Russian English
რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ანაკლიაში პორტს აშენებს
სამშაბათი, 05 იანვარი, 2016 - 22:11
ყველაზე მდიდარი ქართველების სიაში შესულმა ბიზნესმენმა თემურ ქარჩავამ, ქართველ  ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად, სომხეთში თბოელექტროსადგურის, ხოლო საქართველოში კი ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად ბიზნესმენი ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ 600 მილიონიან ინვესტიციას მისი და სხვა ქართველი ბიზნესმენების კუთვნილი შპს „ანაკლია ჰოლდინგ ინვესტი“ განახორციელებს. ბიზნესმენის თქმით, 400 მეგავატიანი 4 ტურბოიანი თბოელექტროსადგური ქალაქ ვანაძორში, ყოფილი კიროვაკანის ტერიტორიაზე აშენდება და იქ გამომუშავებული ელექტროენერგია ანაკლიაში პორტის მშენებლობას მოხმარდება.
სომხეთში დაგეგმილი ქართული ინვესტიციის დეტალებს საქართველოს მთავრობაში არ ახმაურებენ. კერძოდ იმას, რომ თბოელექტროსადგური ქალაქ ვანაძორში, ყოფილი კიროვაკანის ტერიტორიაზე აშენდება.
„დანადგარები ჩამომაქვს ინგლისიდან. რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს სომხეთში აშენდებოდა თუ საქართველოში, მაგრამ მთავარი მაინც უწყვეტი გაზის გარანტირებული მიწოდება იყო.“ - აცხადებს თემურ ქარჩავა.
სომხეთში თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, პირველად ქართულმა მედიამ გაავრცელა.
„სომხეთში ახალი, დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურს ნაკლებადცნობილი კომპანია “ანაკლია ჰოლდინგ ინვესტი“ ააშენებს, ხოლო მის მიერ წარმოებული ელექტროენერგია საქართველოს მიეწოდება. სანაცვლოდ სომხეთი ელექტროსადგურს მიაწვდის ჯერჯერობით გაურკვეველი ინვესტორისგან დაბალ ფასად მიღებულ ბუნებრივ აირს, რაც გააადვილებს წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს.“ - ნათქვამია ქარჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალდაფუძნებული კომპანია „ანაკლია ჰოლდინგ ინვესტი“ ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. ქართულ და სომხურ მხარეებს შორის ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2014 წლის 22 აგვისტოს, ქართული დელეგაციის სომხეთში ვიზიტის დროს გაფორმდა. აღნიშნულ დელეგაციას მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. თუმცა, საქართველოს მთავრობაში სომხეთში დაგეგმილი ქართული ინვესტიციის დეტალებს არ ახმაურებენ. არადა, გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის გარდა, დელეგაციაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებიც შედიოდნენ.
დღეს-დღეობით, კახი კალაძე აღნიშნულ პროექტში რაიმე სახით თანამონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ „ხელისუფლება ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული არ არის და მეც არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, თუ რა პროექტი ხორციელდება სომხეთში.“
სამაგიეროდ, თემურ ქარჩავა არ თმობს პოზიციებს და აცხადებს, რომ თბოელექტროსადგურის დაფინანსების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მან უკვე მიიღო და ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, სწორედ პორტის მშენებლობისას გამოიყენებს. რაც შეეხება თბოელექტროსადგურს, მისი ამუშავება რუსული იაფი გაზით მოხდება.
რუსული გაზი კი სწორედ ის საკითხია, რის გამოც სომხეთში მიღებულ გადაწყვეტილებებზე კითხვები გაჩნდა. თემურ ქარჩავა ხომ წარსულში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი იყო და კაპიტალიც სწორედ რუსეთში მოღვაწეობით დააგროვა. მოარული ხმებით, პროექტში 600 მილიონს სწორედ ბიძინა ივანიშვილი დებს. თავად ქარჩავა, ამ პროექტში ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის „კიდევ ერთი აბსურდი და სიცრუე.“
თბოელექტროსადგურისა და ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ გავრცლებულ ინფორმაციას გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ ქარჩავას კომპანია ანაკლიაში პორტის მშენებლობას იწყებს, რეალობას არ შეესაბამება.
„სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას ნავსადგურის მშენებლობაზე ამ კომპანიასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ხოლო იმაზე საუბარი, თუ საიდან შეიძენს ნავსადგური ელექტროენერგიას მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნაადრევია.“ -  განაცხადა კვირიკაშვილმა.
ჯერ კიდევ, 2009 წელს მოხდა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ქარჩავას შორის შეხვედრა, სადაც ანაკლიაში პორტის მშენებლობის საკითხი განიხილეს. ამ პროექტს სააკაშვილმა „საუკუნის პროექტი" უწოდა. 2010 წელს ინვესტორებმა “ანაკლია პორტის“ მშენებლობა შეაჩერეს, ვინაიდან პორტის აკვადორიაში, იქ სადაც დიდი ტვირთმზიდაობის ტანკერებს უნდა ემუშავათ, იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყეს. ეკონომიკის სამინისტრომ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ცალმხრივად გააუქმა გაფორმებული ხელშეკრულება. ასე შეჩერდა აღნიშნული პროექტი. დღევანდელი ხელისუფლება კი არ აპირებს და არ გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს..
აღნიშნული პროექტის სახიფათო მხარეებზე ენერგეტიკოსებიც საუბრობენ. სპეციალისტების მოსაზრებით, “გაზპრომის“ მიერ მოწოდებული გაზი დიდ საფრთხეებს შეიცავს და საკმაოდ პრობლემატური იქნება ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
წინასწარი ინფორმაციით, თბოელექტროსადგურის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება. ახალი ხაზის ამოქმედების შემდეგ კი მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გაცვლა სამჯერ გაიზრდება.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.