Russian English
ალტერნატიული აუდიტის გაუქმების შემდეგ რა ბედი ელით კერძო აუდიტებს?
ხუთშაბათი, 14 აგვისტო, 2014 - 14:54

2015 წლის 1 იანვრიდან ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება, იგივე ალტერნატიული აუდიტი აღარ იარსებებს. ალტერნატიული აუდიტის პროექტი ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა და მის შემოღებას თავიდანვე არ უჭერდნენ მხარს უცხოელი ექსპერტები. ისინი ალტერნატიული აუდიტის ნაცვლად, შემოსავლების სამსახურის კვალიფიცირებული თანამშრომლების გაზრდას მოითხოვდნენ. ამ ინსტიტუტის გაუქმების ერთ-ერთი მიზეზიც ესაა - ალტერნატიული აუდიტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან მოდის წინააღმდეგობაში. თუმცა, გაუქმების ძირითად მიზეზად პროექტის ვადის ამოწურვას ასახელებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების დადებით და უარყოფით მხარეებზე,MediaCity ეკონომიკის დოქტორს და აუდიტორს მუხრან ქამადაძეს ესაუბრა:

რამდენად მისაღებია თქვენთვის ალტერნატიული აუდიტის გაუქმების გადაწყვეტილება?

- ალტერნატიული აუდიტის მსგავსი პრაქტიკა, როგორიც ჩვენს ქვეყანაში იყო, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება და ვფიქრობ, არც საქართველოში უნდა დანერგილიყო. საქმე იმაშია, რომ ალტერნატიული აუდიტი ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასა და პრინციპებს. სტრუქტურულადაც არასწორია, როდესაც სახელმწიფო კონკურენციაში შედის კერძო სექტორთან. ამ დროს შემოსავლების სამსახური თავად ატარებს თავისივე კონკურენტების, იგივე აუდიტორების ტესტირებას.

- ანუ ამ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დგება აუდიტორის დამოუკიდებლობა?

- ის, რაც აქამდე არსებობდა, საგადასახადო შემოწმება უფრო იყო, ვიდრე ალტერნატიული აუდიტი. კერძოდ, იკარგებოდა აუდიტორის დამოუკიდებლობა და არ გამოიყენებოდა აუდიტის სტანდარტები. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დავალებას იძლეოდა საგადასახადო ინსპექცია. ანუ ერთდროულად იყავი დამოუკიდებელი აუდიტორიც და საგადასახადო შემმოწმებელიც.

- რაიმე პლიუსი ჰქონდა აღნიშნულ პროექტს?

- ალტერნატრიული აუდიტის პლიუსი ის იყო, რომ იგი საშუალებას იძლეოდა ბევრად მეტი გადასახადის გადამხდელი შემოწმებულიყო. ბიუჯეტშიც მეტი თანხა შევიდოდა, ვინაიდან ალტერნატიული აუდიტის მომსახურეობის ხარჯებს მეწარმე ანაზღაურებდა, ხოლო თავად მეწარმე საურავისგან თავისუფლდებოდა.

- შეიძლებოდა თუ არა ამ ინსტიტუტის არა გაუქმება, არამედ რეფორმირება?

- არიან ორგანიზაციები, რომლებიც ალტერნატიული აუდიტის მთლად გაუქმებას არ ემხრობიან და მის რეფორმირებას მიიჩნევენ საჭიროდ. მე ასე არ ვთლი! ის არც უნდა განხორციელებულიყო, რადგან ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიოში.

- იძლეოდა თუ არა ეს ინსტიტუტი აუდიტორსა და მეწარმეს შორის რაიმე ტიპის უკანონო გარიგების შესაძლებლობას?

- ალბათ იძლეოდა, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილია, 3 თუ 4 ალტერნატიულ აუდიტორზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ალტერნატიული აუდიტის სისტემა მეწარმესა და აუდიტორს შორის უკანონო გარიგების წყაროა. ეს უკვე თავად აუდიტორის კეთილსინდისიერებაზე და კანონმორჩილებაზეა დამოკიდებული.

- ალტერნატიული აუდიტის გაუქმების მიზეზად მისი ვადის ამოწურვა სახელდება?

- მე არა მგონია, რომ ვადის ამოწურვა იყოს მთავარი მიზეზი. ეს საბაბი უფროა. 2013 წელს ალტერნატიული აუდიტორების მსურველებისთვის ჩატარდა ორი გამოცდა, ხოლო 2014 წლის დასაწყისში ჩატარდა კიდევ ერთი გამოცდა. აქედან გამომდინარე, სასწრაფო წესით მისი გაუქმება კითხვებს ბადებს: რა აუცილებლობას წარმოადგენდა ასეთ მოკლე დროში მისი გაუქმება? და თუ უნდა გაუქმებულიყო, რატომ გამოცხადდა ტესტირება? ჩემი აზრით, გაუქმების მიზეზი ასოცირების შეთანხმებაა.

- როგორც ვიცი, ალტერნატიული აუდიტის გაუქმებას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს?

- ასოცირების ხელშეკრულება მის მყისიერ შეწყვეტას არ ითვალისწინებდა. ის მინიმუმ 3 წლის შემდეგ ითხოვს აუდიტის ევრო სტანდარტებთან, ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას.

- აღნიშნული ცვლილებით სახელმწიფო ბიზნესზე ტერორს ხომ არ აპირებს?

- საგადასახადო შემოწმება თუ ბიზნესზე ტერორად აღიქმება, მაშინ კი. ყველა რისკის მატარებელი ორგანიზაცია აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ბიზნესი უნდა გრძნობდეს როგორც სახელმწიფოსგან თანადგომას, ასევე მკაცრ კონტროლს. თუმცა, თქვენი შეკითხვა ლოგიკურია, რადგან

ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ხიდი ჩატეხილია. არის უნდობლობა, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო დასჯის ერთ-ერთ და ეფექტურ მექანიზმად საგადასახადო შემოწმებას იყენებდა.

ეს უნდობლობა და შიში უნდა გაქრეს, სისტემატური კომუნიკაცია უნდა იყოს სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის, უნდა ხდებოდეს სადაო და ორაზროვანი მუხლების გასწორება. სწორად და ეფექტურად უნდა იმუშაოს ბიზნეს ომბუდცმენმა. უნდა გაძლიერდეს და სრულიად დამოუკიდებელი გახდეს დავების საბჭო, რათა ბიზნესი გრძნობდეს თავს დაცულად.

- რა ბედი ელით ამის შემდეგ ალტერნატიულ აუდიტორებს?

- აუდიტორულ ფირმებსა და აუდიტორებს, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ ალტერნატიულ აუდიტზე, ნამდვილად შეექმნებათ ფინანსური პრობლემები. ხოლო ვისთვისაც, ალტერნატიული აუდიტი დამატებითი შემოსავლის წყარო იყო, ისინი კვლავ განაგრძობენ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობას. რაც შეეხება, ალტერნატიულ აუდიტორებს, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ საშუალება ექმნებათ ისევ ამ სფეროში იმუშაონ, თუმცა ამჯერად უკვე საჯარო მოხელის სტატუსით. სხვა საკითხია, რამდენად დათანხმდებიან ისინი ამ წინადადებას, რადგან ამის შემდეგ მათ აღარ ექნებათ სხვა ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.