Russian English
მკბენარა ურუგვაელ თავდამსხმელს "ბარსელონამ" ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
სამშაბათი, 15 ივლისი, 2014 - 20:00

ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, მაყურებელს თავი განსაკუთრებით დაამახსოვრა მკბენარა სუარესმა. ფიფამ ურუგვაის ნაკრების მე-9 მატჩზე დისკვალიფიკაცია მისცა ურუგვაელ თავდამსხმელ ლუისს სუარესს და ოთხი თვით საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორა. მერედა რისთვის? მხოლოდ იმისთვის, რომ ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, იტალიელ ფეხბურთელს ჯორჯო კელინის მხარზე უკბინა. ამის გამო მას ასი ათას ფრანკიანი ჯარიმაც დააკისრეს. ის კი არა და, სადისკვალიფიკაციო პერიოდში ფეხბურთელს ნებისმიერ სტადიონზე გამოჩენა აეკრძალა.

მიუხედავად ამისა, ესპანეთის საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ" სურვილი გამოთქვა ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებისა. სუარესი "ბარსელონაში" "ლივერპულის" რიგებიდან გადმოვა. კლუბები თავდამსხმელის დისკვალიფიკაციის პირობებზე უკვე შეთანხმდნენ. სამედიცინო გამოკვლევები სუარესმა ბარსელონაში უკვე ჩაიტარა. ფეხბურთელი კატალონიის კლუბში მეცხრე ნომრად ითამაშებს. 

სუარესი ადრე ჰოლანდიის "გრონინგენსა" და "აიაქსში" თამაშობდა, 2011 წლიდან კი "ლივერპულის" გუნდის ფერებს იცავდა. "წითლების" შემადგენლობაში 27 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატში 110 მატჩი ითამაშა, გაიტანა 69 გოლი და წინა სეზონის 31 მატჩის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა. იგი დღემდე ურუგვაის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირს წარმოადგენს - მის აქტივობაში 79 მატჩში გატანილი 41 გოლი ირიცხება.

ასე რომ, კბენით კი იკბინება ურუგვაელი, მაგრამ ურიგო ფეხბურთელი არ არის, ვინაიდან თვით "ბარსელონამ" გადმოიყვანა და მიიღო თავის რიგებში... როგორც პრესა წერდა, "ყბებ-კრაჭუნობის" მიუხედავად.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.