Russian English
ვინ იქნება ახლადშექმნილი ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელი
სამშაბათი, 01 ნოემბერი, 2016 - 18:29
საქართველოს ადვოკატთა კორპუსს ამიერიდან დამოუკიდებელი პროფკავშირი ეყოლება. ორგანიზაციამ უკვე გაიარა რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში. მასში გაერთიანება შეუძლიათ ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს მასშტაბით. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი, ახლადშექმნილი პროფკავშირი პირველ განცხადებას აქვეყნებს:
„ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის მთავარი მიზანი, ადვოკატის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის განმტკიცება, მათი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, საზოგადოებაში ადვოკატის როლისა და ავტორიტეტის ამაღლებაა. ადვოკატთა პროფკავშირი  კანონმდებლობის სრულყოფის, ინპლემენტაციისა და აგრეთვე  სხვა საკითხების მოგვარების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლებს სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
აღნიშნული  პროფკავშირი გეგმავს, ორგანიზება გაუწიოს ადვოკატთა თემატურ შეხვედრებს საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის განზოგადების მიზნით. იგი მზად იქნება აღკვეთოს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ყოველი ფაქტი და ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირში გაწევრიანებულ პირებს დაეხმაროს, მათი უფლებების შელახვის შეთხვევაში.  ამ ორგანიზაციის მნიშვნელოვან პრიორიტეტსა და საქმიანობის მიმართულებას  წარმოადგენს პროფკავშირის წევრი ადვოკატების სოციალური უზრუნველყოფა, რომლის მიმართაც ადვოკატთა ინტერესი საკმაოდ მზარდია. ადვოკატთა პროფკავშირის  დამფუძნებელთა მიერ, თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ცნობილი უფლებადამცველი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი გიორგი თევზაძე. ორგანიზაციის გამგეობა  ცხრა წევრით დაკომპლექტდა.  ესენი არიან: ზაზა ხატიაშვილი, მამუკა ნოზაძე, ზურაბ როსტიაშვილი, ელზა ლეშკაშელი, ლიანა მასიკაშვილი, ელგუჯა ჩხაიძე, მამუკა ტივიშვილი და ელგუჯა მირველაშვილი.
ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანება და საერთაშორისო ინსტიტუტები. აღნიშნული ორგანიზაცია შექმნის ფუნქციურ სტრუქტურებს - პრესცენტრს, რეგიონულ წარმომადგენლობებს და გააძლიერებს მათ საქმიანობას. ასევე, ოპერატიული კომუნიკაციისთვის შეიქმნება წარმომადგენლობები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, რომელთა საქმიანობაც შემხებლობაში არის ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობასთან. ადვოკატთა პროფკავშირი ასევე გეგმავს თანამშრომლობას ყველა იმ პირთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ადვოკატის თავისუფალი პროფესიის განვითარება, ამ პროფესიის იმიჯის ამაღლება საზოგადოებაში და ადამიანის უფლებების უზენაესობის პრინციპების დაცვის ხელშეწყობა“ - ნათქვამია განცხადებაში. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.