Russian English
არასამთავრობოები ფალსიფიცირებული მედიკამენტების საწინააღმდეგო აქციებს გეგმავენ
ოთხშაბათი, 09 ივლისი, 2014 - 16:38

"საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირი" ფალსიფიცირებული მედიკამენტების საწინააღმდეგოდ ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას გეგმავს. კავშირის ლიდერის თამარ დადიანის თქმით, ფარმაცევტული ბაზარი გაჯერებულია ფალსიფიცირებული და ვადაგასული მედიკამენტებით და ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. კავშირმა უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ მინისტრის 2010 წლის ბრძანებით (#380) ფარმაცევტული პროდუქტი მხოლოდ შერჩევით კონტროლს ექვემდებარება. რა კრიტერიუმებით ხდება წამლის ეს "შერჩევითი კონტროლი", ვინ ახორციელებს მას და რომელი წამალი ხვდება ან არ ხვდება ამ შერჩევაში?! სამინისტროდან მიღებული პასუხი დაცინვაა და სხვა არაფერი - აცხადებს თამარ დადიანი "MediaCity"-სთან საუბარში:

ჩვენ მოგვმართავენ დაზარალებული ადამიანები. მათი თქმით, წამლის დოზის გაზრდის მიუხედავად, სასურველი ეფექტის მიღება შეუძლებელია. ფალსიფიკაცია ყველაზე მეტად ფართოდ მოხმარებად იაფფასიან მედიკამენტებს ეტყობა. ესენია ტკივილგამაყუჩებელი და წნევის მარეგულირებელი წამლები. ადრე თუ ერთი აბი ციტრამონი საკმარისი იყო ეფექტის მისაღებად, დღეს სამიც არ ჰყოფნით და არავის უჩნდება კითხვა, რატომ? იგივეს თქმა შეიძლება ანალგინზე, ვალიდოლზე, ადელფანზე და ა.შ. მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ხარისხიც იწვევს. არის მოსაზრება, რომ ფალსიფიცირებული წამლების მნიშვნელოვანი ნაწილი სომხეთიდან და თურქეთიდან შემოდის. საზღვრის გაკონტროლება მაინც ხომ შეიძლება? ჩვენ უკვე მივწერეთ პრემიერ-მინისტრს და ვთხოვეთ გადახედოს წამლების შერჩევითი კონტროლის სქემას და ფარმაცევტულ საქმიანობაზე სამთავრობო კონტროლი განახორციელოს. ასევე გაგზავნილი გვქონდა წერილი ეკა ბესელიასთან, რომელმაც ეს საკითხი შესასწავლად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს გადასცა. იმედია, ბოლოს და ბოლოს ყინული დაიძრება და ვიღაცა მაინც ამ პრობლემით სერიოზულად დაინტერესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები გარდაუვალია.

ხუთწლიან უშედეგო მკურნალობას ფალსიფიცირებულ მედიკამენტებს აბრალებს გაგრიდან დევნილი იზო ქირია.

გაგრიდან დევნილი გახლავართ. გადატანილი სტრესების და ნერვიულობის შედეგად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა. გული, თირკმელები და რა ვიცი, რა აღარ მაწუხებს. ხუთი წლის მანძილზე იმდენი წამალი მაქვს დალეული და გაკეთებული, რომ ვერ დავითვლი. ამდენ ფულს წყალში ვყრი და მკურნალობის ეფექტი ნულია. დიაგნოზიც და მკურნალობაც რამდენიმე სხვადასხვა ექიმთან გადავამოწმე. ყველა მიდასტურებს, რომ დანიშნულებაც სწორია. ამ დროს, ეფექტი არ ჩანს. ექიმი იმას ხომ ვერ მეტყვის, რომ წამლებია უვარგისი და ფალსიფიცირებულიო. არადა, ფაქტი სახეზეა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უკანასკნელ თეთრებს ყოვლად უვარგის წამლებში ვიხდი. მოგვხედოს ხელისუფლებამ ამ გაუბედურებულ ადამიანებს და გააკონტროლოს ბაზარი, თორემ ასე თუ გაგრძელდა, მალე არც საყოველთაო დაზღვევა დაგვჭირდება და არც არაფერი.

"საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირი" ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის პარალელურად ფალსიფიცირებული მედიკამენტებით დაზარალებული მოქალაქეებისგან ინფორმაციის შეგროვებას განაგრძობს. იმ შემთხვევისთვის, თუ მთავრობისგან ფარმაცევტული ბაზრის კონტროლის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნაზე უარს მიიღებენ, „საუდაკელები"  საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.