Russian English
რეანიმაციაში აყვანამდე ბავშვი მომიბრუნდა და მითხრა, „დედა, მე უნდა მოვკვდე“.
ოთხშაბათი, 23 12, 2015 - 13:16
30  წლის ნათია ლუკავას სასარჩელო განცხადებიდან: 
„როდესაც კანი ზურგზე მებურცება, ჩემმა ოჯახის წევრებმა იციან, რომ იქიდან  ძვალი უნდა გამოვიდეს. 1-2 სმ-იან ძვლის ნატეხებს ცალკე ვინახავ.  ჩემი და კი ამ დროს ვიდეოს იღებს, მე როგორ ვიკლაკნები ტკივილისგან, მერე კანი იჭრება და იქიდან ძვალი გამოდის. როდის შეწყდება ეს ჯოჯოხეთი?  თეთრხალათიანმა ჯალათებმა რას დამამსგავსეს.  ადამიანი ვარ თუ  რეპტილია! ახალგაზრდა ქალი ცოცხლად ვიშლები - ნაწილ-ნაწილ და ჩემი ახლობლები ამ ნაწილებს პოლიეთილენის პარკში აგროვებენ“.
15 წლის სალომე ლიპარტელიანის საქმიდან (ოპერაციის შემდეგ დაიღუპა):
„ექიმი ზაზა აზმაიფარაშვილი 2012 წლის 9 ნოემბერს მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 116-ის მუხლის I ნაწ. და 24-ე და 362-ე მუხლის I ნაწ-ით. ექიმი ირაკლი ვარძუკაშვილი საქართველოს სსკ-ის 116-ის მუხლის I ნაწ-ით. ორივე ბრალდებულს შეეფარდა საპატიმრო გირაო 5 000-5 000 ლარის ოდენობით“   
 
საქმე # 1 - ზუგდიდელი გოგონას ამბავი, რომელიც ცოცხლად იშლება 
 
ქრონოლოგიურად, ეს მეორე საქმეა. მაგრამ ვინაიდან ნათია ლუკავას სარჩელი დღე-დღეზე შევა სასამართლოში, ასეთი თანმიმდევრობა  ვარჩიეთ Mediacity-ს მკითხველისთვის.
ნათია ლუკავა:  
-  15 წლის ასაკში გამომივლინდა ხერხემლის გამრუდება. მაწუხებდა მსუბუქი ტკივილები, რის გამოც 2013 წელს მივმართე ხერხემლის სპეციალისტს, ვერტერბოლოგ ზაზა აზმაიფარაშვილს. მან  გასინჯვის შემდეგ დამაიმედა, რომ „შენზე კარგად ჩატარდება ოპერაციაო“. ოპერაციის გაკეთებიდან მერვე დღეს გამომწერეს საავადმყოფოდან. 6 თვის განმავლობაში ჭრილობა არ შეხორცებულა და გამომდიოდა სითხე.  ისეთი ტკივილები მქონდა, რომ კისერს ვერ ვასწორებდი. მე-7 თვეს ზურგზე გამიჩნდა შესამჩნევი წამონაზარდი, რის გამოც ვერც ვწვებოდი და ვერც ვიძინებდი. სისტემატური სატელეფონო კონტაქტი მქონდა ზაზა აზმაიფარაშვილთან, რომელიც მამშვიდებდა, არაფერი საშიში არ არისო. სითხის გამოსვლამ ჭრილობდიან იმდენად იმატა, რომ ღამის განმავლობაში რვაჯერ უწევდა ჩემს დას სახვევის გამოცვლა. დღე-ღამეში ერთი ფირფიტა ტკივილგამაყუჩებელი არ მშველოდა. ჩავაკითხე აზმაიფარაშვილს, რომელმაც ბოლოს მითხრა, რომ ინპლანტი უნდა ამოგიღოთო. ამიხსნა - 30 წლისას გაგიკეთე ოპერაცია და  ეს დიდი ასაკია , როგორც ჩანს, შენი ორგანიზმი ვერ შეეგუაო. თუ ასაკით დიდი ვიყავი, ეს ხომ ოპერაციამდე უნდა ეთქვათ. თავიდანვე გადავწყვიტავდი, გამეკეთებინა ოპერაცია თუ არა. აზმაიფარაშვილმა ის მითხრა მხოლოდ, რომ მთავარია დაგაფინანსონ და გადახდა შეძლო, თორემ ყველაფერი კარგად იქნებაო.  
