Russian English
„შავ“ ტრანსპლანტოლოგთა საქმე - ვინ ყიდულობს საქართველოში გვამებს!
ორშაბათი, 10 ივლისი, 2017 - 18:34
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დაბოლების მორიგ სტადიას გადის. „ინტერპოლი“ შემაშფოთებელ დასკვნას აქვეყნებს ე.წ. „შავ  ტრანსპლანტოლოგებზე“.  დასკვნის მიხედვით, ორგანოთა უკანონო ვაჭრობის კვალი ისრაელიდან სამი მიმართულებით მიდის  -  უკრაინაში, ბალტიისპირეთში და კავკასიაში. კავკასია არ გულისხმობს მხოლოდ საქართველოს, მაგრამ ჟურნალ „შპიგელში“  გამოქვეყნებული სკანდალური გამოძიება და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა კავშირის თავმჯდომარის თავის დროზე გაკეთებული არანაკლებ სკანდალური განცხადება, იმას ნიშნავს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ჯერ, „შპიგელის“  მიერ აღმოჩენილი ფაქტები  დასავლეთის შავ ბაზარზე და ამ შავი ბაზრის საქართველოში შემოსვლის მცდელობები. 
Mediacity.ge-თან „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნანა სანაია საუბრობს: 
-  გერმანული ფარმაცევტული კომპანია „ტუტოგენი“ ყიდულობდა უკრაინაში ორგანოებს, რომელსაც გარდაცვლილთა სხეულებიდან იღებდა. ხშირ შემთხვევებში გვამთა პრეპარირება და მათი ორგანოების გაყიდვა ხორციელდებოდა ნათესავების თანხმობის გარეშე. ამის შესახებ დიდი გამოძიება დაიბეჭდა გერმანულ გამოცემა „შპიგელში“. კერძოდ, გამოძიება ეყრდნობოდა „ტუტოგენის“  გრიფით „საიდუმლო“  დოკუმენტებს, რომლებიც ჟურნალისტებმა კომპანიის კომპიუტერული არქივიდან მოიპოვეს. ამ დოკუმენტების მიხედვით, უკრაინაში ფარმაცევტული კომპანიის საჭიროებისთვის 1152 უკრაინული გვამის ორგანოები იქნა გაყიდული. საქმე გაიხსნა და დღემდე არ დახურულა. იმიტომ, რომ კომპანია „ტუტოგენი“  გვამებს დღემდე ყიდულობს უკრაინაში და როგორც ამბობენ, კავკასიაშიც.
- კი მაგრამ, რაში სჭირდებათ  გვამები?     
- ეს არ არის ჩვეულებრივი გვამები. ეს არის, ჯერ კიდევ სიცოცხლეში ყოველ მხრივ გამოკვლეული მომაკვდავი ადამიანების სხეულები და მათი ორგანოები. კომპანიის ე.წ. შიდა ანუ გრიფით „საიდუმლო“  პრაის-ლისტიდან  ჩანს, რომ გვამის მხრის ძვლისთვის „ტუტოგენი“ მომწოდებლებს უხდიდა 42,90 ევროს, თეძოს ძვლისთვის - 49,90 ევროს, ხოლო მკერდის ჩანთისთვის (პერიკარდი) - 13,30 ევროდან 16,40 ევრომდე ზომის მიხედვით. ბოლო მონაცემებით, „ტუტოგენი“  დღესაც განაგრძობს თავის ბიზნეს უკრაინაში.  ყოველ შემთხვევაში, უკრაინის სასამართლო ექსპერტი ვლადიმერ იურჩენკოს განცხადებით, კიევში დღემდე ხდება „ტუტოგენისთვის“  მასალების მიწოდებისთვის გვამების დანაწევრება.
- „შპიგელის“  გამოძიებაში ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით საქართველოც იყო ნახსენები?
