Russian English
სკანდალი დავების საბჭოში ანუ რატომ არ კმაყოფილდება შემოსავლების სამსახურში შემოსული საჩივრების უმეტესობა?!
ოთხშაბათი, 06 აგვისტო, 2014 - 21:00

ფინანსთა სამინისტროში არსებობს ორგანო, რომელსაც დავების განხილვის საბჭო ჰქვია. ხსენებულ უწყებაში საგადასახადო დავები ძალიან ხშირია. პროცესუალურად ეს ასე გამოიყურება: ჯერ შემოსავლების სამსახურში შემოდის საჩივარი. თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაშინ იგი დავების განხილვის საბჭოში ინაცვლებს. პარალელურად, მომჩივანს შეუძლია დავის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს სასამართლოს. ხშირ შემთხვევაში, ასეც ხდება - კომპანიები და იურიდიული პირები დავების საბჭოს გვერდის ავლით სასამართლოს ანიჭებენ უპირატესობას. ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია დავების საბჭოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხით და მის მიმართ უნდობლობით.

ეკონომიკის დოქტორი და აუდიტი მუხრან ქამადაძე მიიჩნევს, რომ დავების საბჭოში რეფორმების გატარება აუცილებელია.

"2013 წელს დავების განხილვის საბჭოში სულ 1875 საგადასახადო საჩივარი დარეგისტრირდა, რომელთაგან წარმოება მხოლოდ 877 სარჩელზე დასრულდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს აღემატება. მაგალითად, 2012 წლის მონაცემებით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ საჩივართა რაოდენობა 47%-ია, 2013 წელს კი ეს მონაცემი 51%-მდეა გაზრდილი. წინსვლა საგრძნობია, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის. ამიტომაც, დავების განხილვის საბჭოს რეფორმა სჭირდება" - აცხადებს მუხრან ქამადაძე Mediacity-სთან საუბარში. იგი დავების საბჭოს შემადგენლობის გადახედვის აუცილებლობაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ საჭიროა საბჭოს წევრების გარკვეული ვადებით დანიშვნა და მათთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მინიჭება:

"საბჭოს წევრები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მუშაობდნენ სხვა თანამდებობებზე არც ფინანსთა სამინისტროში და არც რომელიმე სხვა უწყებაში, ისინი დაცულნი უნდა იყვნენ იმისგან, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყევტილების გამო, სამსახურს არ დაკარგავენ.

სრულიად გაუგებარია ჩემთვის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა. მაგალითად, ამ შემადგენლობაში საგადასახადო ომბუდსმენის წარმომადგენელია გათვალისწინებული. ეს ფუნქცია სრულიად ეწინააღმდეგება ბიზნეს ომბუდსმენის უმთავრეს დებულებას, რომლის მიხედვითაც "ომბუდსმენი ბიზნესის მეგობარია". წარმოიდგინეთ ერთი წუთით, ბიზნესომბუდსმენი, რომელიც პარალელურად დავების საბჭოს წევრია. ის ხომ "მოსამართლის ფუნქციას" ითვისებს?! რაც დაუშვებელია" - განმარტავს ქამადაძე.

ასე და ამგვარად, ეკონომისტებიც და ბიზნესმენებიც თანხმდებიან, რომ დავების საბჭოს მართლაც სჭირდება რეფორმირება, განახლება და დამატებითი უფლებების მინიჭება, მის წევრებს კი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ხელშეუხებლობის გარანტია, რათა აღნიშნულმა ინსტიტუტმა გადამხდელთა უფლებები რეალურად დაიცვას.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.