Russian English
უსინათლოს თვალით დანახული ხატები - „დაბრმავებულმა უფალი ვიხილე“
შაბათი, 23 ივლისი, 2016 - 10:26
21 წლის ასაკში ავარიაში მოყვა, დაბრმავდა და მას შემდეგ ვეღარ ხედავს ხელოვანი და შემოქმედი ვალერი ღვინიაშვილი. უბედური შემთხვევის შემდეგ 21 წელია გასული. როგორც თავად შემოქმედი იხსენებს, აღნიშნული საქმიანობით 5 წლის წინ დაკავდა. მუშაობს შეკვეთებზე, ძირითადად ხატებისთვის ამზადებს ჩარჩოებს, ასევე ავეჯის რესტავრატორია. ვალერი ღვინიაშვილი: „ავარიის შემდეგ, ბევრ სანაქებო ექიმთან ვიყავი მისული, მაგრამ საშველი არ აღმომაჩნდა. მხედველობის ძარღვები მაქვს დაზიანებული. ამ შემთხვევამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად გააუარესა. წარმოიდგინეთ, ჯანმრთელები მუშაობენ, შრომობენ და მაინც უკმაყოფილო არიან დღევანდელი დროით და ცხოვრებით, მე კი, დაინვალიდებული, პენსიას - 160 ლარს შევყურებ. დღესდღეობით ჩემი სამუშაო ინსტრუმენტების უმრავლესობა ძმაკაცების ნაჩუქარია, ვერავინ გიყიდის 500 და 1000 ლარიან ინსტრუმენტებს. ჩემი დანადგარები არ არის იმ ხარისხის, დიდხანს რომ იმუშაოს, ამიტომ თითო დანადგარი 3 თვეზე მეტ ხანს ვერ ძლებს, როგორც არ უნდა გავუფრხილდე. დამზადებულ ხატებს ვაწვდი 3 ობიექტს - ვაგზლის მოედანზე, გადასასვლელ ხიდდთან არსებულ ერთ პატარა და ძველ მაღაზიას, წინამძღრიშვილის ქუჩაზე მამა გაბრიელის სახელობის მაღაზიას და თავისუფლების მოედანზე, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია იერუსალიმს. კვირაში ერთხელ ვრეკავ, რამე თუა გაყიდული იმ თანხას მაძლევენ, უბრალოდ ეგ არის, რომ მაღაზიებში ძალიან ცოტა რაოდენობით მაქვს შეტანილი ხატები. რაც უფრო ბევრ ნამუშევარს შეიტან, მით უფრო ბევრი გაიყიდება, ხომ ასეა? როცა თანხაც ერთიანად გროვდება, ადვილად შეიძენ მასალასაც, რეპროდუქციასაც. ხატის სურათს საწყობში ვყიდულობ ვარკეთილში, კახეთის გზატკეცილზე, სადაც ყველაზე იაფია და ფართო არჩევანიც არის ხატების. დაბრმავებული ამ ხნის მანძილზე ერთ რამეს მივხვდი - ინვალიდობა ადამიანისთვის კარგი ყოფილა. გულახდილად რომ ვთქვა, ავარიამდე ვიყავი უსინათლო, უბედური შემთხვევის შემდეგ სულიერი თვალი ამეხილა. უფალმა ყველა ადამიანს უნდა მისცეს განსაცდელი, რათა ამ გზით შეიცნონ და შეიყვარონ იგი. თორემ, თუ უზრუნველად ხარ - გაქვს სამსახური, გყავს მანქანები და აღარ იცი სად წაიღო ფული, არ გექნება იმის დრო და სურვილი, რომ თუნდაც შაბათს, ან კვირას ორი საათით წირვას დაესწრო, აღსარება თქვა და ეზიარო. ვფიქრობ, ჩემი სულისთვის ასე უკეთესია. დაბრმავებულმა ვიხილე უფალი და ქრისტიანობა, აქამდე ეკლესიაში მეგონა მარტო ბავშვს ნათლავდნენ და ჯვარს იწერდნენ, არც აღსარება ვიცოდი რა იყო და არ ზიარება. შეიძლება ქრისტიან კაცსს გაეცინოს, მაგრამ ასე იყო - არ ვიცოდი. ბიძაჩემი ბერად აღიკვეცა მახათის ეპარქიაში, ყოველი თვის დასაწყისში ვსტუმრობდი და ვრჩებოდი ერთი კვირით რწმენაში გასაძლიერებლად. ჩემი ნიჭიც იქ მომეცა, როცა მრევლიდან ერთ-ერთმა მოიტანა „პროფილები“, თავში აზრად მომივიდა, რომ ამით შესაძლებელი იყო ხატებისთვის ჩარჩოები გამეკეთებინა, მერე და მერე დავხვეწე საქმიანობა, ზოგმა ელექტრო „შკურკა“ მაჩუქა, ზოგმა „ფრეზი“, ამიტომ პროფილებს აღარ ვყიდულობ, შემიძლია მსგავსი დიზაინი მე თვითონ დავამუშავო, უბრალოდ, დღესდღეობით რაც მიჭირს არის ის, რომ გვერდში დგობა არ მაქვს, არც უსინათლოთა კავშირისგან და არც მთავრობისგან". - აცხადებს უსინათლო ვალერი ღვინიაშვილი.  
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.