Russian English
რეცეპტებით მედიკამენტების გაცემის პროექტი შეიძლება ჩავარდეს?!
სამშაბათი, 05 იანვარი, 2016 - 12:09
ორი წლის წინ კანონი მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვის შესახებ ძალაში შევიდა. ეს ინფორმაცია საზოგადოების ნაწილმა მასმედიის საშუალებით შეიტყო, ნაწილმა კი სააფთიაქო ქსელებიდან გამოგზავნილი სმს-ების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეებს თადარიგის დაჭერის შესახებ წინასწარ მოუწოდა, უკმაყოფილების ტალღამ არ დააყოვნა. მას მერე, წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ტალღა შეიძლება ტაიფუნად გადაიქცეს. თუ ასე მოხდა, რეცეპტებით მედიკამენტების გაცემის პროექტი შესაძლოა ჩავარდეს.
მოსახლეობა ვერ ხვდება, რა საჭირო იყო ამ კანონის დამტკიცება, მაშინ როცა ხალხს იმაზე მეტად უჭირს, ვიდრე ეს ხელისუფალთ წარმოუდგენიათ. აქამდე თუ ექიმთან ვერ მიდიოდნენ უსახსრობის გამო, დღეს წამალსაც ვეღარ ყიდულობენ ექიმის გარეშე. ყველას რატომღაც დაავიწყდა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეპირება ხალხს - თურმე ახალი კანონმდებლობის მიხედვით მედიკამენტების ფასები არ გაიზრდება. მას მერე, ზუსტად 1,7-ჯერ მოიმატა ფასებმა.
Mediacity.ge-ს  „ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარე თინათინ ტურძილაძე ესაუბრება:
- რეცეპტი ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ინსტრუმენტია, რომელსაც კონკრეტული დანიშნულება აქვს. ამ კანონმდებლობის შესახებ რასაც საუბრობენ, ეს გახლავთ რეცეპტის ინსტიტუტზე მიმაგრებული ირიბი ვალდებულებები, რომელიც ამ ინსტრუმენტს არ აქვს, მაგრამ ქართულ კონტექსტში რამდენად შეასრულებს ეს ინსტრუმენტი თავის ფუნქციას, ამაშია მთელი პრობლემა.
- კონკრეტულად რა პრობლემაზეა საუბარი?
- განვითარებულ ბაზრებზე, სადაც წარმატებულად მუშაობს რეცეპტის ინსტრუმენტი, იგი ოთხკომპონენტიანია. ამ სისტემაში მოქცეულია პაციენტი, სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურეობას უწევს პაციენტს, ფარმაცევტული დაწესებულება და დაფინანსების კომპანია, რომელიც ამ სერვისებს ანაზღაურებს. განვითარებულ ბაზრებზე პაციენტი გარანტირებულად ღებულობს ხარისხიან ჯანდაცვას, ანუ მას დაავადებას და სწორ სამკურნალო მეთოდოლოგიას სწორად უდგენენ. შესაბამისად წამლის შერჩევაც სწორად ხდება. ამ ყველაფერს კი სადაზღვევო სისტემა ანაზღაურებს. აი, ეს ოთხკომპონენტიანი სარეცეპტურო სისტემა უკვე წარმატებულია.
- საქართველოს სისტემაზე რას გვეტყვით?
- როცა ქართულ მოცემულობაზე საუბრობენ, აქ საერთოდ არ არის ამ მოდელზე საუბარი. ჩვენთან ამ ოთხი კომპონენტიდან სამი არ არსებობს ანუ კრიტიკულად დეფიციტურია. ჩვენი სამედიცინო სერვისი უხარისხოა, რადგან პაციენტი მიდის ოჯახის ექიმთან, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ხარისხიანი სერვისი მიაწოდოს. ოჯახის ექიმის კონსულტაცია რომ უფასოა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სწორად ახდენს დიაგნოსტირებას. იმიტომ რომ დიაგნოზირებას ოჯახის ექიმის კომპეტენცია არ ჰყოფნის. პაციენტს მთელი რიგი გამოკვლევები სჭირდება, რომელიც ფასიანია. სამწუხაროდ, ოჯახის ექიმის ხარისხი ჩვენთან დაბალია. თუ ჩვენ სააფთიაქო კონტიგენტს ოჯახის ექიმზე მივამაგრებთ, ეს სერვისი კიდევ უფრო გაუარესდება და იქცევა კანტორად, რომელიც რეცეპტების დაშტამპვას დაიწყებს. დავუშვათ ოჯახის ექიმმა "ნიმესილი" გამოუწერა პაციენტს. "ნიმესილი" მსოფლიოში 50 დასახელებაზე მეტი მაინც არსებობს, საქართველოში კი მხოლოდ რამდენიმე დასახელებაა. ექიმს არ აქვს რეალური ინფორმაცია, პრაქტიკულად ერთი და იგივე საერთაშორისო სახელწოდების წამლიდან რომელია ყველაზე ეფექტური და იაფი. ანუ რეცეპტის ინსტიტუტს ქართულ კონტექსტში თავის ფუნქცია არ აქვს. საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარი რაც არის, სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ სქემაში, არ აფინანსებენ წამალს არც სრულად და არც თანადაფინანსებით. გამოდის, რომ პაციენტს ექიმთან მისვლის მოტივაცია არ აქვს. ვერ ღებულობს სათანადო სამედიცინო სერვისს და თან ამ მომსახურებას არავინ არ უნაზღაურებს. ამიტომ ილუზიაა, რომ ჩვენ გვინდა ამით ირაციონალური ჯანდაცვის სისტემის რაციონალიზაცია. რეცეპტის ინსტრუმენტით ვცდილობთ შევფუთოთ ირაციონალური ჯანდაცვა, რომელიც გვაქვს და კიდევ უფრო ღრმა პრობლემებს მივიღებთ.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.