- ანუ ოპერაცია მეორედ ჩაგიტარდათ?
- დიახ. მეორედ შევიტანე ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება ინპლანტის ამოღების დაფინანსებაზე . ამომიღეს ინპლანტი და სამი დღე დავყავი საავადმყოფოში. მომივიდა შელაპარაკება ზაზა აზმაიფარაშვილთან და იმან მითხრა, პრეტენზიებით აქ არ დაგინახო,  ფულს ვერ დაგიბრუნებ, ჩემს ჯიბეში ეგ არ მიდის და გინდა მიჩივლე, გინდა რაც გინდა ის ქენიო. ამის შემდეგ ხელშეკრულება შემოატანინა ირაკლი ვარძუკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ხელი გაქვს მოწერილიო. საკმაოდ ვრცელი  ხელშეკრულება შემომიტანეს ოპერაციამდე 15 წუთით ადრე, როდესაც არც წაკითხვის და არც გააზრების თავი არ მქონდა. ხელშეკრულება პაციენტს უნდა გააცნო რამდენიმე დღით  ადრე და არა ისე, როგორც მე მომექცნენ.   ღია ჭრილობით გავაგრძელე  სახლში მკურნალობა. მათგან არანაირი მოკითხვა არ ყოფილა - ვარ თუ არა ცოცხალი, რა მომივიდა, ჭრილობა დაიხურა თუ არა. ჭრილობა კი იცით რატომ არ იხურება? ძვლის ნაწილები და ნატეხები გამოდის იქიდან. არ ვიცი, ეს რა არის. 
- ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ?
-  პირველი ოპერაციის დროს სახელმწიფომ დამაფინანსა 7 350 ლარით და მე დავამატე 3150 ლარი. მეორე ოპერაციის დროს 1400 ლარიანი დაფინანსება მქონდა და 600 ლარი მე დავამატე. პლუს წამლები 4000 ლარი, რომლის ქვითრებიც სულ შენახული მაქვს. კიდევ წვრილმანებს ვინ დაითვლის. ფულს არ ვჩივი, მაგრამ შედეგად მივიღე ის, რომ ინვალიდობა იქით იყოს, ახალგაზრდა ქალი ცოცხლად ვიშლები. განცხადება შევიტანე ჯანდაცვის სამინისტროში ზაზა აზმაიფარაშვილის წინააღმდეგ. იქნებ დამეხმაროს სამინისტრო, გამარკვიოს, რა მიზეზით მომძვრა ინპლანტი, თუ უნდა მქონოდა შედეგი, რატომ არ მაქვს. უშედეგოდ გადავიხადე ამხელა თანხა, შედეგისთვის ვიტანჯე ამდენი თვე. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ ნაიარევი არ გექნებაო და სრული სიმახინჯე დამრჩა სხეულზე. დღეს-დღეობით მაქვს კატასტროფული მდგომარეობა. ტკივილის გამო ვერ ვმოძრაობ. არც წამლების და არც გამოკვლევების საშუალება არ მაქვს. მინდა ვიცოდე, ჩემნაირ ადამიანებს კანონი უნდა იცავდეს თუ არა. ოპერაციიდან ერთი წელი გავიდა და მე ხომ უნდა შევძლო მუშაობა? სხვანაირად არსებობა როგორ შევძლო?!
ნათია ლუკავამ  Mediacity.ge-ს მიაწოდა ფოტომასალა, სადაც სხეულიდან ძვლის ნაწილების გამოსვლის პროცესია დაფიქსირებული.  სამინისტროს პარალელურად დაზარალებულმა ნათია ლუკავამ „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის  ასოციაციას“ მიმართა, რომელმაც ყველა ფოტო და დოკუმენტური მასალა სტამბულში საერთაშორისო სტატუსის მქონე ექსპერტებს გადაუგზავნა.
