Russian English
ილია მეორეს პირადი ფოტოგრაფი... პატრიარქის გარემოცვაზე
კვირა, 03 იანვარი, 2016 - 16:21
ბადრი ვადაჭკორია საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს პირადი ფოტოგრაფი გახლავთ. წლების წინ, უწმინდესთან და უნეტარესთან ერთადერთი შეხვედრა გახდა საკმარისი, რომ პატრიარქს ყველგან ხლებოდა და მისი ყველა ნაბიჯი ფოტო-ობიექტივით დაეფიქსირებინა. თუ რა ინახება ფოტოხელოვანის უნიკალურ არქივში, ფოტოგრაფი Mediacity.ge-თან საუბრობს:
- ბატონო ბადრი, როგორი იყო პატრიარქთან თქვენი პირველი შეხვედრა?
- შეიძლება ითქვას, რომ უწმინდესის მემატიანე ვარ. პატრიარქს პირველად 1992 წელს შევხვდი. ვალერი კვარაცხელია გადაცემას წერდა და იქ ვიხილე პირველად მისი უწმინდესობაც. საქმე რომ დავასრულეთ, ვიტრაპეზეთ. მახსოვს, ძალიან დაძაბული ვიყავი. ზუთხის ხინკალი პირველად მაშინ დავაგემოვნე. უწმინდესს ვკითხე, რომელი თევზის არის მეთქი და ზუთხისო, მიირთვით, მოგეწონებათო - მიპასუხა. პატრიარქს განსაკუთრებული იუმორის გრძნობა აქვს. მასთან ყოფნისას სიმშვიდეს ვგრძნობ და კიდევ იმას, რომ მფარველი მყავს.
- პერსონალურად მისთვის ფოტოების გადაღება როდის დაიწყეთ?
- 1980-იან წლებში. უამრავი საინტერესო ფოტო მაქვს გადაღებული. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 1994 წელს დიპლომატიურ სამსახურში წავედი და რაღაც მომენტში შესუსტდა ჩვენს შორის კომუნიკაცია. უწმინდესთან ხშირი ურთიერთობა 2007 წლიდან აღდგა, როცა მას ჩემს მეგობარ ოთარ მარღანიასთან ერთად ვეახლე. ეს ადამიანი ჩემს ყველა პოლიგრაფიულ გამოცემას აფინანსებდა. პატრიარქს გავუმხილე, რომ მინდოდა „ქართული სულის" პირველი ტომის მომზადება, რომელიც უცხოეთში არსებულ ქართულ ძეგლებს სრულად მოიცავდა. ამაზე მას ლოცვა-კურთხევა ვთხოვე. მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით ეკლესიური ცხოვრებით არ გამოვირჩევი, არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ უწმინდესის ლოცვა-ურთხევა დიდ ძალას მაძლევდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ორჯერ ტაო - კლარჯეთში ვიყავი, ისრაელშიც გახლდით და სინას მთაზეც ავედი, სადაც წმინდა ეკატერინეს ტაძარში ქართული ხელნაწერების უზარმაზარი საცავი ინახება. ეს გახლავთ ვატიკანის შემდეგ ყველაზე დიდი ხელნაწერთა საცავი-ბიბლიოთეკა. იქ რომ ჩავედი, ჩემამდე ერთი კვირით ადრე ჩასული სომხეთის დელეგაცია დამხვდა. სამთავრობო შეთანხმების მიხედვით, მათაც ხელნაწერთა საცავი უნდა გადაეღოთ, მაგრამ არ შეუშვეს. მისვლისთანავე, საცავის ხელმძღვანელს საქართველოს პატრიარქისგან მოკითხვა გადავეცით და გადაღებაზე პრობლემა აღარ შეგვქმნია. მას შემდეგ პატრიარქის თითქმის არც ერთი უცხო ქვეყნის ვიზიტი არ გამომიტოვებია და ამაზე არ მენანება არანაირი ხარჯები. ჩემს გეგმებზე პატრიარქს ხშირად ვესაუბრები და მისგან რჩევებს ვღებულობ. ის მე არაფერში მზღუდავს. უსათნოესი და უბრძენესი ადამიანია, თითოეული სიტყვა აქვს აწონილი. მსოფლიო დონის ლიდერებთან მისი შეხვედრისას, პირადად ვარ მომსწრე, თუ როგორ იგრძნობა მის მიმართ დიდი მოწიწება. ზაფხულის მიწურულს გამოვა „ქართული სულის" მეორე ტომი, სადაც პატრიარქის მოგზაურობის ამსახველ კადრებთან ერთად ქართული კულტურის ძეგლებიც შევა.
- უწმინდესთან ერთად მოგზაურობა რა ემოციებთანა არის დაკავშირებული? როგორია მისი გარემოცვა?
- უერთგულესი ხალხი არტყია გარს.  შეიძლება, მისი გარემოცვაში გარკვეული განსხვავებული აზრები და შეხედულებები არსებობდეს, მაგრამ პატრიარქი ყველას უზომოდ უყვარს.  არც არის გასაკვირი! ამა თუ იმ ქვეყანაში გამგზავრებისას, როგორც კი თვითმფრინავი აფრინდება, უწმინდესი გამოდის სალონში და ყველას გვეფერება, გვლოცავს, გვეხუმრება, გვესიყვარულება. უწმინდესზე სხვა რა შემიძლია გითხრათ გარდა იმისა, რომ ჩემთვის პირველი ადამიანია მსოფლიოში. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.