Russian English
ქართული ოფშორების საიდუმლოება
შაბათი, 12 ივლისი, 2014 - 12:43

ოფშორული ზონები, ჩვეულებრივ, ის მცირე სახელმწიფოები და ტერიტორიებია, რომლებიც  ძირითადად  ზღვის სანაპიროებსა და განვითარებული საერთაშორისო ტურიზმის ადგილებშია განლაგებული და უცხოური კაპიტალის მოზიდვის პოლიტიკას ახორციელებენ.

ოფშორული ბიზნესი  შეღავათების წყალობით, მსოფლიო ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილად იქცა და სწორედ მისმა მასშტაბებმა  განაპირობა ე. წ. "ოფშორული ინდუსტრიის" ჩამოყალიბება, რომელიც თავის მხრივ  ოფშორული რეჟიმის მქონე ქვეყნებისთვის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებად იქცა. ოფშორული ბიზნესი განსაკუთრებულ როლს თამაშობს კაპიტალის მსოფლიო წრებრუნვაში და არსებითად აფართოებს საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის შესაძლებლობებს.

რატომღაც ისე მოხდა, რომ ქართულ სინამდვილეში, სიტყვა ოფშორი "დაფარულის" და "საიდუმლოს" სინონიმებად იქცა და ითვლება, რომ ყველა კომპანია, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული, გასაიდუმლოებულ საქმიანობას ეწევა.

ეს აზრი კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ ნაციონალური  ხელისუფლების პირობებში  მასობრივი ხასიათი მიეცა ოფშორული კომპანიების დარეგისტრირებას... მხოლოდ ქაღალდზე. შემდეგ, ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვეოდა, რომ მსგავსი ოფშორული კომპანიების უკან ქართველი მაღალჩინოსნები ან მათი ნათესავები იდგნენ.  ასეთ ფაქტებს ადგილი დღესაც აქვს, ამიტომაც საქართველოში ოფშორული კომპანიებს კრიმინალთან აიგივებენ. საქართველოში ინვესტორების უმრავლესობა  ოფშორული ზონიდან შემოსული ინვესტიციებით მოქმედებს. მავანთა აზრით, ოფშორული კომპანიების პრაქტიკა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში და განვითარებად ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა, რაც ზრდის ინვესტიციების დაცულობის ხარისხს. თუმცა, ოპონენტები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი განცხადებით,

თუ რომელიმე კომპანია ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, ეს უკვე რისკის შემცველია. ისეთი ოფშორული ცენტრები, როგორებიცაა ჯერსი და ბაჰამა, მსოფლიოს მთელი ქონების მესამედს იტევენ თავიანთ ბანკებში.

ოფშორებზე კამათი და აზრთა სხვადასხვაობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება, თუმცა ფაქტია, რომ ოფშორული ბიზნესი სულ უფრო მზარდ როლს თამაშობს როგორც საკრედიტო, ასევე საწარმოო ინვესტიციების მოძრაობაში. კომპანიებიც სულ უფრო მეტი რაოდენობით რეგისტრირდებიან  ოფშორულ ზონებში.

ასე რომ, ნაციონალური რეჟიმი აქ ნაკლებ როლს თამაშობს, ვინაიდან თანდათანობით ქართული კომპანიებიც ოფშორული ზონების აქტიური მომხმარებლები ხდებიან.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.