Russian English
ოქროს დიდი მარაგი ანუ რატომ „ჰკიდია ფეხებზე“ რუსეთს ევროკავშირის სანქციები
ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2014 - 16:36

ბოლო, 7 წლის განმავლობაში, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, ეტაპობრივად და ზედმეტი ხმაურის გარეშე იმდენად დიდი რაოდენობის ოქროს შესყიდვა მოახერხა, რომ ოქროს მარაგით შვეიცარიასა და ჩინეთსაც კი გადაუსწრო. ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთში ოქროს მარაგის ზრდა საეჭვოდ დაემთხვა ამერიკის უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილ კრიზისს.
2014 წლის დასაწყისში, რუსეთში "ყვითელი მეტალის" მარაგი 70 ტონით, ხოლო გასული 12 თვის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა და ამ დროისთვის, ოქროს მარაგმა 1,104 ტონას მიაღწია. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" შეფასებით, ოქროს რაოდენობის მიხედვით, რუსეთი უკვე მე-5 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ აშშ-ს, გერმანიას, იტალიას და საფრანგეთს.
სხვა დროსა და სხვა ვითარებაში, ეს ფაქტი ალბათ არც გახდებოდა განსაკუთრებული ყურადღების საგანი, მაგრამ ახლა - "მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის" ფონზე, ერთობ საყურადღებოა. მართალია, ოქროს მარაგის მოცულობის ზრდა ზოგადად დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისთვის, მაგრამ რუსეთის შემთხვევა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ოქროს მარაგის ზრდის პარალელურად, მცირდება ქვეყნის სავალუტო რეზერვი.
მაინც რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს?! – ამ კითხვაზე ექსპერტთა პასუხები არაერთგვაროვანია. ზოგიერთი თვლის, რომ ეს არის წმინდა ეკონომიკური მოტივები, თუმცა უმრავლესობა მაინც რუსეთის მიერ მატერიალური და გეოპოლიტიკური გათვლებით ძალის დემონსტრირებაზე საუბრობს.
კომპანია Dr. Lux & Präuner–ის თავმჯდომარის მარკ ოლივერ ლუქსის აზრით, "უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა თავიდან უნდა აიცილოს შეცდომა, რომელიც თავის დროს ჩინეთმა დაუშვა, როცა ამერიკის მთავრობასთან მზარდ ფინანსურ დამოკიდებულებაში შევიდა. დასავლეთის სანქციების გამო, მოსკოვს აღარ აქვს სტიმული, რომ ინვესტიცია დასავლეთ ქვეყნების ფინანსურ ინსტრუმენტებში განახორციელოს". ოქროს რეზერვის ზრდაში, წმინდა ეკონომიკურ მოტივს ხედავს კიოლნში დარეგისტრირებული კომპანიის Schneider, Walter und Kollegen-ის გენერალური მენეჯერი ვინფრიდ ვალტერი. მისი არგუმენტი ასეთია: "დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, ფასიანი ქაღალდების სარგებელი შედარებით დაბალია. ობლიგაციები მართლაც შეიცავენ გაკოტრების რისკს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სწორიც არის. ოქრო, რომელსაც მსოფლიოში იყენებენ როგორც გადახდის საშუალებას, ქვეყნების მიერ, სავალუტო დარღვევებისგან საუკეთესო თავდაცვის საშუალებად გამოიყენება" - განმარტავს ოლივერ ლუქსი.
თუმცა, ექსპერტებს შორის არიან ისეთები, რომლებიც მოსკოვის ამ კურსს გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევენ. "იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და საქმე მივა რუსეთ-უკრაინის ომამდე, არ არის გამორიცხული ბოიკოტი დასავლეთის მხრიდან, რასაც შეიძლება აშშ- მიერ გადახდის ოპერაციების მნიშვნელოვანი შეზღუდვა და შესაბამისად რუსეთის საბოლოო პარალიზებაც კი მოყვეს". - აცხადებს "Knapp-Voith"-ის პრეზიდენტი ალექსანდრ დენიელსი. საუბარია "ევროპასა და აშშ-სთან ფინანსურ ომზე". ამ შემთხვევაში, რუსეთი მოახერხებს დაგროვილი ოქროს მარაგის ხარჯზე სასიცოცხლოდ აუცილებელი საქონელი იყიდოს.
რუსეთის ოქროს რეზერვის მიმდინარე საბაზრო ფასი "მხოლოდ" 34 მილიარდი ევროა. ეს კი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ რუსეთმა "სუპერ-რუბლის" შექმნა და დოლარისთვის კონკურენციის გაწევა შეძლოს. შედარებისთვის, ამერიკული ოქროს მარაგიც გამოდგება, რომელიც 8 100 ტონას ანუ მეოთხედ ტრილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.