Russian English
დიდი გაყოფა!
პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2015 - 01:00
რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ ჩავწერეთ „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელთან თამარ ჩიბურდანიძესთან აფხაზეთის გენოფონდთან დაკავშირებით. სწორედ ეს ინტერვიუ და მასზე გამოხმაურებები გახდა იმის საბაბი, რომ გაგვეგო ფონდის შესახებ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც თამარ ჩიბურდანიძე დღემდე არ ასაჯაროებდა.
- თქვენს ინტერვიუს აფხაზეთის თემაზე განსაკუთრებული გამოხმაურება ჰქონდა. მანამდე თუ სულ პოზიტივი მოდიოდა თამარ ჩიბურდანიძის მისამართით, ამჯერად თქვენი ფონდის კრიტიკა დაიწყო. უკმაყოფილება მოდიოდა იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც დახმარებისთვის მოგმართეს და არ დაეხმარეთ. ასეთი კრიტიკული ტალღა თქვენს მიმართ პირველად დაფიქსირდა, შეიცვალა რამე დამოკიდებულებაში?
- ამ ინტერვიუზე მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდით, რომ ეს კომენტარები მეც წავიკითხე და გული ძალიან მეტკინა. დიახ, მოსახლეობის მხრიდან პოზიტიური განწყობაა იმ დღიდან, რა დღიდანაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. ეს ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს იმ ჯგუფს, რომელიც სამი წლის მანძილზე აბსოლუტურად უანგაროდ ვემსახურებით ქართული გენოფონდის გადარჩენას. 
- მაშინ რას ნიშნავს ეს კომენტარები, რატომ არის ხალხი განაწყენებული?
- მესმის, თქვენ ჟურნალისტი ხართ და არ არის გასაკვირი, რომ გსურთ იპოვოთ სკანდალი. აქ ამის საბაბს ვერ მოგცემთ, უბრალოდ, მცირე გაუგებრობაა. როდესაც მოსახლეობა რეკავს და გვთხოვს ფულად დახმარებას, ჩვენ  უარს ვეუბნებით მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვაქვს არანაირი ფულადი რესურსი. ამის დაჯერება უჭირთ, რადგან მეორე კითხვას რასაც სვამენ არის ის, რომ „ეს ხომ ლევან ვასაძის ფონდია“. მერე იწყება ჩვენი მხრიდან იმის ახსნა, რომ ეს არ არის ლევან ვასაძის ფონდი. უკვე ერთი წელია რაც არ არის.
- რას ჰქვია, არ არის! ყველამ ვიცით, რომ ლევან ვასაძე თქვენი ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს,  სადაც კიდევ ხუთი მსხვილი ბიზნესმენი შედის? 
- არ არის ასე და აქ არის სწორედ გაუგებრობა. ჩვენი ფონდი, ანუ „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების  ფონდი“ დაფუძნდა 2013 წლის 3 მარტს უშუალოდ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
- ქართველი დემოგრაფები და საპატრიარქო ხომ ამაზე  წლებია მუშაობენ, თქვენ კი ამბობთ, რომ დემოგრაფიულ პროექტზე მუშაობა ახალი ხელისუფლების დროს დაიწყო?  
- ქართველი დემოგრაფები მართლაც წლებია ამ თემაზე მუშაობენ და თხოვდნენ  ყველა დროის ხელისუფლებას დაეწყოთ ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა, მაგრამ უშედეგოდ. რაც შეეხება საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქს, მისი ღვაწლი ამ სფეროში ძალიან დიდია. სწორედ მასთან შეთანხმებით დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში ეს პროექტი მე წარვადგინე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დიმიტრი ხუნდაძესთან. დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით დაიწყო საქართველოში დემოგრაფიული პროექტის განხორცილება. 2013 წლის თებერვალში ჩვენ ჩავატარეთ პირველი დიდი, მასშტაბური კონფერენცია ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საპატრიარქოს და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სწორედ ამ კონფერენციაზე გადაწყდა, რომ უნდა   „დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“, რომელიც დაეხმარებოდა სახელმწიფოს დემოგრაფიული პროგრამის განხორციელებაში.
