Russian English
ახალი პოლიტიკური ძალა: ხაზარაძე, გაჩეჩილაძე და პატარკაციშვილის ოჯახი პარტიას ქმნიან?!
სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2015 - 22:03
2015 წლის 18 აგვისტოს „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის პირად ელექტრონულ ფოსტაზე მოვიდა შემდეგი შინარსის წერილი:
„პატივცემულო არნო,
აღნიშნულ მიმართვას გიგზავნით პირთა ჯგუფი, რომელიც საკმაოდ ახლოს დგას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პრობლემატიკასთან და მოცემული მიმართულებით ზოგიერთ პროცესზე ზეგავლენასაც ახდენს. სამწუხაროდ, არა ყველაზე - რიგი, ძირითადად, სუბიექტური მიზეზების გამო. ამავე მიზეზებით ჩვენს მიმართვას გარკვეულად ანონიმური ხასიათი აქვს. აღნიშნული მიმართვის არსი საქართველოსთვის აქტუალურ საკითხში მდგომარეობს, რომლის შემდგომ განვითარებასაც შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს არა მარტო საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე, არამედ გარკვეული ცვლილებებიც შეიტანოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
როგორც ჩვენთვის ცნობილი შეიქნა, მალე საქართველოში ასპარეზზე გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი და ძირითადი მემკვიდრე. ახალი პარტიის ლიდერები შესაძლოა იყვნენ წარსულში ცნობილი საქართველოს პოლიტიკური მოღვაწენი, რომელთაგან ერთმა, ლევან გაჩეჩილაძემ, უკვე დაიწყო აქტიური მოლაპარაკებების წარმოება შესაძლო თანამოაზრეებსა და პარტნიორებთან.
სიტუაციის უჩვეულობა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს ცნობილმა ქართულმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, რომელსაც ზეწოლის რეალური ბერკეტები აქვს როგორც პატარკაციშვილების ოჯახზე, ასევე საქართველოს მთავრობაზე.
საქმე ისაა, რომ პატარკაციშვილების ოჯახს თავის აქტივებში აქვს „ბორჯომის“ (კომპანია IDS Borjomi) აქციების 37%-მდე წილი, რომელიც, სხვადასხვა მაქინაციის (ძირითადად, კომპანია Salfird Capital Partners-ის დახმარებით ჩატარებული  ფინანსური ოპერაციებისა და გარიგებების გზით) ხაზარაძის კონტროლქვეშ რჩება და მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია, საკმაოდ სოლიდური კაპიტალი (300 მლნ დოლარამდე) პოლიტიკურ აქტივად გადააქციოს.
როგორც ცნობილია, 2011 წლის 6 ივლისს ხელი მოეწერა მშვიდობიან შეთანხმებას (Settlement Agreement) ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა, რომელსაც წარმოადგენდნენ მისი მეუღლე ინა გუდავაძე, დედა ნათელა პატარაკაციშვილი და ორი ქალიშვილი - უფროსი ლიანა ჟმოტოვა (ქმრის გვარით) და უმცროსი ია პატარკაციშვილი, და საქართველოს ხელისუფლების ყველა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს შორის, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თინა ბურჯალიანის სახით. აღნიშნული შეთანხმების ტექსტი აქამდე ძნელად ხელმისაწვდომია, თუმცა დარეგისტრირებულია წესისა და რიგისამებრ. ის არ მოიპოვება სასამართლო რეესტრსა და არქივებში. აღნიშნული ვითარების ძირითადი მიზეზი, როგორც ჩანს, იმაში მდგომარეობს, რომ ორივე მხარემ რამდენადმე გადაუხვია საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახს თითქმის 400 მლნ დოლარი უნდა გადაუხადოს. რაკიღა გარიგება ძველი ხელისუფლების დროს  არ დახურულა, ამ თანხის გადახდა მოქმედ ხელისუფლებას მოუწევს. ჯერჯერობით აღნიშნული მიმართულებით მხარეები სიტუაციის ფორსირებას არ ახდენენ, რადგან ოჯახს რეალური პოტენციური შესაძლებლობა აქვს, უკან მიიღოს არა მარტო ოდესღაც მისი კუთვნილი აქტივები, არამედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სხვა ობიექტებიც. ასევე, ყურადსაღებია ის, რომ ოჯახი, რომელსაც საკუთარი ძლიერი ტელეკომპანია „იმედი“ და გარკვეული პოლიტიკური ამბიციები აქვს მომავლისთვის, თავისუფლად შეუძლია ჩვეულებრივი კაპიტალის პოლიტიკურ კაპიტალად ქცევა. და სწორედ აქ საკვანძო როლს თამაშობს იგივე მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ამ 400 მლნ დოლარის საკითხის დარეგულირება საკუთარ თავზე აიღო, რითაც, გარკვეულწილად აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას.
