Russian English
თბილისში „აფერისტ პაციენტთა“ დაჯგუფება მოქმედებს?
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2015 - 18:21
დიაბეტის ცენტრის დირექტორი, რამაზ ყურაშვილი დღემდე დარწმუნებულია, რომ თბილისში „აფერისტ პაციენტთა დაჯგუფება“  მოქმედებს. ისინი ექიმებისგან ფულის გამოძალვას საავადმყოფოს არარსებული პალატებიდან ცდილობენ. მათი მსხვერპლი მხოლოდ რამაზ ყურაშვილი არ ყოფილა. უბრალოდ, მან თავისი უფლებების დაცვა თავად შეძლო. ისიც იმიტომ, რომ უფლებების დასაცავად სხვას ვერავის მიმართავდა. 
- ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც დღემდე მაწევს გულზე და მეტიც, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, ეს არის აფერისტ პაციენტებთან ურთიერთობა. ეს ყველა ექიმის  პრაქტიკაშია და ბანალური მაგალითების მოყვანით თავს არ შეგაწყენთ. დღეს ამით ვერავის გააკვირვებ. თუმცა. მქონია ისეთიც სიტუაციაც, როდესაც ვფიქრობდი სასამართლოსთვის ხომ არ მიმემართა. 
- რა მოხდა?
- ავადმყოფების აფერისტობებზე გსმენიათ რამე.
-  ავადმყოფების არა, ექიმების აფერისტობებზე კი უამრავჯერ.
- მოკლედ, ერთი ჩვენი ცენტრის პაციენტი მირეკავს და მეუბნება, რომ თქვენ რომ ექოსკოპიური გამოკვლევა გაუკეთეთ ავადმყოფს და დაწერეთ რომ ჯანმრთელია, აღმოჩნდა, რომ მას დაავადებული აქვს ნაღვლის ბუშტი, ნაწლავები და ა.შ. ახლა, ოპერაცია გაუკეთეს და თქვენ უნდა გადაიხადოთ ნაწილი თანხა 4500 ლარი, იმისათვის რომ შეცდომა დაუშვითო. ტელეფონზე რაც ითქვა, ზუსტად იგივე ტექსტს გეუბნებით.  მე, რა თქმა უნდა, ვუკავშირდები იმ ნომერზე, ვიღაც ქალბატონი იღებს ტელეფონს და ვთხოვ, მითხრას პალატა, სად წევს ავადმყოფი, რა დასკვნა დაიდო და რომ მაჩვენონ ეს დასკვნა. ვეუბნები, რომ მე აგინაზღაურებთ ამ თანხას, თუ ჩენი ბრალი იქნება-მეთქი. მინდა გითხრათ, რომ მე იმ ექიმების რიცხვს არ ვეკუთვნი, რომლებიც თვლიან, რომ უშეცდომონი არიან, ვითარცა ყრმანი. ასეთი პოზიცია დამღუპველია, როდესაც კლინიკის ან ცენტრის ხელმძღვანელი ხარ. მოკლედ, ველოდები პასუხს და არაფერი. ავდექი და მივაკითხე  სავაადმყოფოში და ვნახე, რომ ასეთი გვარის ავადმყოფი იქ საერთოდ არ იწვა. გადავრეკე  ხელმეორედ და აღარავინ მიპასუხა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ამაზე მართლა სერიოზული ნერვიულობა გადამხდა და მზად ვიყავი, სასამართლოში შემეტანა სარჩელი. მოკლედ, დამირეკეს და მეუბნებიან, თქვენ რომ წამალი გამოწერეთ, სხვა ექიმებმა ამიკრძალეს და გამაფრთხილეს, მავნებელიაო. ამის გამო, თქვენმა პაციენტმა გრძნობა დაკარგა და სტაციონარში მოკვდაო. ამიტომ, კომპენსაციის სახით უნდა გადახადოთ 7000 ლარიო. მე ვუთხარით, კი ბატონო, ამიგვიწერეთ ეს ყველაფერი, რომელ სტაციონარის ლაბორატორიაში დადგინდა, რომ ჩემს მიერ გამოწერილი პრეპარატი მავნებელია და ჩვენ მზად ვართ კომპენსაცია გაგიწიოთ. არ დამიჯერებთ, მაგრამ ეს ხალხი გაქრა. სერიოზულად ვფიქრობდი, რომ ქალაქში მოქმედებდა აფერისტების დაჯგუფება, რომელიც ასეთი სახით ცდილობდა ექიმებისთვის ფულის გამოძალვას. 
- თუ მზად იყავით გადაგეხადათ ეს თანხა, მაშინ რატომ გაქრნენ?
- იმიტომ, რომ დამამტკიცებელი საბუთები მოვთხოვე. მათ სურდათ, რომ რაღაც ანგარიშზე ჩამერიცხა თანხა. ანუ გათვლილი იყო იმაზე, რომ მე შემეშინდებოდა და ა.შ. 
- სასამართლოს გარდა, ექიმების უფლებებს კიდევ რომელი სტრუქტურა იცავს საქართველოში?
-  საქართველოში ასეთი რგოლი მე როგორც ვიცი ერთადერთია, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს  სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, თუმცა, როგორ იცავენ იქ ექიმთა უფლებებს მე არ ვიცი, იმიტომ რომ არ მიმირთავს. უბრალოდ, ჩავთვალე, რომ ჩემს უფლებებს მე უკეთ დავიცავ. შეიძლება იმიტომაც, რომ არ ვარ დარწმუნებული ვინმე ამას ჩემზე უკეთ გააკეთებს. 
-  ექიმი თავის უფლებებს თვითონ რომ იცავს, ეს იმას ნიშნავს, რომ დამცველი არ ჰყავს. როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი?
- გამოსავალი არის ის რომ, სამედიცინო შეცდომისგან უნდა იყოს დაცული როგორც ექიმი, ისე პაციენტი. თუ მართლა შეცდომა დაუშვა ექიმმა ავადმყოფთან ანდა ავადმოყოფმა ექიმთან მიმართებაში, მაშინ უნდა დადგეს კომპენსაციის საკითხი, თუნდაც მორალური. როგორ დადგება ეს საკითხი, სასამართლოს გზით თუ სხვანაირად, ამაზე უკვე ჯანდაცვის შესაბისმა სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ. ერთია მხოლოდ -  თუ ექიმი არ იქნება დაცული, არ იქნება დაცული არც პაციენტი. 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.