Russian English
სად უწვენდნენ ქალებს და სად კაცებს მიხეილ სააკაშვილს
ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2015 - 20:04

2005 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე სააკაშვილს გახსნილი აქვს 31 საავადმყოფო, გადაკოცნილი ჰყავს 9 ავადმყოფი, 4 მშობიარე და ჩახუტებულია ორ ინვალიდთან. ერთი და იგივეჯერ (ანუ ორჯერ) გახსნილი აქვს 14 საავადმყოფო, ხოლო სამჯერ აქვს გახსნილი 7 საავადმყოფო. რეკორდსმენი კლინიკა არის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს „ემერჯენსი", რომელიც სამი წლის განმავლობაში სააკაშვილმა ხუთჯერ გახსნა.

კლინიკების გახსნას წინ მთელი რიგი პროცედურები უძღოდა. არც ერთი სტაციონარი არ იხსნებოდა, თუ მიშასთვის სპეციალურად წინასწარ არ იყო გამოყოფილი დაბანილ-დავარცხნილი, გაღიმებული, ბედნიერი, აღფრთოვანებული და რაც მთავარია, ჩაცმულ-დახურული ავადმყოფი. ასე მაგალითად, მთელმა საქართველომ იხილა ტყიბულის საავადმყოფოს გახსნის დღეს (სადაც ძმები კუბლაშვილების დედა დაინიშნა მთავარ ექიმად) საწოლში კარგად ჩაფუთნული პაციენტი, რომელმაც სააკაშვილს აკანკალებული ხმით მოუყვა ნაციონალური პარტიის დაარსების ისტორია და შეადარა ერთმანეთს 2003 წლის  და 2012 წლის ეკონომიკის ზრდის სტატისტიკა და განვითარების ტენდენციები.

თუ სამეფო კარის მასხარებს ჭკუა მოეკითხებოდათ, „მიშას ავადმყოფების“ შეფასების მთავარი კრიტერიუმი გახლდათ - მზერა! ახლად გახსნილ საავადმყოფოში სააკაშვილისთვის პაციენტს უნდა შეეხედა ისე, როგორც პატარძალს გულის რჩეულისთვის - ისტერიამდე მისული აღფრთოვანებით. სხვათაშორის, ამიტომაც იყო ახლად გარემონტებულ საავადმყოფოში სააკაშვილს პაციენტ ქალებს რომ არიდებდნენ. ვაითუ, პრეზიდენტს მათი აღფრთოვანებული მზერა  არასწორად გაეგო. იყო კიდეც ამის პრეცენდენტი ხონის საავადმყოფოში, როდესაც მიშას  პალატაში ქალი "ჩაუწვინეს" და მალევე წამოაყენეს... უფროსწორედ, კი არ წამოაყენეს, წამოაფრინეს. მეორე შემთხვევა მოდის მარნეულზე, როდესაც თათარიახლის საჭმელად რაიონში საგანგებოდ ჩასულმა მიშამ სამშობიაროში შეირბინა და იქ ახლად მომშობიარებულ ქალს „დაურევერანსა": „დიდი მადლობა, ბავშვი დროზე რომ გააჩინეთო".

რას იზამ, ეჩქარებოდა თათარიახლის „შეხვრეპა".

არადა, 2005 წლამდე მთლად ასე სავალალოდ არ ჰქონდა ექს-პრეზიდენტს საქმე. 2004 წელს ფოთის საავადმყოფოს გახსნისას, მიშასთვის ეძებდნენ შესაფერის პაციენტს ერთი საათით საწოლში ჩასაწოლად. ვერ იპოვეს ასეთი. სამაგიეროდ, 2010 წელს სენაკში გამვლელი კაცი ჩაუწვინეს ლოგინში, რომელიც ლამის საქორწილოდ იყო გამოწყობილი. ასევე იწვა - გატკიცინებულ კოსტიუმზე საბანწაფარებული და გასხივოსნებული სახით შესცქეროდა სააკაშვილს.

ჭიათურის საავადმყოფოში ოთხი სანიტარი ჩაუწვინეს მიშიკოს. ბათუმში კი სამი დღით ადრე გაწერილი, ახლად მომშობიარებული ქალი დააბრუნეს და ჩააწვინეს, სააკაშვილს რომ დახვედროდა.თუმცა, ჭეშმარიტებას რომ არ ვუღალატოთ, ისიც უნდა დავძინოთ, რომ ეს ქალბატონი „მამალი“ ნაციონალი იყო. ანუ ხელებს რომ უკოცნოდა სააკაშვილს პომადიანი ტუჩებით, 100%-ით გულწრფელი იყო.

ბაქარი ესაძე

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.