პატივცემულო არნო,
ჩვენი მიზანია ქართველი საზოგადოებისა და საქართველოს ხელისუფლების ყურამდე (ჩვენ უკვე ვიზრუნოეთ პრემიერ-მინისტრის ინფორმირებაზე, თუმცა დარწმუნებული არ ვართ, რომ წარმატებით, რადგან საკმაოდ ბევრი დრო გავიდა) მივიტანოთ საქმის ჭეშმარიტი ვითარება. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარებითა და მხარდაჭერით ზეგავლენას მოვახდენთ სიტუაციაზე, რომელიც უკვე გამოვიდა კონტროლქვეშიდან. იმედი გვაქვს, ასევე, გაგებისა და მხარდაჭერის, რომელსაც ჩვენ, ჩვენი მხრიდან, გპირდებით მომავალში, ჩვენი და თქვენი მეგობარი ქვეყნებისა და მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
ალექსანდრე სოკოლოვი“
„საქინფორმს“ ეს წერილი თვეზე მეტია არ გამოუქვეყნებია. რედაქცია მოვლენების განვითარებას ელოდა და ამავდროულად, ცნობებს კრებდა . „საქინფორმმა“ მიმართა „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ იურიდიულ და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტს თხოვნით - დეტალურად გამოეძია ზემოდმოცემულ წერილში მოყვანილი თემები.
მხოლოდ ამის შემდეგ  „საქინფორმმა“  გამოაქვეყნა წერილი, სადაც  მოცემულ ფაქტების ექსპერტული შეფასება გააკეთა „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელმა  დავით ფურცხვანიძემ.
„საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორს,
ბატონ არნო ხიდირბეგიშვილს
ბატონო არნო,
პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ ჩემი და ჩემი ორგანიზაციის კომპეტენციის აღნიშვნისათვის. 
მოკლედ გაგეცნობით: ჩვენი ანალიტიკური სააგენტო, რომელიც 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს მოსკოვსა და თბილისში, ძირითადად პოლიტიკური მოვლენების შესწავლითა და ანალიზით და კორპორატიული უსაფრთხოების უზრუნველყოფითაა დაკავებული, რაც ასევე გულისხმობს მრავალპროფილიან დეტექტურ საქმიანობას. 2013 წელს გაკეთდა სააგენტოს რებრენდინგი და მას ეწოდება „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი“, რომელიც ახლად შექმნილ „პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროსთან“ ერთად გაერთიანებულია საინფორმაციო-ანალიტიკურ ჰოლდინგში.
რაც შეეხება განსახილველ საკითხს, რომლის საფუძველი გახდა თქვენს სახელზე ბატონ ალექსანდრე სოკოლოვის მიერ გამოგზავნილ წერილში მოყვანილი ფაქტები და მათი ერთგვარი ინტერპრეტაცია:
ჩვენი სააგენტო ჯერ კიდევ 2009 წელს იყო დაინტერესებული „ბორჯომისა“ და მასთან აფილირებული კომპანიებითა და თემატიკით. დაინტერესების მოტივი მხოლოდ თემით დაინტერესებული კომპანიების ბიზნეს-ინტერესებს და უკავშირდებოდა. საკითხის ზედაპირულად შესწავლამ პირველივე ეტაპზე ცხადი გახადა, რომ აღნიშნული ბიზნესი თითქმის მთლიანად პოლიტიზირებული იყო და ძირითადად მოიცავდა საქართველოს, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის საქმიან წრეებს. პირველი უცხოური (ოფშორული) კომპანია, რომელიც გამოჩნდა „ბორჯომის“ თემით საქართველოში, იყო ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Salford Capital Partners Inc. ცოტა უფრო ადრე ეს კომპანია,«Sun Capital Company»-სა და «Caucascom Ventures l.p.»-თან, ასევე ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებულ «Compound Capital Limited»-თან ერთად კომპანია «Magticom»-ის პროექტის რეალიზებაზე მუშაობდა.
