სასურსათო ან დიეტური დანამატები დღეისათვის ძალიან ფართოდაა გავრცელებული და ადვილადაა ხელმისაწვდომი. მათ შევხვდებით აფთიაქებში, სპეციალურ მაღაზიებში, ინტერნეტმაღაზიებში, ან სუპერმარკეტებშიც კი. გამოდის სხვადასხვა დოზებისა და კომბინაციების სასურსათო დანამატი. ისინი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ენზიმებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც მომხმარებელს მიეწოდება აბების, კაფსულების, ფხვნილების ან სითხეების სახით. განსაკუთრებით გავრცელებულია D ვიტამინი, კალციუმი, თევზის ზეთი და სხვა.
რა სარგებლობა მოაქვს სასურსათო დანამატებს? ისინი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც ადამიანი ჩვეულებრივი კვების დროს შესაძლოა საკმარისი ოდენობით ვერ იღებდეს. ზოგიერთ შემთხვევაში მათ შეიძლება დაავადებების რისკ-ფაქტორები შეამცირონ. ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, გონების მუშაობის ან იმუნური სისტემის ხელშესაწყობად ან სპორტული დატვირთვის გადასატანად. ისინი შეიძლება საჭირო იყოს ორსული ქალებისათვის, ჩვილებისათვის, მოხუცებისათვის, ვეგანებისათვის და სხვა.
თუმცა, სასურსათო დანამატები წამლები არ არის და კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის არ არის გამიზნული.
ამავე დროს, სასურსათო დანამატების უვნებლობა მეცნიერულად უნდა იყოს დადგენილი, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით. ამის საფუძველზე უნდა იყოს შედგენილი მათი ეტიკეტები და ინსტრუქციები, რათა მათ სწორ მოხმარებას შეუწყოს ხელი. მაგალითად, ევროკავშირში ამ საკითხებითაა დაკავებული ევროპის სურსათის უვნებლობის უწყება, ვინაიდან იქ სასურსათო დანამატები რეგულირდება, როგორც სხვა სასურსათო პროდუქტები.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სასურსათო დანამატს გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს, ევროკავშირშიც კი ზოგიერთი მათგანის უვნებლობასა და ხარისხზე გარკვეული ეჭვები არსებობს. ეს არის ქიმიური ან მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკები, ასევე, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების უსაფრთხო ზღვრების არსებობა.
უნდა ვიცოდეთ, რომ სასურსათო დანამატები არ გამოდგება ჯანსაღი, ბალანსირებული კვების ჩამანაცვლებლად. ადამიანების უმრავლესობას არც სჭირდება სასურსათო დანამატები, თუკი ისინი ყველა საჭირო ნივთიერებას კვების გზით იღებენ. თითოეული საკვები ნივთიერების მხოლოდ გარკვეული ოდენობაა საჭირო ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის და გადამეტებული მოხმარება შეიძლება უკეთესი სულაც არ იყოს. დიდი დოზებით, ზოგიერთმა ნივთიერებამ შეიძლება უკუჩვენებები და ჯანმრთელობის დაზიანებაც კი გამოიწვიოს.
ასე რომ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე მოვერიდოთ სასურსათო დანამატების მიღებას. ჯანმრთელობის საწინდარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და ბალანსირებული, უვნებელი საკვები.