Russian English
მამა მიქაელი: პატრიარქს არ აქვს ჩემი წყევლის მოხსნის უფლება
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017 - 22:58

ვინ არის თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი მიქაელ (მაჟარა) ასათიანი, რომელმაც საჯარო რეესტრს ოფიციალურად, დაბეჭდილი ტექსტითა და თავისი ხელმოწერით დადასტურებული წყევლის ტექსტი გაუგზავნა, სადაც დაურთო, რომ ამ წყევლას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეც ვერ აგხსნით, მხოლოდ მე მაქვს ამის ძალაო. 

MediaCity.ge გთავაზობთ ამ სკანდალურ საქმის დეტალებს.

თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ (მაჟარა) ასათიანმა, 2011 წელს საჯარო რეესტრის კონკრეტული თანამშრომლები საჯაროდ დაწყევლა. გთავაზობთ ამ წყევლის ტექტს, სადაც სიტყვები დეკანოზ მიქაელს ეკუთვნის.

“...ბატონო ელდერ (იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს იურიდიული განყოფილების უფროსი ელდერ ნეფარიძე - ბ.ე.), თუ ვერ გაიგებთ და ისევ დაიწყებთ იგივეს განმეორებას, წყეული საჯარო რეესტრის თანამშრომლების გამართლებას, შენც ისე გაგაშავოს ღმერთმა, როგორც ეს ასოებია შავი. ამინ!

მე მომატყუეს და მოტყუებული დამტოვეს ასჯერ წყეულმა საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა!!! გესმის თქვენ, მატყუარა და კაცისმკვლელი ლუციფერის შვილებო!!!

...ღმერთმა ისე აგატკივოთ გული ხუთივეს, რომ გული ხელით გეკავოთ და ჩემს სახელს გამწარებულები გაჰყვიროდეთ. მამა მიქაელ, გვიშველეთ, მოგვიხსენით ეს წყევლაო!

ჩემზე მათეს სახარების 16,19; 18,18 და იოანეს 20,23 მუხლებით მინიჭებული უფლებით დავწყევლე კონსტანტინე იოსელიანი, ზვიად ტალუაძე, ეკატერინე სისაური, შორენა გაგლოევი და დღეიდან მეხუთე თქვენ მიემატეთ ამ დაწყევლილ ოთხეულს.

ბატონო ელდერ, კარგად გამიგე. მე სხვა არაფერი შემიძლია, გარდა წყევლისა და დალოცვისა. დასაწყევლი წყევლას ექვემდებარება, ხოლო, დასალოცი დაილოცება. ამიტომ თქვენც წყეულიმც იყავთ დედაბუდიანად იმ ოთხეულთან ერთად. ის ფული, რომელიც თქვენ დამიანგარიშეთ თქვენს ახსნა-განმარტებით ბარათში, თქვენი კუბოს საფასურად მომეტანოს თქვენს სახლში. ამინ!!!

როგორც თქვენ მპასუხობთ, რომ გაფორმებული საბუთების გაუქმება არ შეიძლება, ასევე ჩემი წყევლის გაუქმებაც შეუძლებელია მანამ, სანამ ჩემი სიმართლე არ აღსდგება ასჯერ წყეული საჯარო რეესტრის თანამშრომლებისა და თქვენი მხრიდან.

არც პატრიარქს აქვს უფლება მღვდლის მიერ დაწყევლილ ადამიანს მოუხსნას წყევლა, მხოლოდ მე მაქვს წყევლის მოხსნის უფლება“.

ამ წყევლის ტექსტს ხელს აწერს დეკანოზი მიქაელ ასათიანი, რომელმაც წერილის ეგზემპლარები საჯარო რეესტრის გარდა იუსტიციის მინისტრს, პროკურორსა და სასამართლოს გადაუგზავნა.

საქმე ეხება მიწის ნაკვეთის აიპ-ზე „მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის“ სახელზე დარეგისტრირებას. რეესტრმა კი აღნიშნული მიწა საპატრიარქოზე გააფორმა. მამა მიქაელის განმარტებით, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მას დოკუმენტზე ხელი ისე მოაწერინეს, არ განუმარტავთ, რომ უძრავ ქონებას საპატრიარქოზე აფორმებდნენ. სწორედ, საპატრიარქოს სახელზე მიწის გაფორმებისთვის დაიწყევლნენ რეესტრის თანამშრომლები.

„ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს შევხვდები და პირადად მოვახსენებ ყველაფერს“- დაიქადნა მაშინ სასულიერო პირმა. მისი თქმით, მიწის ნაკვეთი 2000 წლიდან მის მფლობელობაში იყო.

„ვიღაცას რაღაც რომ მოუნდა, ასე არ არის. ეკლესიას აქვს თავისი ქონება და თავადვე უნდა ჰქონდეს ის. ვერ გავიგე, რატომ ხდის ამას პრობლემას საპატრიარქო. საპატრიარქო უნდა იყოს ურთიერთობის დამრეგულირებელი სამღვდელოებას შორის და არა მიწის მფლობელი და ლატიფუნდისტი“ - განაცხადა დეკანოზმა, რომელმაც ფაქტობრივად საპატრიარქოს წინააღმდეგ გაილაშქრა.

სასულიერო პირსა და საჯარო რეესტრის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება კი ასე დაიწყო.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელმა 2011 წლის 20 ივლისს საჯარო რეესტრს მიმართა და ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მდებარე მიწის ნაკვეთზე ეკლესიის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. რეესტრის თანამშრომლებმა უძრავი ქონება ბუნებრივია საპატრიარქოზე გააფორმეს.

ამის შემდეგ, მამა მიქაელმა საჯარო რეესტრის ოთხი თანამშრომელი დაწყევლა.

„ყველას, ვისაც მიგიძღვით ბრალი მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მიწის ნაკვეთის ჩემს დაუკითხავად, ქურდულად, “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიაზე“ გაფორმებაში, მათეს სახარების 16,19; 18;,18 და იოანეს 20,23 მუხლების თანახმად გწყევლით: წყეულიმც იყავთ დედაბუდიანად.

ამის შემდეგ თუ კიდე ყურად არ იღებთ, ეგ წყევლა გადაეცემა თქვენს მოდგმას, რომლებიც თქვენ გამო მწარედ დაიტანჯებიან. წყევლა დამოკლეს მახვილივით თქვენს თავზე იქნება დაკიდებული და იმოქმედებს თქვენზე, მანამ სანამ, მიწას არ გააფორმებთ მთავარნგელოზ მიქაელის ეკლესიაზე.“ - ვკითხულობთ დეკანოზ მიქაელ ასათიანის რეესტრისთვის მიწერილ წერილში.

საპასუხო წერილი საჯარო რეესტრმაც მოამზადა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს იურიდიული განყოფილების უფროსი ელდერ ნეფარიძე აწერდა ხელს.

„რეგისტრაცია განხორციელდა კანონის სრული დაცვით. რეგისტრაციის დოკუმენტი ხელმოწერილია თქვენს მიერ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოს წესით.“

ნეფარიძის წერილს პასუხად მამა მიქაელმა საჯარო რეესტრის ოთხ თანამშრომელს კიდევ ერთი დაამატა და ამჯერად მეხუთე - ელდერ ნეფარიძეც დაწყევლა. წყევლის ტექსტი მასალის ზემო ნაწილში შემოგთავაზეთ.

MediaCity.ge კომენტარისთვის საპატრიარქოს დაუკავშირდა, მაგრამ იქ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

ბაქარი ესაძე

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.