ნანა  სანაია, „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის  ასოციაციის“ თავმჯდომარე:
- ასოციაციას  მომართა პაციენტმა ნათია ლუკავამ, რომელსაც თავის პრობლემასთან დაკავშირებით 2015 წლის იანვარიდან აქვს ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილი განცხადება მინისტრის სახელზე და რომელზეც 6  თვის განმავლობაში პასუხი არ იდებოდა. ნათია  ზუგდიდელი ობოლი  გოგონა, რომელსაც 15 წლის ასაკში გამოუვლინდა ხერხემლის გამრუდება. ამის შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა და ხერხემალმა დეფორმირება დაიწყო. უსახსრობის გამო დიდი ხნის მანძილზე ვერ მოახერხა მკურნალობა. შემდგომ კი, საკუთარი შრომით წლების განმავლობაში ნაგროვი ფულით (მუშაობდა სათამაშოების მაღაზიაში  გამყიდველის პოზიციაზე)   29 წლის ასაკში , როგორც იქნა, მიაკითხა სამედიცინო ცენტრ „იუნონაში" ვერტობროლოგ  ზაზა აზმაიფარაშვილს. ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა აუტანელი გახდა, ის ვერც ჯდებოდა, ვერც წვებოდა, მოკლედ, განძრევა არ შეეძლო, რის გამოც ჩადებული ინპლანტი უკან ამოუღეს. ექიმი, რომელმაც ეს ოპერაცია ჩაატარა, ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილია, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სულ სხვა საქმეზე. მან 2012 წლის 9 ნოემბერს გაუკეთა თითქმის ანალოგიური ოპერაცია 15 წლის სალომე ლიპარტელიანს. სალომე იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და ამ ოპერაციის შემდგომ ეს გოგონა გარდაიცვალა. დედამ შეიტანა ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარი, დაიწყო მოკვლევა და პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ვიკა მედვედევამ (გარდაცვლილი სალომეს დედამ) მოითხოვა, რომ ზაზა აზმაიფარაშვილისთვის მანამდე შეეჩერებინათ ლიცენზია და არ მიეცათ მუშაობის უფლება, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდებოდა. თუმცა, მას რამოდენიმე თვეში აღუდგინეს ლიცენზია. მაშინაც ამ საქმეს სწავლობდა ჩვენი ასოციაცია და ახლაც, ექიმის ისევ ეს გვარი ამოტივტივდა! საბედნიეროდ, არ განმეორდა სიკვდილის შემთხვევა, მაგრამ ლუკავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ამ შემთხვევაში ლუკავას შეხორცებული ჭრილობიდან პერიოდულად გამოდის ძვლის ნარჩენები! 
- როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ასოციაციამ საქმეში უცხოელი ექსპერტებიც ჩართო?
- ამ  ეტაპზე ნათია არის უმუშევარი,  რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ფიზიკური დატვირთა (დიდი ხნით ფეხზე დგომა)  არ შეიძლება, ცხოვრობს ქირით 5 კვ. მ ოთახში . ჩვენ ძალიან შევწუხდით ამ ფაქტით და შევეცადეთ გოგონას დავხმარებოდით .  ჩვენ არა მარტო მასალები გადავაგზავნეთ  თურქეთში, სტამბულის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, არამედ აქ ჩამოსულ სტამბულელ პროფესორებს ნათია მივუყვანეთ გამოსაკვლევად. სწორედ მათი დახმარებით გადაიგზავნა ანალიზები თურქეთში. იქაური ტრავმატოლოგები ოფიციალურ დასკვნას მხოლოდ მას შემდეგ მოგვცემენ, როდესაც გოგონას სტამბულში ჩავიყვანთ, რასაც  გეგმავს ჩვენი ასოციაცია უცხოელ ექიმებთან ერთად.
