Russian English
სააფთიაქო ნარკომანიის ახალი სქემა თბილისში
სამშაბათი, 01 სექტემბერი, 2015 - 19:57

ერთი წლის წინ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მედიკამენტების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით არის შესაძლებელი. საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა გახდა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, რეცეპტების აღდგენის საჭიროება ორმა გარემოებამ განაპირობა. ეს არის მეორე ჯგუფის მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება ანუ სააფთიაქო ნარკომანია და მეორე, წამლის თვითნებურად, ექიმის ინსტრუქციის გარეშე მიღება, რამაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. კანონის ამოქმედების შემდეგ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეცეპტის გარეშე გაყიდვა გამოიწვევს აფთიაქის მფლობელის სისხლის სამართლებრივ დევნას და საკმაოდ ხანგრძლივი ვადით ფარმაცევტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი ხდება, რომ  სახელმწიფოს მიერ სააფთიაქო ნარკომანიის შეზღუდვისთვის გატარებული პრევენციული ღონისძიებები არაეფექტურია და ფსიქოტროპული თრობის ეფექტის მქონე მედიკამენტები სააფთიაქო ქსელში თავისუფლად იყიდება. თელავის რაიონის, სოფელ შალაურის მაცხოვრებელი გულიკო პაატაშვილი MediaCity-ს თავისი პრობლემების შესახებ უყვება.ხანდაზმულ ქალბატონს მეუღლე და ქალიშვილი წლების წინ გარდაეცვალა, ერთადერთი ვაჟიშვილი კი ნარკოტიკების მომხმარებელია. იმ იმედით, რომ შვილი ნარკოტიკებს თავს დაანებებდა, საკანონმდებლო ცვლილებებს სიხარულით შეხვდა, თუმცა კანონის ამოქმედებიდან ერთი კვირის შემდეგ იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილია და აცხადებს, რომ სააფთიქო ნარკომანიის შეზღუდვაზე საუბარი მოსახლეობის მოტყუება გახლავთ და სხვა არაფერი.

გულიკო პაატაშვილი:

- კახეთის ერთ-ერთ რაიონში მცხოვრები პენსიონერი ქალი ვარ. ქმარი და ქალიშვილი წლების წინ გარდამეცვალა და ერთადერთი ვაჟიშვილის იმედად დავრჩი. გარეგნულად მშვენიერივაჟკაცია, მაგრამ ეშმაკმა აცდუნა და ნარკოტიკებს მიეჩვია. ამ საზიზღრობას ძირითადად,თბილისში შეგულებულ აფთიაქებში ყიდულობდა. ამიტომ, ახალი კანონის გამოსვლას დიდი იმედით და სიხარულით შევხვდი. ვიფიქრე, ნარკოტიკის შოვნის გზა რომ მოეჭრება, იქნებ გადაეჩვიოს. პირველი სექტემბრიდან რეცეპტურის კანონი ამოქმედდა და ორ სექტემბერს ჩემმა შვილმა მეგობრებთან ერთად თბილისიდან ნარკოტიკები ჩამოიტანა. ვარკეთილში მდებარე რომელიღაც ფსიქოტროპულ აფთიაქში შეიძინეს. მგონი 50 აბი ბაკლოსანი მოიტანეს, რომელიც ორ დალევაზე ჰყოფნით. ბაკლოსანი საშინელი პრეპარატია, რომელიც ანგრევს მთელ ორგანიზმს, მაგრამ ის არ ვიცი, შვილი ამ საშინელებისგან როგორ ვიხსნა.

- თქვენი შვილი ვარკეთილის აფთიაქის მომსახურებით კანონის ამოქმედებამდეც სარგებლობდა თუ ახლა მიაგნო?

- არა, ადრეც იმ აფთიაქში ყიდულობდა წამლებს. მე და თქვენ რომ მივიდეთ, ერთ აბ დიაზეპამს ან ვალიუმს არავინ მოგვყიდის და ეს ბიჭები რომ მიადგებიან, შეუზღუდავი რაოდენობის წამალს აძლევენ, მაგრამ გაორმაგებული ფასით. ნარკომანები ერთმანეთს ასწავლიან რომელ აფთიაქში შეიძლება  ამ წამლების თავისუფლად შეძენა. ხელისუფლებამ ფსიქოტროპულ აფთიაქებს თუ არ მიხედა, რა აზრი ჰქონდა ამ რეცეპტების შემოღებას? „ავერსი" და „პსპ" ისედაც არ ყიდდნენ ამ კატეგორიას და ფსიქოტროპულები ძველებურად თავისუფლად ყიდიან. რა გამოდის? მე წნევის წამლები ურეცეპტოდ ვეღარ შემიძენია და ჩემი შვილი ისევ თავისუფლად ყიდულობს ბაკლოსანს და გრიმოდინს. ეს აკრძალვები თუ იმისთვის დააწესეს,რომ წნევის წამლები დროულად ვერ ვიყიდო და პრობლემა შემექმნას, მიზანი მიღწეული აქვთ. ნარკომანებისთვის კი არაფერი შეცვლილა. საშინლად იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილი ვარ.

რამდენიმე დღის წინ ფსიქოტროპული აფთიაქებიდან მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის ფაქტების გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაციამ "ანტიკორუფციული კავშირმა" რეიდი ჩაატარა. გამოვლინდა თუ არა მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის ფაქტი, MediaCity-სთან ამასთან დაკავშირებით   კავშირის თავმჯდომარეს გიორგი ბურჯანაძე შემდეგ კომენტარს აკეთებს:

ფსიქოტროპული აფთიაქებიდან მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის ფაქტების გამოსავლენად რეიდი ჩავატარეთ და დავრწმუნდით, რომ საკანონმდებლო  რეგულაციებითა და რეცეპტურის ამოქმედებით არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება, ვარკეთილში მდებარე ფსიქოტროპულ აფთიაქებს, აქ ორი ასეთი აფთიაქი გვაქვს აღრიცხული. აქედან ერთ-ერთი 6000 ლარითაა დაჯარიმებული, მაგრამ როგორც ჩანს, ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობა იმდენად მომგებიანია, რომ პირველ ჯერზე 6000 ლარიანი, ხოლო შემდეგ 12 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა არ აშინებთ. საუბარია, აფთიაქების მხრიდან სერიოზულ ფინანსურ დაინტერესებაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ზომები არაეფექტური აღმოჩნდა.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.