- დიახ, დასახელებული იყო  ორი ქვეყანა - საქართველო და აზერბაიჯანი. იქ ისიც ეწერა, რომ „შავი“ ტრანსპლანტოლოგების კვალს უკრაინიდან კავკასიაში მივყავართ. „შპიგელის“  განცხადებით, ნათესავებმა ხშირად არ იციან, რა ხდება მათი ნათესავების სხეულებზე. იქ გამოქვეყნებული იყო ერთ-ერთი ქალბატონის ჩვენება კიევიდან. ამ ქალბატონის განცხადებით, მან თანხმობა განუცხადა „ტუტოგენს“, რომ მამამისის სხეულიდან აეღოთ მუცლის კანის ანაჭრები. მაგრამ, როდესაც  მამის სხეული დაუბრუნეს, აღმოჩნდა, რომ ცხედრიდან ამოღებული იყო ყველაფერი - სახსრები, ძვლები და ხრტილები. 
- ორგანოები კიდევ გასაგებია, მაგრამ მკვდარი ადამიანის ძვლებს და ხრტილებს რას უკეთებენ? 
-  ჩვეულებრივ მიცვალებულზე არ არის საუბარი. ეს არის სიცოცხლეში, საავადმყოფოს პირობებში გამოკვლეულ  და შემდეგ გარდაცვლილ პაციენტებზე. ქსოვილებს, ძვლებს და ხრტილებს შესაბამისად ისევ საავადმყოფოს ექიმები ყიდიან, ახლობლების ნებართვის გარეშე. როგორც წესი, გვამებიდან ამოღებული „ანატომიური ნაწილები“ მიდის ტრანსპლანტატების დამზადებაზე. ბოლო წლების განმავლობაში ამ ბაზრის მოცულობა გაიზარდა მილლიარდ დოლარამდე. ერთი გვამისგან მიღებული შემოსავალი შეიძლება შეადგენდეს 250 ათას დოლარს. ყველაზე აქტიური არის ბიოლოგიური ტრანსპლანტანტები, რომლებიც მიიღება მკვდარი სხეულიდან და რომელიც ყველაზე აქტიურად გამოიყენება აშშ-ში. თუმცა, მათგან მიღებული სარგებელი, როგორც „შპიგელი“ იუწყება არ არის ბოლომდე გარკვეული.
- „ტუტოგენი“  ადასტურებს ამ ინფორმაციას, რომ ფაქტობრივად „გვამებს“ ყიდულობდა?
- მხოლოდ გვამებიდან ამოღებულ ძვლებს და ხრტილებს. ამას გერმანიაში ანდა ევროპის სხვა ქვეყნებში ვერც გაბედავდა, უკრაინა და პოსტსაბჭოთა სივრცე კი სრულიად უკონტროლო ზონაა. „ტუტოგენი“  თავის ოფიციალურ საიტზე აცხადებს, რომ შინაგანი ორგანოები გამოიყენება „სამედიცინო პროდუქტებზე“. ეს ბავარიული კომპანია გახლავთ შვილობილი სტრუქტურა კონცერნ „ერ-ტე-ელ ბიოლოჯიქსის“, რომელიც თავის სპეციალიზაციად მიიჩნევს ტრანსპლანტანტების დამუშავებას, წარმოებას და რეალიზაციას. უნდა ითქვას, რომ  რამდენიმე წლის წინ გერმანულ პრესაში გამოჩნდა შეტყობინება მსგავს სკანდალებზე სხვა ევროპულ ქვეყნებში, ძირითადად ლატვიაში. იქაც ფიგურირებდა კომპანია „ტუტოგენი“. ყველაზე სკანდალური ამ გამოძიებაში ის გახლდათ, თუ როგორ წარმოებდა ანგარიშსწორება უკრაინელ ექიმებსა და გერმანულ კომპანიას შორის. უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ე.წ. საოპერაციო „გასაკერ“ მასალაზე საავადმყოფოებისთვის ყოველ წლიურად გამოიყოფა გარკვეული თანხა, რითაც სტაციონარები იძენენ კეტკუტის ძაფებს და ა.შ. კომპანია „ტუტოგენი“ კი გახლავთ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ქირურგიული სამკერვალო მასალის მწარმოებელი. მაშასადამე, გარიგება ხდებოდა ლეგალურ ბარტერზე - გვამის ნაწილების მაგივრად  (ძვლები, სახსრები და ხრტილები) უკრაინელი ექიმები „ტუტოგენისგან“  იღებდნენ არა ფულს, არამედ სამკერვალო მასალას პაციენტებისთვის. ამისთვის ფულადი ანგრაშისწორება არ წარმოებდა. ხოლო ბიუჯეტიდან გასაკერი მასალებისთვის გამოყოფილი მთელი წლის თანხა ჯიბეებში მიდიოდა. 
