Russian English
„სხადნიაკი“ მოსკოვში - სისხლიანი გარჩევის მოლოდინში
კვირა, 11 ოქტომბერი, 2015 - 21:15
ახალ წესებს ადგენს ქურდული სამყარო. ამჯერად, ზაქარია კალაშოვის (მეტსახელად, „შაქრო მალადოის“) ხელმძღვანელობით. ევროპაში გაფანტული და რუსეთში მცხოვრები კანონიერი ქურდები მასშტაბური შეკრებისთვის ემზადებიან. ხსენებულ შეკრებაზე იგეგმება დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებთან მიმართებაში კონკრეტული საკითხების განხილვა. კერძოდ, ტარიელ ონიანის (მეტსახელად, „ტაროს“) კლანის წევრებს უნდა ჩამოერთვათ ქურდის წოდება. ეს კი დიდ დაპირისპირებას გამოწვევს.
2015 წლის იანვარში სომხეთში ჩატარდა კანონიერი ქურდების მოსამზადებელი „სხადნიაკი“, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვისაც 2008 წელს მიენიჭა კანონიერი ქურდის წოდება, ხელახლა უნდა გადაიხედოს. ასევე, „სხადნიაკს“ შიგნით, „კრიმინალურ გენერალზე“ გელა ქარდავაზე ძებნა გამოცხადდა. 
საქმე იმაშია, რომ სომხეთში ჩატარებულ კრებაზე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ გელა ქარდავა უნდა ყოფილიყო, მაგრამ იგი ამ კრებას არ დაესწრო. ქარდავას პასუხი უნდა გაეცა ქურდების კითხვაზე - რატომ მოაწერა ხელი და ჩამოართვა ქურდის წოდება ბადრი კოღუაშვილს (მეტსახელად, „ბადრი“). კოღუაშვილი დამნაშავეთა სამყაროში ავტორიტეტულ პირად ითვლება და „შაქრო-მალადოის“ მეგობარია. ვინაიდან გელა ქარდავა იანვრის შეხვედრას არ დაესწრო, მასთან შედგა ე. წ. ვიდეო-სატელეფონო საუბარი „შაქრო მალადოის“, გიორგი დიაკვნიშვილის (მეტსახელად, „გია გრძელი“), რობინზონ არაბულის (მეტსახელად, „რობინზონი“) და კიდევ რამდენიმე კანონიერი ქურდის თანდასწრებით. სწორედ ამ საუბრის შემდეგ გადაწყდა გელა ქარდავასთვის ქურდის წოდების ჩამორთმევა. ქარდავას გაუხსენეს ახლობლური  ურთიერთობები ვადიმ ივანენკოსთან (მეტსახელად, „ვადიმ კრასნოდარსკი“), რომელიც ქურდული „აბშიაკის“ ფულის გაფლანგვის გამო, 2015 წლის თებერვალში თურქეთში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. 
გელა ქარდავას და სხვა კანონიერი ქურდების საბოლოო ბედი გადაწყდება მასშტაბურ შეკრებაზე, რომელიც 2016 წლის გაზაფხულის ბოლოს მოსკოვის შემოგარენში გაიმართება. ხსენებულ შეკრებაზე ჩამოვა 300-მდე ქურდი. „სხადნიაკზე“ ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ტარიელ ონიანის ამჟამინდელ და ყოფილ მომხრეებს შორის არსებული დაპირისპირება. თავის დროზე, როდესაც ტარიელ ონიანს ომი ჰქონდა გაჩაღებული ასლან უსოიანთან (მეტსახელად, „დედ ჰასანი“), მის კლანში სრული ერთობა იყო. მას შემდეგ, რაც უსოიანი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, „ბოსთა შორის ბოსის“ ადგილი დაიკავა „შაქრო მალადოიმ“, ტარიელ ონიანის  მომხრეთა ნაწილმა კი საჭიროდ ჩათვალა მჭიდრო ურთიერთობა გაება შაქრო კალაშოვთან. დღეს მათ ხშირად იხილავთ მოსკოვის „გოლდენ პალასის“ კომპლექსში - შაქრო მალადოის შტაბ-ბინაში. ამ ადგილას ხშირად დაიარება ასევე კახაბერ ფარფალია (მეტსახელად, „კახა“). იგი წლების განმავლობაში „ტაროს“ და მისი თანამოაზრის მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად, „მერაბ სუხუმსკი“)  ახლო გარემოცვაში შედიოდა, სანამ  2014 წელს ოდესაში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მოსკოვში არ გადმოინაცვლა.
კახაბერ  ფარფალიას გადასვლამ კალაშოვის კლანში, ერთობ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ტარიელ ონიანში. ონიანი დღეს-დღეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. საზღვარგარეთ აგრძელებენ „მოღვაწეობას“ მისი კლანის წევრები - მამუკა ონიანი (მეტსახელად, „მამუკა“), გურამ ჭიქაბერიძე (მეტსახელად, „ჭიკჭიკა“), ანზორ ხუციშვილი (მეტსახელად, „ანზორი“) და ლაშა ნიჟარაძე (მეტსახელად, „ლაშა“). თითოეულმა მათგანმა, კახა ფარფალია და ყოფილი თანაგუნდელები მოღალატეთა სიაში შეიყვანა.
მწიფდება სერიოზული კონფლიქტი ტარიელ ონიანის კლანის იმ წევრებს შორის, რომლებიც მიემხრნენ კალაშოვს, და მათ შორის, ვინც არ მიემხრო. უახლოეს პერიოდში შესაძებელია დაიწყოს ახალი კრიმინალური ომი, ყველა გამომდინარე შედეგით.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.