Russian English
ნინი ბადურაშვილი, მარკუს მეტრეველი, ვერიკო ტურაშვილი და სხვები ურეცეპტოდ გაცემულ წამლებზე
პარასკევი, 15 აგვისტო, 2014 - 15:12

რას ფიქრობენ ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან შევა ძალაში და რომლის მიხედვითაც, მედიკამენტების გარკვეული დასახელება ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება. თავიანთი აზრი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა Mediacity-თან დააფიქსირეს.

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

- დილას ცუდად გავხდი და ნოშპა დამჭირდა. წამალი რომ არ მქონოდა, აფთიაქში ურეცეპტოდ არ მომცემდნენ. რა კანონებს იღებენ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორ არ სცხვენიათ.

მარკუს მეტრეველი, მომღერალი:

- ეს ფაქტი ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა ნორმალურ და ცივილურ ქვეყანაში ნებისმიერი წამალი რეცეპტით იყიდება. ამ შემთხვევაში, უფრო დაცულია მომხმარებელი და სახელმწიფოც იზღვევს თავს, რომ ხშირ შემთხვევაში არასწორად მიღებული წამლებით გამოწვეული პრობლემები აღარ შეიქმნას.  

- მარკუს, აქ ხომ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზეა საუბარი, როგორიც არის წნევის, სიცხის საწინააღმდეგო და .?

- ევროპაში რეცეპტის გარეშე მხოლოდ ასპირინს მაძლევდნენ, ისიც მთელი რიგი გამოკითხვების შემდეგ. ეს საქართველოშია ნოვაცია და სასწაულად ეჩვენებათ, თორემ დასავლეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ახალი კანონი შემოვა საქართველოში, რაც ერს გააღიზიანებს.

ვერიკო ტურაშილი, მომღერალი:

- ის წამლები, რომელსაც  „გამოსატვინებლად“ სვამს მთელი საქართველო და რაც თაობას „გამოადებილებს“, რა თქმა უნდა, რეცეპტის გარეშე არ უნდა გაიცეს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ რიცხვს ეკუთვნის წნევის და ხველების საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი. ჯობს აიკრძალოს, ვიდრე ამ ყველაფერს ვუყუროთ. გულწრფელად გეუბნებით, რომ ძალიან მიხარია ეს კანონი რომ შემოვიდა.

თამუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი:

- ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა! ერთის მხრივ კარგია, ხალხი მიეჩვევა ექიმთან სიარულს და თვითმკურნალობას თავს დაანებებენ. თუმცა, იმედია ექიმები ამ ფაქტს თავის სასარგებლოდ არ გამოიყენებენ და ფულის გაკეთების ახალ არხს არ გაჭრიან. თუ ევროპულად ვცხოვრობთ და ურეცეპტოდ ვეღარ ვყიდულობთ წამლებს, შესაბამისად ექიმების მომსახურებაც უნდა იყოს მაღალ დონეზე და გულგრილად აღარ უნდა უყურებდნენ დაზღვევით მისულ ადამიანებს.

გიორგი საკარული

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.