Russian English
რუსეთი ევროპას გაზს გადაუკეტავს?!
შაბათი, 30 აგვისტო, 2014 - 17:53

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას აპირებს.

რუსეთი აპირებს ამ ზამთარს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს" -  განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, მინსკში გამართულ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე. ამასთან დაკავშირებით, იაცენუკმა დახმარებისთვის „ნატო"-ს მიმართა. "ნატო ჩვენი პარტნიორია და ამიტომაც, კონკრეტულ ნაბიჯებს ველით დასავლელი პარტნიორებისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან" -  აღნიშნა მან.
ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება გადაუხდელობისა და ფასებზე შეუთანხმებლობის გამო, ჯერ კიდევ ივლისის თვეში შეუწყვიტა. უკრაინისა და რუსეთის მეთაურებმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე, კიევსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრეს, თუმცა მოსკოვი ამ საკითხის მიმართ ნეგატიურად განწყობილი აღმოჩნდა. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ გააგრძელონ მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული შეპირება მისი მხრიდან არ ყოფილა.
სამწუხაროდ, უკრაინა არ  არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც "რუსული გაზის პოლიტიკა" შეეხო. რამდენიმე დღის წინ, ასევე „ვეტოში" მოხვედრილმა რუმინეთმა და მოლდოვამ ახალი გაზსადენი გახსნეს. 43 კილომეტრიანი ახალი მილსადენი რუმინეთის ქალაქ იასის და მოლდოვას ქალაქ უნგენს აკავშირებს. იგი საწყის ეტაპზე წელიწადში 50 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ეს ქვეყნები რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე. მაგრამ, ეს რაც შეეხება რუმინეთსა და მოლდოვას. აი, ევროპის დანარჩენ ქვეყნებს რა ეშველებათ, დღემდე უცნობია!

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.