Russian English
ქართული ძეგლების „რუსიფიცირებას" ოფიციალური სოხუმი აპროტესტებს
პარასკევი, 24 12, 2021 - 12:17
აფხაზები 20-წლიან დუმილს არღვევენ და რუსულ სამღვდელოებას ილორისა და დრანდის ტაძრებში ჩატარებული რესტავრაციის გამო ღიად უპირისპირდებიან. აღნიშნული რესტავრაცია რუსი სასულიერო პირების მეშვეობით განხორციელდა, რის გამოც ქართულმა ძეგლებმა პირვანდელი იერსახე დაკარგეს და რუსულ „სობორებს" დაემსგავსნენ.
დეფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ისტორიკოსებმა კონკრეტული ფაქტებიც გაახმაურეს. კერძოდ, აფხაზეთის დეფაქტო ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის გარი სანგულიას განცხადებით, აფხაზეთის დეფაქტო  მთავრობამ 2010 წელს რუს სასულიერო პირებს ეკლესიები უვადო განკარგვით გადასცა, მაგრამ არა საკუთრებაში. მათ კი განკარგვა მფლობელობად აღიქვეს. „თუ ეს შეთანხმება ჩვენს კულტურას საფრთხეს უქმნის, მაშინ ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს" - ასეთი იყო აფხაზი მაღალჩინოსნის განცხადება.
დრანდაში უძველეს სანათლავს რუსი სასულიერო პირების მითითებით რკინა-ბეტონის კონსტრუქცია დაადგეს.
ამის აღსაკვეთად დეფაქტო აფხაზეთის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა მაშინვე მისწერა აფხაზეთის დეფაქტო მთავრობას, მაგრამ რუსებმა არ შეაჩერეს მუშაობა და კონსტრუქცია გარედანაც მოაპირკეთეს. აფხაზმა მეცნიერებმა ამის შემდეგ პირადად გააფრთხილეს მამა ანდრეი სტრუცკინი, ამ ეკლესიებში სამუშაოები შეეჩერებინა და სპეციალისტებთან შეეთანახმებინა ყველაფერი, თუმცა მან არც კი მოუსმინა მათ. გამორიცხული არ არის, მალე ის შეთანხმებაც გადაიხედოს, რომლის საფუძველზეც აფხაზებმა რუს მღვდელმთავრებს ილორისა და დრანდის განკარგვის უფლება მისცეს. ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა არაღიარებულ რეჟიმს უკვე მიმართა.
ქართველ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სოხუმელ მეცნიერთა პოზიცია დაგვიანებულია. დრანდისა და ილორის ტაძრებს უკვე დაკარგული აქვთ ავთენტურობა.  კერძოდ, დიდი ხანია, რაც ილორის ეკლესიაში ქართული წარწერები გადაღებეს. იქ,  სადაც სამივე სახეობის ქართული ანბანი იყო დაფიქსირებული - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული,  ფრესკები შეათეთრეს. გარდა ამისა, ილორის ეკლესიას გარედან გაუკეთეს წითელი ზოლები და შეუცვალეს გუმბათი, რითაც რუსულ სამრევლო ეკლესიას დაამსგავსეს. ანალოგიურად არის შეცვლილი დრანდის ეკლესიაც.
ქართველების აზრით, აფხაზი ისტორიკოსების დაგვიანებულმა რეაქციამ შეუძლებელია რადიკალურად რაიმე შეცვალოს. არსებობს გარკვეული პოლიტიკური ხასიათის ეჭვები, თუ რატომ გამოდიან ახლა აფხაზი მეცნიერები რუსი სამღვდელოების წინააღმდეგ. ამას შეიძლება ასეთი ახსნაც ჰქონდეს - ადრე ისინი მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ რუსეთზე და ახლა კი ცდილობენ რუსეთისგან დისტანცირებას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის ქვეშ, რომელიც დამოუკიდებელ საეკლესიო და რელიგიურ პოლიტიკას აწარმოებს.
იმდენად, რამდენადაც საქართველოს ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდება ამ ძეგლებზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა მიმართოს იუნესკოს, რათა ეს ძეგლები დაცულ იქნას  უხეში ჩარევისგან.
აუცილებელია, აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი ქართული ტაძრების  თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა. ყოველ შემთხვევაში, გარეთა შესახედაობის შენარჩუნება ამ ეტაპზე მაინც არის შესაძლებელი. ბედიაში ჩამონგრეულ იქნა ბაგრატ მესამის ფრესკა და დადიანების ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. ამას უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ ამ ორ ტაძარზე სასწრაფოდ უნდა მოიხსნას ახლად გაკეთებული ემბაზი, ჩამოღებულ იქნეს შეთეთრება და მოიხსნას ყალბი გუმბათი ილორის ტაძრისგან,
რითაც მას დაუბრუნდება პირვანდელი ქართული იერსახე.
სხვა მხრივ, ნამდვილად არ არის ცუდი ფაქტი ის, რომ აფხაზებმა გაბედეს და ხმა ამოიღეს მსგავსი ანტიკულტურული ქმედებების წინააღმდეგ. როგორც იქნა გაიგეს, რომ მხოლოდ ქართული მხარე არ ზარალდება საქართველოს ისტორიაში ჩაუხედავი რუსი სასულიერო პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლების დამახინჯებით.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.