6 თვის ლოდინის შემდეგ, ნათია ლუკავას განცხადებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ როგორც იქნა დადო დასკვნა. ეს დასკვნა Mediacity-მ ოფიციალურად გამოითხოვა და ამონაწერს ამ დასკვნიდან უცვლელად გთავაზობთ:
„მოქალაქე ნ. ლუკავას დიაგნოზი (ხერხემლის იდიოპათიური სკოლიოზი, დიდი ზომის ნეკნოვანი კუზი მარჯვნივ) დაესვა სწორად. ოპერაციის ჩარევის სახეობა შერჩეულია სწორად. ოპერაცია შესრულებულია უნაკლოდ.  ოპერაციის უარყოფითი გამოსავალი (რაც სტატისტიკის მიხედვით 4-13% მდეა) განაპირობა ინფექციამ, რომლის კუპირება მოხერხდა ოპერაციიდან 7 თვის შემდეგ და ფიქსატორის დისტალური კავების ამოვარდნამ ძვლიდან. ამის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ,  რომ ფიქსატორის კავების ამოვარდნა მოხდა ინფექციის ფონზე. ფიქსატორის დემონტაჟის შემდგომ გადაღებულია ორი რენტგენოგრამა და რამოდენიმე ფოტოსურათი, რომელთა მიხედვით შეუძლებელია ზუსტი დასკვნის გამოტანა“.
ეს გახლავთ  ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო  საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ დადებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში მალხაზ ფირფილაშვილი და რომლის მიხდვითაც ოპერაცია უნაკლოდ არის ჩატარებული. რომ ძვლის ნაწილების  გარეთ გამოსვლა ინფექციის ბრალია, მაგრამ ამ ინფექციის დამადასტურებელ ფაქტებზე სააგენტოს ზუსტი დასკვნის გამოტანა უჭირს.
„პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ სწორედ ამ დასკვნის გასაჩივრებას აპირებს და ამაში უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს.
Mediacity-მ  ამ ისტორიის მეორე მთავარ პერსონაჟს, ექიმ ზაზა აზმაიფარაშვილს მიმართა, რომლისგანაც საკმაოდ მოკლე და ლაკონური პასუხი მივიღეთ:
- ბატონო ზაზა, ნათია ლუკავას საქმეში სავარაუდოდ უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან, ამის შესახებ ცნობილია თქვენთვის?
- ნათია ლუკავა.... არ მახსოვს ასეთი არავინ.
- საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი კომისია იძიებდა. თქვენც და თქვენი ექიმებიც რამდენჯერმე დაიკითხეთ, დოკუმენტაციაც იქნა ამოღებული?
- არ ვიცი. თქვენ რა გაინტერესებთ?
- ინპლანტის ამოღების შემდეგ, ნათია ლუკავას სხეულიდან ძვლის ნაწილები გამოსდის. რა არის ამის მიზეზი? 
- კარგად ბრძანდებოდეთ.
ზაზა აზმაიფარაშვილისთვის ვეღარ მოვასწარით გვეკითხა, ახსოვდა თუ არ ახსოვდა მას სალომე ლიპარტელიანის საქმე.
 
საქმე #2 – 15 წლის სალომე ლიპარტელიანის დაღუპვის ისტორია 
 
ეს არის 2012 წლის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გაუხმაურებელი შემთხვევა ჯანდაცვის სფეროში. 15 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა ზაზა აზმაიფარაშვილის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დაიღუპა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ცნობილ ქირურგებზე - ზაზა აზმაიფარაშვილზე, ირაკლი ვარძუკაშვილზე და კახა ბერიანიძეზე. სამივე წინასწარი დაკავების იზოლატორში 24 საათიანი ყოფნის შემდეგ გირაოთი გამოუშვეს. საქმეს პროკურატურა იძიებდა, დღესაც სასამართლო პროცესებია და მასში 26 ექსპერტია ჩართული. სამხარაულის სახ. ექსპეტიზის ბიუროს დასკვნა და ჯანდაცვის სამინიტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ანგარიში დიაგნოზირებისა და მკურნალობის დროს დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს. 
პროკურორ იოსებ ალავიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში (საქმე #13/04-54328 07) ვკითხულობთ: 
„ზაზა აზმაიფარაშვილი 2012 წლის 9 ნოემბერს მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 116-ის მუხლის I ნაწ. და 24-ე და 362-ე მუხლის I ნაწ-ით. ირაკლი ვარძუკაშვილი საქართველოს სსკ-ის 116-ის მუხლის I ნაწ-ით. ორივე ბრალდებულს შეეფარდა საპატიმრო გირაო 5 000-5 000 ლარის ოდენობით. კახაბერ ბერიანიძე 2012 წლის 16 ნოემბერს მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის I ნაწ. და სასამართლოს მიერ აღმკვეთ ღონისძიებად შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით“.  
