Russian English
ვინ ჩამოაყალიბა „ქმრების კლუბი" და ფინანსდება თუ არა იგი ევროპიდან
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2015 - 13:08
ეს ორგანიზაცია პირველად იტალიაში, 1994 წელს ჩამოყალიბდა. მალე მისი ფილიალები მთელ მსოფლიოს მოედო, 2006 წელს კი საქართველომდეც ჩამოაღწია. საუბარია, „ევროპა დონა ჯორჯიაზე", რომელიც ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს ემსახურება. საქართველოში ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე  ანა მაზანიშვილია, რომელიც Mediacity-თან  ორგანიზაციაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა:
- ძუძუს კიბოთი დაავადებულმა ქალმა შეიძლება ვერც პარიკი იყიდოს და ვერც ძუძუს პროთეზი გაიკეთოს. მანდილოსანს კი სრულფასოვნება სჭირდება. ამ დაავადებასთან გამკლავება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია  ჩვენთვის. პაციენტებს ქიმიოთერაპია, სხივები და პრეპარატი ჰერცეპტინი ყოველთვის სჭირდებათ. ერთი ამპულა ჰერცეპტინი 4500 ლარი ღირს. ერთ კურსზე კი 16 და მეტი ამპულა ინიშნება. ამხელა თანხებს მოძიება ხომ უნდა?! ქალი საბოლოო დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის დაწყებამდე ყველაზე მძიმე პერიოდს გადის. ამ დროს, ჩვენი ორგანიზაცია მას ფსიქოლოგიურად ეხმარება. პაციენტმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რასთან აქვს საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ  შეძლებს ყველა ეტაპის გავლას. სიცოცხლე კი არ დამთავრდა, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, ოღონდ ეს უკვე ბრძოლის ეტაპია. არც ერთ პაციენტს არ მოსწონს, როცა ვინმეს ეცოდება. მეც ასე ვიყავი, როცა კიბოს დიაგნოზი დამისვეს.
- როგორ შევხდით დაავადებას, რომელსაც დღეს უკვე ბევრ ქალთან ერთად ებრძვით?
- კვანძი რომ გამიჩნდა, ძალიან ახალგაზრდა, 29 წლის ვიყავი. დიაგნოზის გაგებისთანავე 15 წუთიანი შოკი მქონდა. მითხრეს, რომ კვანძი ძალიან დიდია და ცოტა სიცოცხლე გაქვს დარჩენილიო. თუმცა, ექოსკოპისტმა თეა ჩანგელიამ დამარწმუნა, რომ ჩემს მკერდში მძიმე დიაგნოზს ვერ ხედავდა. სამი თვე დავაკვირდით და ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე, მკურნალობის შედეგად კვანძი დაპატარავდა. ამასობაში მეორე შვილი გავაჩინე. 13 წლის განმავლობაში ვაკონტროლებდი ჯანმრთელობას, მაგრამ სულ სხვა კვანძი გადამეზარდა სიმსივნეში. ჯერ ორივე მკერდი მოვიკვეთე, 8 თვის მერე კი მკერდის აღდგენა გავიკეთე. ძალიან რთულია ახალ მკერდთან შეგუება. ფაქტობრივად უცხო სხეულს ვატარებ, მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე.
- კოალიციაში ყველაზე პატარა გარდაცვლილი პაციენტი რამდენი წლის იყო?
- ყველაზე ახალგაზრდა 28 წლის სოფო იყო, რომელსაც ძალიან აგრესიული ფორმის სიმსივნე ჰქონდა. საკმაოდ გვიანაც აღმოაჩინა და ამიტომაც ვეღარ უშველა მკურნალობამ.  არსებობენ ქალები, რომლებიც კიბოს აღმოჩენის შემდეგ ქმრებმა მიატოვეს. ამიტომაც, კოალიციის გარდა, ჩამოვაყალიბე „ქმრების კლუბი" , სადაც ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების ქმრები არიან გაწევრიანებულები და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან მათ. მე თვითონ ატირებული პაციენტი ბევრჯერ დამირწმუნებია. ქიმიოთერაპიის პალატებში დავდივარ და გოგოებს ვამხნევებ. ერთხელ, ქიმიოთერაპიას საოცარი სილამაზის გოგონა იკეთებდა და „ზენკა და მარის" დეფილეზე გამოსვლა შევთავაზე, მხოლოდ მის თვალზე ცრემლი აღარ უნდა მენახა. ეს გოგო, ნინო ტაბატაძე სამი შვილის დედაა და დღეს იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან მუშაობს. იმის შემდეგ, ერთი დღეც არ დაწოლილა. ეს არის მესიჯი ჩვენგან, რომ კიბო განაჩენი არ არის, სიცოცხლე გრძელდება!
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.