Russian English
ქართული მონოპოლიის მამები
ხუთშაბათი, 03 ივლისი, 2014 - 23:53

კლინტონის საყვარელი ანეგდოტი - წვეულებაზე ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელგანთქმულ მხატვარს აცნობენ ერთ-ერთ სახელმწიფო მოხელეს და სახელმწიფო მოხელე ეკითხება მხატვარს: "თქვენი ავტორი ვინ არის?" მხატვარი პასუხობს, რომ იგი თვითონ არის ნახატების ავტორი, რაზეც მაღალჩინოსანი უკონკრეტებს, რომ ის კი არის ნახატების ავტორი, მაგრამ თავად მისი, მხატვრის ავტორი ვინ არის!

სენატის ერთ-ერთ სხდომაზე, აშშ-ს ექსპრეზიდენტმა ამ ანეგდოტს მონოპოლიის ფორმულა უწოდა. ეს ფორმულა რატომღაც არ გახსენებია ანეგდოტების მოყვარულ ჩვენს პრეზიდენტს.

2005 წელს საქართველოს სავაჭრო პალატამ დაასახელა საუკეთესო კომპანიები საშუალო და მცირე ბიზნესის სფეროში. "ქართული შაქარი" მაშინ გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში "საუკეთესო ექსპორტიორი". რაც იმას ნიშნავდა, რომ აღნიშნულ კომპანიას საქართველოში წარმოებული შაქარი წარმატებით გაჰქონდა საზღვარგარეთ. იკითხავთ ალბათ, შაქარი თვითონ შემოდის საქართველოში და სადღა უნდა გაიტანონო. თანაც, არანაირი ქართული შაქარი არ არსებობს. მაგრამ, "ქართული შაქრის" ხელმძღვანელი გოჩა ძასოხოვი სულ სხვაგვარად ფიქრობდა. მის კომპანიას, გარდა იმისა, რომ ნედლეული - შაქრის ლერწამი შემოჰქონდა საზღვარგარეთიდან „ქართული“  შაქრის დასამზადებლად, გაჰქონდა კიდეც უკრაინაში - „უკრაინული“  შაქრის დასამზადებლად. მეტიც, მას ნარინჯისფერ რესპუბლიკაში შაქრის იმპორტიორთა სამეულში საპატიო მეორე ადგილი ეჭირა. ასე მაგალითად, იმ დროს უკრაინაში შაქრის შეტანით დაკავებული იყო ექვსი უცხოური კომპანია. აქედან, თეთრი შაქრის პროდუქციის ძირითადი შემომტანები იყვნენ: "ტრანზისი" (ლიტვა), "ქართული შაქარი"(საქართველო ) და "კანტი" (ყაზახეთი).

ზუსტად ხუთი წინადადება ძასოხოვის კომპანიის შესახებ. სააქციო საზოგადოება "ქართული შაქარი" დაარსდა 1999 წელს. კომპანიის ბრუნვამ 2004 წელს შეადგინა 65,4 მლნ. ლარი; ექსპორტის ღირებულება ამავე წელს შეადგინა 61,6 მლნ. ლარი. "ქართულ შაქარში" დღემდე მუშაობს 622 ადამიანი. უკრაინის გარდა, კომპანიამ 2005 წლიდან აითვისა ახალი ბაზრები აზერბაიჯანში, თურქმენეთში და ყაზახეთში.

პირველი წნეხი ძასოხოვის კომპანიაში 2007 წლის თებერვალში განხორციელდა. საგადასახადო შევიდა "ქართულ შაქარში" ვალების ე.წ. რესტრუქტურიზაციის მიზნით. 2007 წლის 22 თებერვლის მთავრობის განკარგულებით (მონაცემები ამ განკარგულებისთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ იყო მიწოდებული) საგადასახადო დავალიანება "ქართული შაქარს" 2 მლნ. 719,8 ათას ლარამდე დაუთვალეს. ანუ კომპანიას, რომლის სუფთა მოგებაც წელიწადში 35 მილიონ ლარზე ნაკლები არ ყოფილა, სახელმწიფოს ვალი აღმოაჩნდა სამ მილიონამდე. "ქართულ შაქართან" მიმართებაში პირველად სწორედ მაშინ გაიჟღერა ოქრუაშვილის სახელმა. გაიჟღერა კულისებში, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ვალების რეკონსტრუირებისთვის "ქართული შაქრისთვის" 5 წლიანი ვადა მიეცათ. თანაც, "ქართულ შაქარს" ეტაპობრივად მოუწევდა გადახდა. გადახდა უნდა დაწყებულიყო ორი წლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი მთლიანად უნდა დაფარულიყო სახელმწიფოს მიმართ კომპანიის დავალიანება. "ქართული შაქრის" რეკონსტრუქციის ვადად დაფიქსირდა 2007 წლის 23 იანვარი. "ქართული შაქარი" კენტად რომ არ აღმოჩენელიყო, საგადასახადო შევიდა გოგი თოფაძის კომპანიაშიც.  ასე და ამრიგად, რეკონსტრუირება "გაუხერხეს"  "ყაზბეგსაც" და ხუთი წლის განმავლობაში მასაც მისცეს ვალების დაფარვის უფლება.

ამ ყველაფერში ოქრუაშვილის ფაქტორმა პატარა როლი არ შეასრულა. ჯაჭვი დღევანდელი გადასახედიდან უფრო გამოკვეთილია - გოჩა ძასოხოვი (საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ექს-თავმჯდომარე, სპორტული საზოგადოება "დინამოს" თავმჯდომარე, ბათუმის სტადიონის ექს-მმართველი, ქობულეთის ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მეპატრონე, "ქართული შაქრის" დირექტორი) ბადრი პატარკაციშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო. 2007 წლის იანვარში, როდესაც ოქრუაშვილს ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, "ქართული შაქრის" გადარჩენა საგადასახადოს, იგივე სახელისუფლებო მარწუხებიდან ჯერ კიდევ შეიძლებოდა. დღეს, ეს უკვე შეუძლებელია. ისევე როგორც შეუძლებელია მონოპოლისტი გოჩა ძასოხოვის ქართულ ბაზარზე, ზოგადად ქართულ ბიზნესში დაბრუნება.

ბაქარი ესაძე

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.