Mediacity-თან  გარდაცვლილი სალომე ლიპარტელიანის დედას ვიკა მედვედევა საუბრობს:
- სალომე დაბადებიდანვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გახლდათ. 2009 წელს 15 გრადუსით ხერხემლის გამრუდება დაუფიქსირდა და  მირჩიეს ექიმ ზაზა აზმაიფარაშვილთან მიმეყვანა. სალომე  არ გაუსინჯავს, მხოლოდ სურათს დახედა და მითხრა, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდა კორსეტი 24 საათიან რეჟიმში. მეტი არაფერი, 6 თვეში მოხვალთო! მის მიერვე რეკომენდირებულმა კორსეტით სალომე ისე კატასტროფულად გაიღუნა ხერხემალში, რომ რამდენიმე თვეში კვლავ მომიწია აზმაიფარაშვილთან მისვლა, მაგრამ ამ უკნასკნელმა კატეგორიულად ამიკრძალა მისი მოხსნა. ამის შედმეგ მასთან სულ სამჯერ ვიყავით. წელიწადნახევრის შემდეგ მივედით ღუდუშაურის საავადმყოფოში და ჩემს მეუღლეს, რასაც ჰქვია მოუწია ხელით გაწევა აზმაიფარაშვილზე, იმიტომ განმეორებითმა რენდგენის სურათმა უჩვენა, რომ კორსეტის ხმარების შედეგად ხერხემლის 15 გრადუსიანი გაღუნვა 80 გრადუსზე  ავიდა. აზმაიფარაშვილმა ამაზე ასეთი პასუხი გაგვცა - „კორსეტი რომ შველოდეს, ოპერაცია არ იარსებებდა“. გვითხრა,  რომ თქვენი ბავშვი საოპერაციოა და ამას 10 ათასი ლარი სჭირდებაო. 9600 ლარის შეგროვებას წელიწადი მოვუნდით. ამასობაში აზმაიფარაშვილი ღუდუშაურიდან ტატიშვილის კლინიკა „იუნონაში“ გადავიდა. ოპერაციის წინ ვთხოვე აზმაიფარაშვილს,  თუ სიცოცხლისთვის საშიში არის ეს ოპერაცია, ნუ გავაკეთებთ-მეთქი. მიპასუხა, 500 ასეთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული და რაღა შენი შვილისთვის აღმოჩნდება საბედისწეროო. არ ინერვიულო, ხუთ დღეში გავწერ და სკოლაში სირბილით გაიქცევა ჩანთაგადაკიდებულიო. სამ საათნახევარში დასრულდა ოპერაცია და მეძახის ზაზა აზმაიფარაშვილი - „არ ველოდებოდი ასეთ შედეგს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ახლა ინტენსიურში გადავიყვანთო“. ღამით ბავშვს დაეწყო ტკივილები. თუ  გამაყუჩებელს არ გაუკეთებდნენ, ვერ იძინებდა. დილით ამას დაემატა ჰაერის უკმარისობა და ოფლიანობა. აქედან მოყოლებული სალომეს მდგომარეობა ყოველ დღე უარესდებოდა. გაწერის დღეს ბავშვს ჰქონდა 37 გრადუსი. აი, ასე - ყოველგვარი პოსტოპერაციული გამოკვლევის გარეშე „გამოგვყარეს“ საავადმყოფოდან. საღამოს 6 საათისათვის აუტანელი ტკივილები დაეწყო. გამოვუძახე სასწრაფო დახმარებას და სასწრაფოს ექიმმა გვითხრა, ბავშვი გადადაუდებელ რეანიმაციას საჭიროებსო. ვურეკავ ისევ კახა ბერიანიძეს, მან კი ტელეფონი გამომირთო. ზაზა აზმაიფარაშვილს ვურეკავ  და სასწრაფოს ექიმს მალაპარაკეო. გადავეცი ტელეფონი და მესმის, როგორ ეუბნება აზმაიფარაშვილი „სასწრაფოს“ ექიმს,  დიაზეპამი გაუკეთე ვენაშიო. „სასწრაფოს“ ექიმი კი პასუხობს, თქვენ იცით, რომ დიაზეპამის ვენაში გაკეთება ბავშვს ადგილზე მომიკლავსო. მომაცილეთ ტელეფონიო და აღშფოთებულმა გაუთიშა აზმაიფარაშვილს. სალომე სასწრაფო დახმარების მანქანით გადავიყვანე „ღუდუშაურში“. გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრამა და სურათმა უჩვენა რომ სალომეს ორივე ფილტვი წყალში ჰქონდა. რეანიმაციაში აყვანამდე ბავშვი მომიბრუნდა და მითხრა, „დედა, მე უნდა მოვკვდეო“. ღამის ორის ნახევრაზე ჩემი გოგო გარდაიცვალა. 
