიშვილმა, ბორის კორსანტიამ, რამაზ ხეცურიანმა, ირინე კვაჭაძემ, პროფესორებმა - რევაზ კაპანაძემ, დიმიტრი კორძაიამ, გიორგი ბურკაძემ, დინარა კასრაძემ.
 
- რამდენად შეიძლება ეს წიგნი სასარგებლო იყოს სტუდენტებისთვის? 
- პრაქტიკული მედიცინითა და კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის შესაძლოა ნაშრომი ერთგვარ სამაგიდო წიგნადაც იქცეს.
 
წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ „ბიბლუსის“ ქსელში, ასევე „ლიბრას“ და „პარნასის“ მაღაზიებში.
დისტანციურად შეძენის მსურველთათვის:

http://laterna.ge/?cat=79&show=26570#.YVRDk9dR3IU

https://booksale.ge/book/limfuri-kvandzis-samyaro


 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.