- ლევან ვასაძე ამ ყველაფერში სად არის?
- მაშასადამე, 2013 წლის 3 მარტს დაფუძნდა ჩვენი ფონდი, რომლის ხელმძღვანელიც დღიდან დაარსებისა მე გახლავართ. ჩემს გარდა დამფუძნებლები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მანანა კობახიძე, ანზორ თოთაძე და თაკო ჩხეიძე. თუ გნებავთ გადაჭარბებაში ჩამითვალეთ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩნდა პირველი ხელისუფლება ბოლო 30 წლის მანძილზე, ვინც ქვეყნის გენოფონდის გადარჩენაზე დაიწყო ზრუნვა. ეს იყო  პირადად მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება.
- კითხვაზე არ მიპასუხეთ, ლევან ვასაძე რატომ აღარ არის ფონდში?
- დამფუძნებელთა კრებამ გადაწყვიტა, რომ ფონდში შემოგვეყვანა ბიზნესმენი, რომელიც თავისი ოჯახით იქნებოდა მაგალითი სხვებისთვის. იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ჩემი კანდიდატურა იყო ლევან ვასაძე და საბოლოოდ არჩევანი მასზე შეჩერდა. მე მას მანამდე არ ვიცნობდი. ვასაძემ თავისი მხრიდან სხვა ბიზნესმენებიც შემოგვთავაზა: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ლაშა პაპაშვილი, ზაზა ნიშნიანიძე, გოგა თევდორაშვილი. ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველა ეს ჩამოთვლილი ხალხი გავიცანი. ისინი ძალიან კარგი ქართველები არიან და ამას თავისი ცხოვრებითაც ამტკიცებენ. მათ ბევრი რამ აქვთ გაკეთებული ერისთვის, ყველა მათგანი ქველმოქმედია, მაგრამ დემოგრაფიული ინიციატივების განხორციელებას იმდენად დიდი თანხები სჭირდება, რომ ვიღაცის ან ვიღაცეების პირადი ფინანსებით ვერ გაიზომება. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ დემოგრაფიულ ინიციატივებზე, რომელიც ხელისუფლების მიერ იქნა განხორციელებული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 150 მილიონზე მეტი და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამიტომ, ჩვენ უფრო სწორი გზა ავირჩიეთ და დავიწყეთ მუშაობა ექსპერტებთან ერთად კონკრეტულ ინიციატივებზე, რომელიც არა ერთ ან ორ, არამედ ყველას შეეხებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინდივიდუალური, ერთჯერადი დახმარებებით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით. 
- მუსირებდა აზრი თქვენზე პირადად, თითქოს დიდ ფულებში ურევდით ხელს?
- ეს ის აზრია, რომელიც მანადგურებს. არ მიმიყვანონ იმ ზომამდე, რომ ყველა წესის დარღვევით ფონდის ანგარიში გამოვაქვეყნო. ერთადერთი, სადაც ჩემს გვარს  იხილავთ, არის ის, რომ რამდენჯერმე შევიტანე ჩემი პირადი თანხა ფონდის ანგარიშზე, ხელფასს ვიღებ პარლამენტიდან და შემაქვს ფონდში, ასევე ფონდის მიერ გამოცემულ  გაზეთში. საკმაო თანხა აქვს შემოწირული თავისი ხელფასიდან  დიმიტრი ხუნდაძეს. ძალიან მერიდება ასაკოვანი პროფესორის ანზორ თოთაძის, რომლის მიერ დახარჯულ თანხას როგორც ფონდში, ასევე გაზეთში ვეღარ ვითვლით. ფონდის თანამშრომლებზე სამი წლის მანძილზე სულ სამჯერ გავეცი ხელფასი და ორჯერ უკან დააბრუნეს შემოწირულობის სახით. ვიღაცამ შეიძლება არანორმალურად ჩაგვთვალოს, მაგრამ ჩვენ იდეას ვემსახურებით და ეს იდეა ჩვენი ქვეყნისთვის შეუფასებელია.
