Russian English
SOS! ბევრად დიდი მასშტაბის პროვოკაციებია დაგეგმილი
ორშაბათი, 21 მარტი, 2016 - 20:51
ის პროგნოზებს დებს, ჩვენ მათ გამართლებას ვუყურებთ. მერე ჩნდება კითხვები - საიდან, როგორ... ხალხს ეს აოცებს, პროკურატურას აცოფებს. ეს ჰოლდინგი და მისი ხელმძღვანელი დაარსების დღიდან ყველა პოლიტიკური და თუ საზოგადოებრივი მოვლენის ცენტრშია. შეიძლება თქვას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არც ერთი სერიოზული ძვრა მათ გარეშე ამ მომხდარა. 
საზოგადოებას კი პროგნოზები კვლავაც აინტერესებს. რა იქნება პორნოკვირეულის დასრულების შემდეგ?!  mediacity.ge მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის ხელმძღვანელს ელისო კილაძეს ესაუბრება: 
 
- თბილისის პროკურატურას მივუტანეთ ფაქტობრივად გახსნილი საქმე, სადაც პირი იყო იდენტიფიცირებული. ჩვენ გადავიღეთ ამ პირის - გელა ღურწკაიას  სტუმრობა „ქრონიკა +“-ში და როგორც აუდიო, ისე ვიდეო მასალა გადავეცით პროკურატურას. მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ გელა ღურწკაია მე მთავაზობს ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველ ფირს, იმ მიზნით, რომ ეს ფირი მე დავიტოვო და იგი დამეხმარება იმაში, რომ იმ დეპუტატმა ხმა ვერ ამოიღოს. ეს არის სიტყვა-სიტყვით ნათქვამი. აღნიშნული ფაქტი მოხდა 26 დეკემბერს, რა წამსაც მე გავაკეთე განცხადება და მეორე დღეს დამიბარეს თბილისის პროკურატურაში. თვეზე მეტი გავიდა, სანამ 3 თებერვალს გელა ღურწკაიას დააკავებდნენ. მისი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სწორედ ის მეხსიერების ბარათი, რომელზეც იყო აღნიშნული მასალა. 
- რატომ გაჭიანურდა გამოძიება და არიან თუ არა ყველა ეს ადამიანები ამ საქმის მონაწილეები? 
- იმ პირთაგან, რომელიც პროკურატურამ დააკავა, ოთხ ადამიანს არ ვიცნობ. მათ ჩემთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ;  გელა ღურწკაიას ჩემთვის არც ერთი მათგანის სახელი და გვარი არ უხსენებია. 
- და შეკითხვები ამასთან დაკავშირებით არ გაქვთ?
-  რა თქმა უნდა, მაქვს. მე ხომ უმიზეზოდ არ დამიტოვეს ეს ფირი! მე თუ საჯარო განცხადებას არ გავაკეთებდი და არ მივმართავდი პროკურატურას, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რაც მოხდებოდა. ფაქტი სახეზეა - 5 თუ 6 პირი, რომლებიც ჯერ-ჯერობით არ დასახელებულან, ადამიანების პირადი ცხოვრების ფაილებით დადიან ქუჩა-ქუჩა, ეძებენ მყიდველს და ცდილობენ თურმე, რომ ფული გააკეთონ. ვკითხულობ! ძალოვანი უწყება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რას აკეთებს?! მეორე, თუ უკვე დადგენილი იყო გარკვეულ პირთა წრე, რომელიც ამ დანაშაულში მონაწილეობდა, რას ელოდებოდა საქართველოს მთავარი პროკურატურა? რატომ მოხდა ამ პირების დაკავება ეხლა და რატომ არ მოხდა მაგალითად ორი კვირით ადრე, თუ მთელი ეს სქემა არსებობდა. მე არ მომწონს და არ მჯერა იმ ვერსიის, რომ ეს ყველაფერი ფულის გაკეთების გამო დაიწყო 2014 წელს. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ  2015 წლის ზაფხულში ვიღაცამ ვიღაცას ფირი მისცა, ვინ იყო ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა ფირი? დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ეს ფირი არ ჰქონია, ვინ არის პირი, რომელიც გადაიხდიდა ან იხდიდა ფულს ამ საქმეში.
- რა  გამოდის?
- ვფიქრობ, დაგვიანებული რეაქციები იყო. ერთის მხრივ, ღურწკაიას დაკავებასთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, ამ პირების დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხლა არის გამოცხადებული. ქალბატონი ჩიტოიანი, არის სპეცსამსახურის სტაჟიანი თანამშრომელი, ასე ვთქვათ აგენტი, რომლის ჩვენებებიც სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. რატომ არ არის იგი დაკავებული? მაინტერესებს ასევე - ვინ არის დამკვეთი.  რასაკვირველია, ჩემი მოსაზრებები  მაქვს და ამაზე უკვე ვილაპარაკე.  ჩემთვის ამ ყველაფრის დამკვეთი არის ყოფილი პრემიერ ღარიბაშვილის ცოლის ნათესავები, ადამიანები, რომელთა ორგანიზებითაც წელიწადნახევრის განმავლობაშ მიდის ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ დიასპორის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბრეგაძემ სწორედ ამის გამო დატოვა თანამდებობა. დავალებების გამცემი კუდის უფროსის მაშინდელი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი  დღეს ძალიან აქტიურად თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“. ბოლო არჩევნებზე, გარდაბანში ის იყო ჯამარაულის შტაბის არაოფიციალური უფროსი. ვაჟა ლელუაშვილის ჯგუფთან ძალიან აქტიურად არის კოჰაბიტირებული ზვიად ძიძიგური და მათი მფარველობის ქვეშ მოქმედებენ ისინი. რაც შეეხება ნიკოლოზ შარაძეს, ეს არის პირი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ფირებს იღებდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ დღევანდელ, მოქმედ მინისტრებზე, დეპუტატებზე და მაღალჩინოსნებზე, რის გამოც ძალიან სოლიდური პრემიითაც დააჯილდოვეს კუდში. 
- პროკურატურამ უნდა ეძებოს თუ არა სხვა ადამიანები, რომლებიც ანალოგიური საქმიანობით არიან დაკავებულნი?
- არ გამოვრიცხავ, რომ ბევრად უფრო დიდი მასშტაბების პროვოკაციაა დაგეგმილი. ამას იმიტომ ვამბობ აწმყო დროში, რომ არა ვარ დარწმუნებული, რომ ფირების გამოქვეყნება არ გაგრძელდება. და არ ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფოს შეუძლია ამის პრევენცია გააკეთოს. 
- მაშინ გამოსავალი რა არის?
- უნდა მოხდეს კანონმდებლობით ბევრად უფრო მაღალი, მკაცრი სასჯელის ზომის დაწესება ამ ტიპის დანაშაულზე. სახელმწიფომ უნდა მოძებნოს ის პირები, ვის შეიძლება ჰქონდეთ ასლები, არ არის დიდი წრე იმ ადამიანების რომლებსაც ჰქონდათ წვდომა აღნიშნული ტიპის მასალებზე. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.