- კი მაგრამ, მაინც იგივე გაყიდვა არ გამოდის?
-  რა თქმა უნდა, მაგრამ საკმაოდ დახვეწილი სქემით. ახლა, ქართულ კვალზეც გადავალ. ყველაფერი ისრაელიდან დაიწყო. ისრაელში მუშაობდა ფირმა, რომელიც შუამავლის საშუალებით თირკმელების გაყიდვის მსურველს 30 ათას დოლარს სთავაზობდა, ჩაჰყავდა კიევში და იქ კეთდებოდა ოპერაცია. უკრაინის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ისრაელში იმყოფებოდა ვადაგადაცილებული ვიზით, თვითონ მივიდა პოლიციაში და სთხოვა რომ დაეცვათ იგი საქმოსნებისგან, რომლებიც დანაშაულებრივი დონორის ბიზნესში იყვნენ ჩართული. შედეგად 9 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ერთი ქართველი აღმოჩნდა. ასე გაჩნდა „კიევურ“  საქმეში ქართული  კვალი. ამ ინფორმაციამ კი შემდეგნაირად გაჟონა ისრაელის პრესაში: იქ საერთოდ არ იყო ნახსენები უკრაინა. სახელდებოდა დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყანა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციამ შეგნებულად გადააგდო სატყუარა, როდესაც მიუთითა უკრაინა, რომ რეალური დამნაშავეები შეცდომაში შეეყვანა და ბოლომდე გამოეკვლია უკანონო ტრანსპლანტაციის არხზე ვინ იჯდა.  თითქოს გამოიკვლია კიდეც და ახლა დიპლომატიური წრებიდან გაარკვია, რომ დანაშაულებრივი კვალი მოდის ისრაელიდან კავკასიაში, სავარაუდოდ საქართველოში და აზერბაიჯანში. უკრაინა კი კონსპირაციულობისთვის სახელდებოდა ანუ კვალის ასარევად. 
- რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?
- ვერ გეტყვით, ეს თქვენ უნდა ჩაატაროთ გამოძიება. მე შემიძლია მხოლოდ ინფორმაციულად გაგარკვიოთ, როგორ  ნაწილდება „შავი“  ნაკადები. ძალიან გამკვირვებია იგივე სამართალდამცავების, როდესაც უყრუებენ ამ უმნიშვნელოვანეს კრიმინალს. მაგალითად, მე შემიძლია  გადმოგცეთ სპეციალიზირებული ინტერნეტ-პორტალების მისამართები, სადაც შოკის მომგვრელი წინადადებებია ორგანოთა გაყიდვის თოაბაზე. თანაც, მათი უმეტესობა ქვეყნდება უფასო განცხადებების გრაფაში. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ორგანოთა გაყიდვის მსურველებს განცხადების საფასურის გადახდის საშუალებაც არ აქვთ. 
- რა ფასებია ორგანოთა „შავ“ ბაზარზე?
- „ლოტის“  განფასებაზე მოქმედებს ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად, ერთი ცალი თირკმელი ღირს 20-დან 100 ათას ევრომდე. ღვიძლის პატარა ნაწილი  ჯდება 20-25 ათასი დოლარი, თვალის რქოვანა 2 ათას დოლარამდე, ძვლის ტვინის გადანერგვა 40 ათასი დოლარი, ადამიანის გული 250 ათასი დოლარი, მსურველებს შეუძლიათ თავისი თავის იჯარით გასცენ სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის. ნებაყოფლობით მსურველს ამისთვის გადაუხდიან 1,5 ათას დოლლარს. ეს არის მხოლოდ მიახლოებითი თანხები, საიდანაც ლომის წილი მიდის შუამავლებზე ანუ ე.წ. „შავ“  აგენტებზე.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.