- ანუ, თქვენი ფონდი იერიქონის უდაბნოსავით მოტიტვლებულია? ფონდში ფული არავის არ ჩაურიცხავს?
- მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ამ თანხას არ იღებენ თანამშრომლები ხელფასის სახით. იყო ერთჯერადი შემოწირულობები ბიზნესმენებისგან კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად. ასევე, რამდენიმე პროექტი დაგვიფინანსა კულტურის სამინისტრომ. დღეს ვახორციელებთ ორ პროექტს და ვიწყებთ კიდევ ორი პროექტის განხორციელებას. რამდენიმე დღის წინ ერთმა პიროვნებამ თავისი პროექტი შემომიტანა და დაფინანსება მთხოვა. მე მას ავუხსენი, რომ ფონდს არ გააჩნია სხვა პროექტების დასაფინანსებელი თანხა, ჩვენს პროექტებსაც კი სხვას ვაფინანსებინებთ. ფონდის ფინანსების მოპოვება ცალკე თავსატეხია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ორი დოკუმენტის შემუშავებაში: ერის დაბერების პოლიტიკის დოკუმენტზე და საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაზე. ასევე, ახლახანს შემიყვანეს მთის ეროვნულ საბჭოში, ვმუშაობ რამდენიმე ინიციატივაზე სხვადასხვა სფეროში.
- რატომღაც მეჩვენება, რომ თავს არიდებთ ლევან ვასაძეზე საუბარს, რატომ აღარ ხართ დღეს ერთად?
- ბატონ ლევანს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენი განცალკავება ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. პირველი ის, რომ უამრავ კითხვას მისვამდნენ ჟურნალისტები სწორედ იმ თემაზე, რაც თქვენც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. ბუნებრივია, როდესაც ექვსი ბიზნესმენი გყავს ფონდში და სამი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ინტერესი დიდი იქნება. ლევან ვასაძესთან რიგ საკითხებზე ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. ერთმანეთისთვის ხელი რომ არ შეგვეშალა, ცალ-ცალკე განვაგრძეთ მუშაობა. დღესაც კი ლევანის სატელევიზიო გამოსვლებზე მე მიწევს განმარტებების მიცემა და კიდევ ერთხელ  იმის ახსნა, რომ ჩვენი სხვა ფონდია და სხვა პოზიცია გვაქვს.  სწორედ ეს უხერხულობა რომ არ ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ გავყოფილიყავით. ლევან ვასაძე ცალკე წავიდა, და დაარსა ცალკე სხვა ფონდი. ამ ფონდს ვასაძემ დაარქვა „დემოგრაფიული განვითარების ფონდი“.
- გამოდის რომ, დღეს ორი დემოგრაფიული ფონდი არსებობს და თქვენს იდენტიფიცირებას ხალხი ვერ ახდენს?
 - ორი არა! საქართველოში სულ ხუთი დემოგრაფიული ფონდია დარეგისტრირებული, თუმცა სხვები არ ჩანან, არც მათი საქმიანობის შესახებ ვიცით რამე. ჩვენს ქვეყანას იმდენად მძიმე დემოგრაფიული პრობლემა აქვს, რაც შეიძლება ბევრი ფონდი და ორგანიზაცია უნდა შეიქმნას ამ მიმართულებით.
- თუ ფული არ გაქვთ, მაშინ ფონდის სახელი უხერხულობას არ გიქმნით?
- კი, ნამდვილად ასეა.  ფონდი ყოველთვის ფულთან ასოცირდება და თუ ფინანსები არ გაქვს, მაშინ ფონდიც არ უნდა გერქვას. უბრალოდ, ჩვენ პრობლემა გვაქვს იმ კუთხით, რომ  გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე უნივერსიტეტთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დაწყებული გვაქვს ერთობლივი პროექტები და სახელის შეცვლას ამჟამად ვერ ვახერხებთ, თუმცა, მომავალში ეს დაგეგმილია. 
 
მარიამ ხმიადაშვილი
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.