Russian English
რა კორუფციულ სქემას იყენებდა ეკონომიკის სამინისტრო სტრატეგიული ობიექტების გასაყიდად!
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი, 2015 - 22:02

როგორ და რა გზით იყიდებოდა ეკონომიკის სამინიტროს მიერ ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტები და გრძელდება თუ არა ეს პროცესი დღეს?! ამის შესახებ MediaCity-ს „ანტიკორფციული კავშირის" თავმჯდომარე გია ბურჯანაძე ესაურება:

- პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ის ფაქტი, თუ რა პირობებში ჩატარდა რიგი ობიექტების აუქციონი. მაგალითად, როგორ სურდათ გაეყიდათ "რესპუბლიკური  საავადმყოფო“. 2012 წლის არჩევნები ახალი დასრულებული იყო, როდესაც დავით საგანელიძეს და ამირან გამყრელიძეს ღამის პირველის ნახევარზე დაურეკა "რესპუბლიკურის" ყოფილმა დირექტორმა და უთხრა, რომ ეკონომიკის სამინისტრო საავადმყოფოს ჩუმად ყიდიდა  კანადელებზე. გამყრელიძემ ამის შესახებ ივანიშვილს აცნობა და კლინიკაც გადარჩა. ეს ფაქტი მერე ძალიან კარგად გამოიყენა საგანელიძემ გასაპიარებლად ისე, რომ გამყრელიძე არ უხსენებია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენმა ორგანიზაციამ ძალიან საინტერესო კორუფციული სქემა გაშიფრა.

რა სქემა?

- დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ ტარდებოდა აუქციონი საქართველოში. ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებდა ხელშეკრულების საწყის ღირებულებას. ამას ეწოდებოდა ლოტი. როგორც კი აუქციონის შესახებ ინფორმაცია გახდებოდა საჯარო, მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას. წინა ხელისუფლების დროს, სახელმწიფო არ აცხადებდა არც ერთ კონკურს, არც ერთ ტენდერს და არც ერთ აუქციონს, თუ მისთვის გამარჯვებული წინასწარ არ იყო ცნობილი. მეტიც, აუქციონი ცხადდებოდა ერთი კონკრეტული პიროვნებისთვის ან ერთი კონკრეტული კომპანიისთვის. მაგალითად, "რესპუბლიკური საავადმყოფოს“ შეძენის მსურველი იყო ხუთი კომპანია. გამარჯვებულს აუქციონის დასრულების შემდეგ თანხების გარკვეული ნაწილის "ატკატი" უნდა მოეხდინა ისევ უკან, შემკვეთის ჯიბეში. ასეთი კომპანია წინასწარ იყო დარეზერვებული და შემდგომ ეტაპზე, აუქციონის გამართვის შემთხვევაში მოხდებოდა მისი ლობირება. ყველაზე საინტერესო და კრიმინალური სწორედ აქ იყო - არჩეული კომპანიის როლისა და ფუნქციის ისე გადათამაშება, რომ ვითომ შემთხვევით და სრულიად სამართლიანად გაიმარჯვა აუქციონში.

ასე მოხდა „რესპუბლიკური საავადმყოფოსშემთხვევაშიც?

- მარტო „რესპუბლიკურის" შემთხვევაში კი არა, სქემა ყველგან ერთი გახლდათ. ხელისუფლების მიერ ლობირებული ფირმა ყოველთვის ასწრებდა განცხადება მიეცა ყველაზე ადრე და ყველაზე დაბალ ფასად. ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული დახვეწილი სქემა. ამიტომ არის, რომ დღევანდელ პროკურატურას ეკონომიკის სამინისტროს აუქციონებთან და ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული სქემების გაშიფვრა უჭირს. მაგალითად, სააუქციონე პირობებში სპეციალურად ისეთი მინიმალური ვადები იყო დათქმული და  სამუშაოს მოცულობა გაბერილი, რომ ახლად მონაწილე კომპანია უბრალოდ ვერ მოასწრებდა წარმოდგენილი ვალდებულებების შესრულებას. მთავარი ნიშანი იმისა, რომ სახელმწოფო აუქციონების დროს ხორციელდებოდა ფულის გათეთრება, ეს იყო ობიექტის ფასის მნიშვნელოვანი გაზრდა (10-15%-ით) ან მნიშვნელოვანი შემცირება, ვიდრე იყო მისი საბაზრო ღირებულება. საკმარისია პროკურატურამ ამ ფაქტებს მიაქციოს ყურადღება, რომ ძალიან მარტივია გარიგებათა მთელი ჯაჭვის აღმოჩენა. მაგრამ, როგორც ჩანს ეს მათ ინტერესებში არ შედის.

მარი ჯანაშია 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.