Russian English
სკანდალური მოსამართლე, რომელიც ღარიბაშვილი-კუბლაშვილის დაპირისპირების მიზეზი გახდა!
ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2014 - 16:13

სააკაშვილი უკრაინაში ურევს სიტუაციას, ლუცენკო - საქართველოში. ჯერ სკანდალურ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ.

თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული ჯარების შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე! თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილი უფროსი ზურაბ შამათავა! შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების  დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე! შს სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურგენ (გურამ) დონაძე! ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით იაშვილი! დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა!

ამ მაღალჩინოსნებს ძალიან კარგად იცნობს ქართული საზოგადოება. ბრალდების მიხედვით, მათ ჰქონდათ უმძიმესი დანაშაული ჩადენილი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ნივთმტკიცებულებების ფალსიფიკაცია, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება და ა.შ. კანონის მიხედვით მათ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა უნდა შეფარდებოდათ. ყველა ამ პირის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განიხილა. მან სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ყველა მათგანი და აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

ახლა გადავხედოთ 2012 წლამდე იგივე მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენებს.

ომარ ლიფონავამ სავაჭრო დახლიდან 28-ლარიანი "ბრელოკი" მოიპარა. გიორგი გოგინაშვილმა ამისთვის მას რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

"ომარ ლიფონავას დანაშაულებრივი საქმიანობის თავიდან ასაცილებლად დასაბუთებულად მიმაჩნია ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება".

ნინო კ.-მ ახალშობილის შვილად აყვანის მიზნით, ბიოლოგიურ დედასთან შეთანხმებით, დაბადების მოწმობაში თავისი თავი მიათითებინა ბიოლოგიურ დედად. ეს დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას,

მაგრამ გიორგი გოგინაშვილმა დედობის მსურველ ქალს პატიმრობა შეუფარდა და ციხეში გაუშვა.

აი, ამ მოსამართლის გამო მოხდა დაპირისპირება ღარიბაშვილსა და კუბლაშვილს შორის. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იური ლუცენკო საქართველში 14 ივლისს ჩამოვიდა და სააპელაციო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესს დაესწრო, სადაც 26 მაისის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. ლუცენკომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი გოგინაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "თქვენ უფრო გეშინიათ ვანოსი, ვიდრე ვანო მერაბიშვილს თქვენი გადაწყვეტილების მიღების". ამაზე გადაირია სწორედ ირაკლი ღარიბაშილი. "ვინაა ის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენი სახელმწიფოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეს ამგვარი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართოს და მე საერთოდ გამაოცა სასამართლოს თავჯდომარის კოტე კუბლაშვილის პასიურობამ"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

თუ ვინაა, ეს "დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლე", ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ეს ეტყობა არ მოეხსენება ბატონ პრემიერს, სამაგიეროდ კარგად მოეხსენება სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც ღარიბაშვილის შენიშვნა არ მიიღო და ლუცენკო "ავყიად" მონათლა. თან დაამატა, ამდგარიყო მოსამართლე და გაეგდო ლუცენკო სასამართლო დარბაზიდან. "პრემიერს ამაზე ლაპარაკის უფლება არ აქვს, ვინაიდან ეს სასამართლოს საქმეებში პირდაპირ ჩარევას ნიშნავს". - განაცხადა კუბლაშვილმა.

ვაჰ, დრონი დრონი! კუბლაშვილისგან რომ დაიცავს ღარიბაშვილი ადეიშვილის მოსამართლეს...

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.