Russian English
რომელია „გაზპრომის“ შემდეგ ყველაზე მსხვილი რუსული ინვესტიციები საქართველოში
სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2015 - 16:48
ექსპერტები არ მალავენ იმ ფაქტს, რომ საქართველოში რუსული ინვესტიციები ყოველთვის შემოედინებოდა და არც არასოდეს შემცირებულა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“  შემდეგ, მათი შემოდინება 11%-ით გაიზარდა. ხოლო, 2008 წლიდან მოყოლებული გადააჭარბა 250 მილიონ დოლარს. ყველაზე დიდი რაოდენობით რუსული კაპიტალი ამ პერიოდში წარმოდგენილი იყო ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებში, ასევე ქიმიურ, მადნეულისა და კვების მრეწველობაში. თუ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიაში 2001 წლიდან მოყოლებული 2005 წლამდე რუსეთს ეჭირა მეხუთე ადგილი ანუ 5,9% (პირველ ოთხს ადგილს ინაწილებენ თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და გერმანია). 2005  წლისთვის რუსეთი მეხუთე კი არა, პირველ ადგილას გადავიდა, სანამ 2007 წელს თურქეთი გადაანაცვლებდა უკან. მიუხედავად ამისა, 2008 წლის დასაწყისში სასაქონლო ბრუნვა საქართველო-რუსეთს შორის გაიზარდა 18%-ით და შეადგინა თითქმის 350 მილიონი დოლარი. ამასთან ერთად რუსულმა ექსპორტმა შეადგინა დაახლოებით 352 მილიონი დოლარი.
აგვისტოს ომის შემდეგ, რუსული კაპიტალის შიდაბრუნვა შეჩერდა 5 თვით, მაგრამ შემდეგ თითქმის იგივე მაჩვენებლებში განახალდა. ამ პერიოდში  მსხვილი რუსული მოთამაშე ქართულ ბაზარზე გახდა „ინტერ რაო". იგი ფლობდა თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის „თელასის" აქციათა 75%-ს, იყო უმსხვილესი დისტრიბუტორი ელექტროობის სეგმენტში და სხვა აქტივებიც გააჩნდა. 2007 წელს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, „ინტერ რაო"-ს მდ. ხრამზე უნდა აეშენებინა ჰიდროელექტროსადგური 100 მგვ სიმძლავრის. ერთი წლით ადრე, „ინტერ რაომ" მოასწრო 29 მილიონი დოლარის ინვესტირება ელექტროსადგურ „ხრამჰეს-2"-ში აგრეგატ 2-ის რეაბილიტაციაში, რითაც ამ უკანასკნელის სიმძლავრე 59 მგვ-მდე გაზარდა.
ენერგორესურსების მომწოდებელი მეორე კომპანია გახლდათ „ინტერ ჯორჯია", რომელიც რუსული კომპანია „იტერას" 100%-იანი შვილობილი კომპანია იყო. 2009 წელს, ისევე როგორც წინა წლებში მიწოდების მოცულობა კომპანიამ არ გაასაჯაროვა. „იტერა" ბუნებრივი აირით ამარაგებდა 103 საწარმოს, მათ შორის 38 ბუნებრივი აირის გამანაწილებელს. მის მიერ ყოველთვიურად მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა შეადგენდა 20 მლნ. კუბომეტრს.
კომპანია „ლუკოილი" საქართველოში ფლობს 20-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და ამდენივე ნავთობაზას. იგი ნავთობით მარაგდება აზერბაიჯანიდან. მასზე მოდის დიზელის საწვავის და სხვადასხვა მარკის ბენზინის საცალო რეალიზების 20-25%.
რაც შეეხება „ვიმპელკომს" („ბილიანის" სავაჭრო ნიშანი), აბონენტთა რაოდენობით მეორე ფიჭური ოპერატორია რუსეთის ფედერაციაში. „ვიმპელკომი" ფლობს ქართული კომპანია „მობიტელის" 51%-ს, რომელიც მან 12,6 მილიონ დოლარად შეისყიდა. „მობიტელის" დაფარვის ზონაა საქართველოს ტერიტორიის 94%-ზე მეტი, ხოლო აბონენტთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 600 ათასი ადამიანს.
უმსხვილესი რუსული ბანკი „ვი-თი-ბი", ასევე გადასარევად გრძნობს თავს ქართულ ბაზარზე. „ვი-თი-ბი" ჩვენს ქვეყანაში ფლობს 14 ფილიალს და 13 სერვის-ცენტრს.
რუსეთის ფედერაციაში წვენებისა და რძის პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი „ვიმ-ბილ-დანმა", საქართველოში შეიძინა ყურძნის წვენის მწარმოებელი კომპანია „ქართული პროდუქტები". კომპანიამ საქართველოში 8,5 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა. „ვიმ-ბილ-დანის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ დავით იაკობაშვილი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი.
ასე რომ, როდესაც ჩვენი პარლამენტარები უკრაინის მოვლენებს აკრიტიკებენ და ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ უკრაინაში მოვლენებს რუსეთი მართავს, უმჯობესი იქნება  თავის ქვეყანას მიხედონ, სადაც რუსულ ინვესტიციებს თვითონვე ლობირებენ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.