ამის შემდგომ Salford Capital Partners Inc.-ის მიერ საქართველოში დარეგისტრირდა IDS Borjomi Georgia და IDS Borjomi Tbilisi, რომელთა დამფუძნებელი ოფიციალურად გახლავთ ასევე ოფშორული კომპანია, ანტილის კუნძულებზე რეგისტრირებული Ltd IDS Borjomi Beverages Company. ყოველივე ეს ხდებოდა 2004 წელს, როდესაც კომპანია „ბორჯომის“ ბაზაზე შეიქმნა საერთაშორისო კომპანია "IDS Borjomi International". მასში შევიდნენ მინერალური წყლების მწარმოებელი უკრაინული და რუსული კომპანიები "Миргородская", "Моршинская", "Трускавецкая" და “Эдельвейс”.
2009 წლიდან გაერთიანებამ მიიღო ერთგვარად დასრულებული სახე: "IDS Borjomi International"-ის სათავო ოფისი გაიხსნა კიევში, საქართველოში დაფუძნდა Ltd IDS Borjomi Georgia, რუსეთში - IDS Borjomi Russia, უკრაინაში - IDS Group Ukraine.
დღეისათვის შექმნილია ასეთი სურათი: პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს „ბორჯომის“ წილის 38,3%-ს, რუსული „ალფა-ჯგუფი“ 54%-ს, უკრაინის მხარე 6%-ს. 2%-მდე წილი წვრილ აქციონერებშია გადანაწილებული.
რაც შეეხება ამ და სხვა აქტივების ფინანსურ შეფასებას: ბატონ სოკოლოვის წერილში მოყვანილი ციფრები დიდი მიახლოებით ასახავს რეალობას, თუმცა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, ტელეიმედის, მთაწმინდის პარკის და სხვა ობიექტების პერსპექტივა.
ცალკე უნდა აღინიშნოს ასევე ბატონ სოკოლოვის წერილში მოყვანილი „მშვიდობიანი შეთანხმება“ (Settlement Agreement), რომელიც 2011 წლის 6 ივლისს გაფორმდა მაშინდელ ხელისუფლებასა და პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის (ამ დოკუმენტის ორიგინალის ასლს თან ვურთავთ).  
ამ შეთანხმების ტექსტი შედგენილია ინგლისურ ენაზე, ორ ადგილზე ქართულენოვანი ჩართვით: მე-10 გვერდზე მოყვანილია ჩამონათვალი ბადრი პატარკაციშვილის კომპანიებისა, რომელთა ნაწილი აღარ არსებობს, ან გაკოტრებულია, ხოლო 24-26 გვერდებზე შეგიძლიათ იხილოთ შეთანხმება თბილისის მაუდის კომბინატთან დაკავშირებით.
ეს, რაც შეეხება ბიზნესის თემას.
საკითხის პოლიტიკური ნაწილი ბევრად უფრო ბუნდოვანია:
აქ ერთ-ერთ განმსაზღვრელ როლს თამაშობს ტელეკომპანია „იმედის“ შემდგომი განვითარების სტრატეგია. ჯერ-ჯერობით ნათლად იკვეთება ქართული სატელევიზიო სივრცის გადანაწილების ტენდენცია, რამაც ფორსირებული სახე მიიღო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, და რამაც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სრულიად განსხვავებული მედია სურათი შექმნას. ამ პროცესებში „იმედი“, „მაესტროსთან“ ერთად, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბატონ სოკოლოვის წერილში მოყვანილ მოსაზრებებში სერიოზული ლოგიკა დევს, ვინაიდან 400 მილიონ დოლარიანი „სიმძიმის“ ბერკეტი, რომელზეც ყველაზე მეტად სწორედ ბატონ მამუკა ხაზარაძეს მიუწვდება ხელი, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია. ეს თანხა პირდაპირ კავშირშია პატარკაციშვილების ოჯახთან, რომლის მთავარი დიასახლისი, ქალბატონი ინა გუდავაძე პოლიტიკაში შესვლის სურვილს ალბათ კიდევ გააჟღერებს, რაც პირდაპირ კავშირშია ბატონ ლევან გაჩეჩილაძესთან... საკმაოდ მწყობრი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და სქემა იკვეთება, რომელიც უახლოეს პერიოდში უფრო ცხადი გახდება.
უახლოეს მომავალში კვლავ დავუბრუნდებით ამ თემას, ვინაიდან ჩვენი ცენტრის იურიდიულ და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი განაგრძობს მოკვლევას ამ და სხვა საკითხებზე. ამავდროულად ინტენსიურ მონიტორინგს ვატარებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პროექტ „მედიალოგიის“ ფარგლებში და შევეცდებით, კვალიფიციური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.
პატივისცემით,
დავით ფურცხვანიძე 
უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი
28.09.2015“
 
წყარო: http://saqinform.ge
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.