Russian English
გვემუქრება თუ არა ოქტომბრიდან გრიპის ახალი შტამი და ვისთვის იქნება აცრები უფასო?!
ოთხშაბათი, 08 ოქტომბერი, 2014 - 21:57

რა სახის დაავადებების მომატებაა მოსალოდნელი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან და რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მივმართოთ ვირუსული და ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად? MediaCity-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესაუბრება:

- მალე გააქტიურდება რესპირაციული ვირუსები, ე.წ. გრიპის მსგავსი დაავადებები. თუმცა, ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება. ამ დროისთვის ფიქსირებულია ისეთი ტიპის ვირუსები, როგორიც გახლავთ ადენოვირუსი, რინოვირუსი, ენტეროვირუსი და ა.შ.

- არადა, დღეს ყოველ მეორეს გრიპი აქვს. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ რომ გვგონია, ის დაავადება გრიპი არ არის?

- ეს გახლავთ ჩვეულებრივი გაციება, რომელსაც იწვევს არა გრიპის, არამედ სხვა ვირუსი და იგი გრიპთან შედარებით იოლად მიმდინარეობს. გრიპის რაიმე შტამის ვირუსი ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა.

- მაშინ, როდის დაფიქსირდება,  უნდა ველოდეთ თუ არა წელს რაიმე ახალ შტამს?

- ახალ შტამზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ გრიპი სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გააქტიურდება. მის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვითი ღონისძიება გრიპის საწინააღმდეგო აცრა გახლავთ.

- აცრა ფასიანი იქნება?

- მხოლოდ ნაწილისთვის. უფასოდ აიცრებიან ბავშვთა სახლების აღსაზრდელები და მოხუცთა თავშესაფრის მკვიდრები. ასევე, ქრონიკულ დიალეზზე მყოფი ავადმყოფები, შიდსიანები, დიაბეტიანი ბავშვები და ა.შ. უფასო აცრებს დაექვემდებარებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის თანამშრომლები, რომლებიც გრიპოზულ დაავადებებზე და ინფექციებზე მუშაობენ. ასევე, სასწრაფო დახმარებისა და „ემერჯენსის" სერვისების პერსონალი.

- ფასიანი აცრა რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის?

- ხშირად მეუბნებიან, რომ მთელ რიგ ქვეყნებში გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასოა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი ქვეყანა არ არსებობს. დიფტერიაზე, ჰეპატიტზე, პოლიომიელიტზე, დაახლოებით 12 ინფექციაზე უფასო აცრებია და ამ აცრებს სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს. გრიპის ვაქცინაცია კი ჯერჯერობით, არც ერთი ქვეყნის უფასო აცრათა ჩამონათვალში არ შედის.

- რამდენად  ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია?

- დიფტერიის ან წითელას საწინააღმდეგო აცრისგან განსხვავებით, რომლებიც 98-99%-იან გარანტიას იძლევიან, გრიპის ვაქცინის დაცვის კოეფიციენტი 70- 80%-ია. რაც შეეხება მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობას, ფასები უალოეს მომავალში განისაზღვრება. საშუალოდ, წლის განმავლობაში საქართველოში 8-დან-12 000-მდე ადამიანი იცრება. 2014 წლისთვის სახელმწიფომ ვაქცინის 8000 დოზა უკვე შეიძინა და ამ თვის ბოლოდან უკვე დაიწყება აცრები.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.