Russian English
რეპორტაჟი ვარკეთილიდან - სავსემთვარეობის „ძმები“ და შუბლზე გამოსახული მაგიური ნიშნები!
ხუთშაბათი, 24 მარტი, 2016 - 23:59
23 მარტს ვარკეთილში, იაღოველთა „სამეფო დარბაზში“ გამართული შეკრება რაღაცით პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო შეხვედრას ჰგავდა. არც ისე ხალხმრავალს, როგორც ორგანიზატორები ისურვებდნენ; არც ისე  პრეზენტაბელურს, როგორ დამფინანსებლები ვარაუდობდნენ და არც ისე სახალისოს, რისი მოლოდინიც შეიძლება ჰქონოდა ჟურნალისტს. ყველაფერი უფრო ნეორეალისტური სტილში, შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილ ფილმს ჰგავდა. 
შეკრება საღამოს 9 საათზე დაიწყო. „იესოს გარდაცვალების ხსოვნის საღამოს“ (ასეთი  სახელწოდება  ხომ უნდა მოგივიდეს თავში) „სამეფო დარბაზის“  შესასვლელთან მდგარი დამხმარე „ძმები“, პიჯაკებსა და ჰალსტუხებში გამოკვართულნი, დამაჯერებელი გამომეტყველებით,  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებივით ესალმებოდნენ დამსწრე საზოგადოებას.  პირველი გამომსველი იეღოვას უხუცესი ძმა მამუკა ჭაბაშვილი შემდეგი სიტყვით წარსდგა ამაღლებულ  სცენაზე : „იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღვნიშნავთ ჩენი უფლის სიკვდილის გახსენების საღამოს. ამ ყველაფერს ბიბლიური საფუძველი აქვს. სიკვდილის წინ იესომ შეკრიბა თავისი ერთგული მოციქულები და დააწესა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო. გახსოვთ ალბათ, პური რომ გატეხა და დაურიგა თავის მოწაფეებს, მერე ღვინო ჩამოურიგა. პური ჩემ ხორცს განასახიერებს, რომელიც თქვენთვის უნდა მოკვდეს, ხოლო ღვინო ჩემი სისხლის სიმბოლოა, რომელიც ცოდვილი კაცობრიობისთვის იღვრება და ასე მოიქეცით ყოველთის ჩემს მოსვლამდეო. ჩვენც ამასვე აღვნიშნავთ. უბრალოდ, ჩვენთან პარასკევს ან კვირას არ ემთხვევა ეს დღე. იესო იცით, რომ ებრაელი იყო და ებრაელებს ჰქონდათ მთვარის კალენდარი, პასექის დღესასწაულზე და დააწესა იესომ ეს დღე. იმ დღეს მოკლეს კიდეც იესო. ეს ემთხვევა გაზაფხულის ბუნიაობას,  დღე და ღამის სწორებისას პირველ სავსემთვარეობას. ამიტომ დღეს თუ გაიხედავთ გარეთ, გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ იქნება პირველი სავსე მთვრაე. ებრაელების კალენდრით არის დღეს 14 ნისანი. ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ შევასრულოთ იესოს დანაპირები. შეხვედრა იქნება დაახლოებით ერთ საათიანი. გავიხსენებთ იესოს ცხოვრებას და შევასრულებთ უსაფუარი პურისა და ღვინის ჩამოტარების სიმბოლურ რიტუალს“.
ამის შემდეგ შესრულდა  ჩამოტარების რიტუალი და რა თქმა უნდა, იქ დამსწრეთაგან არც ერთს არ   უგემია არც პური და არც ღვინო. შესაბამისად, არც მაგიური სახელი გამოსახვიათ შუბლზე.  
იეღოველთა მქადაგებლის გამოსვლა ლიდერის სიტყვით გამოსვლას უფრო ჰგავდა, ვიდრე რელიგიური მოღვაწის. პათეტიკა კი სადღაც „ზიგ ჰაილსა“ და „ზა რევოლუციუს“  შორის ვარირებდა. მიუხედავად ამისა, მქადაგებელ-ორატორის გამოსვლას არც ტაში აკლდა და  არც ოვაციები. სიტყვის დასრულების შემდეგ მღეროდა ყველა - დიდიან-პატარიანად.  გაიხსენეს იესოს ცხოვრება საკუთარი ინტერპრეტაციით, აზრთა დასამოწმებლად  კი ფურცლავდნენ „იეღოვური“  ბიბლიის გვერდებს და კითხულობდნენ აბზაცებს. სიმღერის შემდეგ  სიტყვით გამომსვლელები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სულ ბოლოს, ბოკალებში ჩამოსხმული ღვინისა და უსაფუარო პურის ჩამოტარების ცერემონიალი შედგა.  
„ქრისტიანულ რელიგიაში ბევრს მიაჩნია, რომ ეს ღვინო და პური ყოველწლიურად, ყოველ ჯერზე მსგავს „საღამოებზე“ ყველა მორწმუნემ უნდა მიიღოს.   მათ ამის არგუმენტად რა მოჰყავთ, იცით? იოანეს სახარების მე-6 თავში იესო ამბობს, „თქვენ უნდა შეჭამოთ ჩემი სხეული და ჩემი სისხლი დალიოთ“. და ბევრს მიაჩნია, ამით იესოს იმის თქმა უნდოდა, რომ ყველა მორწმუნემ უნდა შეჭამოს და უნდა დალიოს ეს ღვინო. სინამდვილეში ეს ასე არ არის. სამწუხაროა, მაგრამ ეს ბევრი ადამიანისთვის „მკვდარ ზონაშია“ მოქცეული“ - განაცხადა ძმა გიორგი ნეკრესელაშვილმა Mediacity.ge-თან საუბარში. 
იეღოველთა რწმენით, ის ვინც მიიღებს ღვინოს და უსაფუარო პურს, მომავალში ქრისტესთან ერთად მართავს მსოფლიოს. მათი რიცხვი 144 ათასია და შუბლზე იეჰოვას სახელი უნდა გამოესახოთ. ვარკეთილში გამართულ ღონისძიებაზე რა თქმა უნდა არავინ აღმოჩნდა იმის ღირსი, ვინც მიიღებდა ღვინოსა და პურს. ასე რომ, მაგიდებზე საჩვენებელი  „ფურშეტი“ იყო  გაშლილი. 
144 ათასის რიცხვში ვინც ვერ აღმოჩნდება,  მორწმუნე იაღოველი მომავალ ცხოვრებას დედამიწაზე აღმოცენებულ სამოთხეში იცხოვრებს ლამებსა და კენგურუებს შორის. იქ აღესრულება სწორედ მთავარი შოუ -
ვეფხვი და ძროხა ბალახს ერთად მოსძოვენ, ხოლო მძვინვარე ლომი ვარდისფერი თალგამით  ჩაიტკბარუნებს პირს. 
„დღეს-დღეობით იაღოველთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 20 მილიონს აღწევ. ჩვენთან ეს დღე სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. თბილისში პროცესი ჩატარდა ორ სესიად, ხუთ სხვადასხვა დარბაზში, თითო სესიას 200-მდე იაღოველი ესწრებოდა, ჯამში 2000-მდე. საქართველოში 40-50 ათასი იაღოველი იყრის თავს“ - დაასრულა ჩვენთან კომენტარი უხუცესმა ძმა ნეკრესელაშვილმა.  
 
ქეთი შენგელია
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.