- რა მოხდა სინამდვილეში, რა გახდა თქვენი შვილის გარდაცვალების მიზეზი? 
-  საქმე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში აღვძარი. გამოძიება ძალიან რომ გაიწელა, მხოლოდ მაშინ გავარკვიე, რომ ზაზა აზმაიფარაშვილის ახლობელი ყოფილა ვანო მერაბაშვილის მოადგილე ამირან მესხელი. გვარს არ ახსენებდა, მაგრამ პირად საუბარში არა ერთხელ აქვს ჩემთან ნათქვანი, რომ მის ოჯახშია გაზრდილი ეს პიროვნება. ბოლო-ბოლო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრმა დადო ექსპერტიზის პასუხი, რომ ოპერაციის დასრულებიდან  24 საათში განვითარდა ფილტვების ანთება, რაზედაც სწორი დიაგნოზი არ იქნა დასმული და არ დანიშნულა მკურნალობა, რის შედეგადაც განვითარდა პიელონეფრიტი, დაიშალა ღვიძლი, ფილტვი, წავიდა ტვინის შეშუპება. სალომე გამოსწერეს დღის 3 სთ-ზე და მეორე ღამის ორის ნახევარზე დაიღუპა. სამხარაულის ექსპერტიზა წერს, რომ ბავშვის კლინიკაში დარჩენის შემთხვევაში გაიზრდებოდა მისიგადარჩენის შანსი. სხვათაშორის, თვითონ თვალავაძის სტრუქტურაშიც იძახდნენ რომ ასეთი კონკრეტული დასკვნები და პასუხები ჯერ არ დადებულა, როგორც სალომეს შემთხვევაში მოხდა. როგორც ჯანდაცვის, ისე სამხაურაულის ბიუროს დასკვები პირდაპირ ადანაშაულებენ და პასუხისმგებლობას აკისრებენ ზაზა აზმაიფარაშვილს. მე ვითხოვ, რომ მას სამუდამოდ ჩამოერთვას ლიცენზია და აეკრძალოს საექიმო საქმიანობა. 
Mediacity  გთავაზობთ ამონაწერს პროკურორ იოსებ ალავიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიდან (საქმე #13/04-54328 07): 
„პაციენტის მკურნალობაზე და საავადმყოფოდან გაწერაზე პასუხისმგებელმა ექიმებმა: ზაზა აზმაიფარაშვილმა და ირაკლი ვარძუკაშვილმა გამოიჩინეს რა დანაშაულებრივი დაუდევრობა, პაციენტს არ ჩაუტარეს სათანადო გამოკვლევები, რის გამოც ვერ იქნა სწორი დიაგნოზი დასმული და შესაბამისი მკურნალობა წარმართული. არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ პაციენტი სალომე ლიპარტელიანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის, ოპერაციის დღეს აღენიშნებოდა მენსტრუაციული ციკლი, რაც ყოველთვის ამძიმებს პოსტოპერაციულ პერიოდს. ამან გამოიწვია პაციენტ სალომე ლიპარტელიანის სიცოცხლის გაუფრთხილობლობით მოსპობა. სალომე ლიპარტელიანი გადარჩენის შანსი გაიზრდებოდა კლინიკაში დარჩენის, სათანადო კვლევების, სწორად დასმული დიაგნოზის და სწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში“.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.