Russian English
თამარ კიკნაძე: „ახალ მულტიპოლარულ სამყაროს ორი სახელმწიფო ჩაუდგება სათავეში“
პარასკევი, 11 ნოემბერი, 2022 - 08:14

2007 წელს, მიუნჰენში გამართული კონფერენციის შემდეგ, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების კარდინალური ცვლილება დაიწყო. ამის შესახებ, MediaCity.Ge ესაუბრება სტუ-ს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. თამარ კიკნაძე:

-    ზოგადად, მსოფლიოში დაძაბული ვითარებაა, რაც საქართველოზეც აისახება. დღეს-დღეობით სამყარო ახალი წესრიგის ფორმირების სტადიაშია, რომელიც გარკვეული  სირთულით გამოირჩევა. მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენ მონოპოლარული  სამყაროდან გადავდივართ მულტიპოლარულ სამყაროზე. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ერთადერთი სუპერ სახელმწიფო, რომელიც აყალიბებდა წესრიგს და დანარჩენ მსოფლიოს თავის თამაშის წესებს სთავაზობდა, იყო ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აღნიშულ ე.წ. ზესახელმწიფოს აქვს ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი.
-    ამ ციკლის არსებობა ისტორიული კანონზომიერებაა თუ მას გარკვეული გეოპოლიტიკური პროცესები უძღოდა წინ?
-    ორივე ერთად! ამასთან დაკავშირებით, შემიძლია მოვიყვანო რამდენიმე თეორია. მათ შორის კაპლანის თეორია, რომლის მიხედვითაც,  ჰეგემონი ქვეყნების დანახარჯები ძალიან დიდია ნებისმიერი მიმართულებით. ამის გამო, დროთა განმავლობაში ეს ჰეგემონი თანდათან სუსტდება და ჩნდება ჩელენჯერი, რომელიც კონკურენციის გაწევას იწყებს.
-    და რომელია ეს ქვეყანა, რუსეთი?
-    თავდაპირველად, ასეთი ქვეყანა აღმოჩნდა ჩინეთი. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები არც თუ ისეთი მარტივია.
-    უცნაურია! არადა, ამერიკული ქარხნებისა და ფაბრიკების  დიდი ნაწილი ჩინეთშია განთავსებული?
-    დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთგადაბმულები არიან. მეტსაც გეტყვით - თავის დროზე, ჩინეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად დაანგრიეს საბჭოთა კავშირი. იმ პერიოდში სამყარო ბიპოლარული იყო და ჩინეთი მოიაზრებოდა სოციალისტურ ბანაკში, თუმცა, 70-იან წლებში მაინც დაიწყო ეს პროცესი ე.წ. პინგ-პონგის დიპლომატიით, რომლის ინიციატორიც იყო კისინჯერი. აქედან იწყება ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის დაახლოება. ჩინეთის მაშინდელი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჯო ენ ლაი იყო ჩასული ამერიკაში, და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სოციალისტური ბანაკის წარმომადგენლები ვართ, გვინდა თქვენთან თანამშრომლობაო.  ეს თანამშროლობა კი დასრულდა იმით, რომ ჩინეთმა შეასრულ გარკვეული როლი საბჭოთა კავშირის დაშლაში. შედეგად, სამყარო გადაიქცა უნიპოლარულად.
-    და ამის შემდეგ,  ჰეგემონი ერთი სახელმწიფო გახდა?
-    დიახ და ეს აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატები. გავიდა რამდენიმე ათეული წელი და სცენაზე გამოვიდა ჯერ ჩინეთი, რომელიც დღეს-დღეობით ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქვეყანაა. თუმცა, ის არ აფიქსირებს პოლიტიკურ ამბიციებს, ვინაიდან აქ თამაშობს დიდ როლს მისი მენტალიტეტი და კონფუციანური თავისებურებები.
-    „ჯერ“ ახსენეთ და მეორე სახელმწიფო რომელი იყო?
-    2007 წელს მიუნჰენის კონფერენციაზე დაიწყო რუსეთის პოლიტიკის ცვლილება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელცინის რუსეთი იყო სულ სხვა სტრუქტურული გადანაწილების მქონე. ამიტომ, დასავლეთის ლიდერები, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონოდა ინტერესები თავის საზღვრებს გარეთ.
-    ცხადია, რომ  აშშ-ს არასოდეს არ აწყობდა რუსეთის გლობალურ სახელმწიფოდ გადაქცევა?!
-    მაგრამ რუსეთმა, როგორც არა ერთხელ, ისტორიის განმავლობაში კუდი მოიქნია და პირველად მიუნჰენის კონფერენციაზე განაცხადა თავისი მიზნების შესახებ. ამ კონფერენციაზე გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და დააფიქსირა, რომ მის ქვეყანას აქვს გლობალური ინტერესები. შემდეგ იყო, 2010 წელს ენერგოიმპერიის კონცეფცია. მოგეხსენებათ, რუსეთი დიდი რესურსები ქვეყანაა და მთელ მენდელეევის ტაბულას ფლობს  - ალუმინიდან დაწყებული ცინკით დამთავრებული. ის, რომ მსოფლიოს ლიდერები არ ითვალისწინებდნენ რუსეთის მოთხოვნებს ამ გლობალურ პოლიტიკაში, ეს შეიცვალა.
-    ეს ხომ არ აღმოჩნდა ერთ-ერთი წინაპირობა, რამაც შემდგომში გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომი?
-    ბოლო მომენტში,  პუტინმა დააფიქსირა ოფიციალურად თავისი მოთხოვნები და წერილობითაც მოხდა ამ მოთხოვნების კოდიფიცირება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანამ უკრაინაში ომს დაიწყებდა, მან გაილაშქრა ნატოს გაფართოების წინააღმდეგ, მაგრამ დასავლეთის მხრიდან არ მოხდა მისი ულტიმატუმის გათვალისწინება. აქედან დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი მისი ნატოში ჩართვის წინააღმდეგ, რომელიც დღეს-დღეობითაც გრძელდება.

თამარ როსტიაშვილი

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.