Russian English
ცოლების მკვლელობები სააფთიაქო ნარკოტიკების აკრძალვას დაუკავშირეს!
კვირა, 26 ოქტომბერი, 2014 - 16:20

ყველა გრძნობს, რომ ქვეყანაში აგრესიულობა ძალიან მომატებულია. განსაკუთრებით, ბოლო მკვლელობების შემდეგ. მიზეზად, ზოგი მედიაში გავრცელებულ „სკანდალებისა და კატასტროფების“ პოლიტიკას ასახელებს, ზოგი - ქალების მიერ ტრადიციული როლისგან განსვლას, სხვები კი, ახალი ხელისუფლებისგან სოციალური პრობლემების გადაუჭრელობას.  და კიდევ, იმ უცნაურ ფაქტს, რომ ახალი ჩინოვნიკები თავის კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ხალხზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ტრაგედია ერთადერთი არ ყოფილა. თუმცა, სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ მოიცვა ქვეყანა ე.წ. ანტისლოგანურმა ტალღამ „არა ქალ კლა!“.

რა შეიძლება გამხდარიყო ყოფილ თუ მოქმედ თანამეცხედრეთა მიმართ ასეთი დამოკიდებელების მიზეზი? ფსიქოლოგი მარინა ჭავჭანიძე აგრესიის მასიურ აფეთქებასა და მკვლელობებისადმი მიდრეკილებას სააფთიაქო ნარკოტიკების აკრძალვას უკავშირებს. MediaCity-თან  საუბარში, ფსიქოლოგი ამ ორ ფაქტორს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე საუბრობს და ჯანდაცვის სამინისტროს იმ აუცილებელ ღონისძიებებზე მიუთითებს, რომლებიც რეცეპტურის კანონის მიღებამდე უნდა ამოქმედებულიყო.

მარინა ჭავჭანიძე:

- აგრესიის გამჟღავნების ფორმების მასიურ აფეთქებაში ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ვხედავ, რომელზედაც ალბათ ბევრი არ დაფიქრებულა- ეს არის სააფთიაქო ნარკოტიკების აკრძალვა, რომლის შედეგებზეც მანამდე უნდა გვეფიქრა, სანამ რეცეპტურის კანონს ასეთი ფორმით შემოვიღებდით. საბოლოო ჯამში, მე მაინც ვფიქრობ, რომ გახშირებული მკვლელობების მიზეზი, რეცეპტურასთან დაკავშირებული არასწორი კანონმდებლობაა. პრეპარატების უეცარი მოხსნა იწვევს ემოციურ ლაბილობისა და აგრესიულობის მატებას პიროვნებაში.

- სააფთიაქო ნარკოტიკების აკრძალვის წინააღმდეგი ხართ?

- არავითარ შემთხვევაში.  მე რეცეპტურის კანონის წინააღმდეგი არ ვარ. მე მხოლოდ სტრატეგიულად დაუგეგმავი რეფორმების წინააღმდეგი ვარ. თუკი ვინმე დამოკიდებულების საკითხებში ერკვევა, ყველამ იცის, რომ პრეპარატის უეცარი მოხსნა ზოგადად იწვევს აბსტინენციას თანმდევი გართულებებით. იმ სააფთიაქო ნარკოტიკებს (შეგნებულად არ ვასახელებ) მოჰყვება თავის ტვინის ორგანული დაზიანება, რომელიც ემოციის უკონტროლობას და აგრესიას აჩენს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დაზიანებები ადამიანში  თავისთავად, უკურნებლად მოწესრიგდება. ამიტომ რეცეპტურის კანონის შემოღებისას, აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ ის ფაქტი,  

რომ დამოკიდებული ადამიანი არ იკურნება იმის გამო, რომ ხელმისაწვდომობა არ აქვს წამალზე. იგი ან ახალ პრეპარატს ეძებს ან ამ პრეპარატით გამოწვეული შედეგებით იტანჯება.

- როგორც ცნობილია, ახალი პრეპარატის ალტერნატიული გზებით ძიებას, შავი ბაზრისშექმნა მოჰყვება?

- მოდით დაგიკონკრეტებთ და გეტყვით, რა მოჰყვება. აქ არის სამი გამოსავალი. პირველი, იქმნება შავი ბაფეაზარი;  მეორე, დამოკიდებული ადამიანების დიდი  ნაწილი იწყებს ახალი საშუალების ძიებას, რადგან სანაცვლოდ მისთვის არავის არაფერი  შეუთავაზებია, როგორ ან რა გზით შეიმციროს წამლისმიერი ლტოლვა (ამას ექიმები ფსიქორეაბილიტაციას უწოდებენ) და არც ის იციან, ვის მიმართონ სამკურნალოდ. და მესამე, ცდილობენ გაძლონ იმ ნარკოტიკის გარეშე თავისი თანმდევი გართულებებით. ეს გახლავთ სწორედ მოვლენათა განვითარების ბუნებრივი გზა. ძალიან მიკვირს, სანამ სააფთიაქო რეფორმას განახორციელებდნენ, ნუთუ არც ერთმა მრჩეველმა არ ურჩია ჩვენს მინისტრს ამაზე დაფიქრება. როგორც ჩანს, სერგეენკოს მრჩევლები მოკლებულნი არიან სტრატეგიულ აზროვნებას, ან უბრალოდ არ იციან, რომ თავის ტვინის ნებისმიერი  ორგანული დაზიანება ( ბავშვობაში მიღებული თავის ტრამვაც კი) იწვევს ემოციური კონტროლის დაქვეითებას.

- კრიმინალის და ზოგადად, აგრესიული ფონის მატებაზე საუბრისას, რატომღაც ამნისტირებულ პატიმართა თემაც იკვეთება ?

- ეს იმიტომ, რომ ამნისტირებული პატიმრებიდან ძალიან ცოტამ გაიარა ფსიქორეაბილიტაციის კურსი. ამ დროს, ბევრი მათგანი იყო ნაცემი და  ნაწამები ციხეში. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „მეზობლისა და მეგობრის რჩევით“ ბევრმა დაიწყო ამ სააფთიაქო წამლების მოხმარება, რაც აძლევდა საშუალებას, მეტ-ნაკლებად მშვიდად ეგრძნო თავი. თავად განსაჯეთ, გავიდა თვენახევარი რეცეპტურის კანონის შემოღებიდან (სავარაუდოდ, ნარკოდამოკიდებულებმა რაც მოიმარაგეს აგვისტოში პრეპარატები - დამთავრდა) და ჩვენ მივიღეთ აგრესიის აფეთქება. როცა ძალადობაზე ვსაუბრობთ, მარტო მკვლელობაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. დაინტერესებულა ვინმე, რამდენი ძალადობაა ამ მკვლელობების მიღმა დამალული? თუ ასე გაგრძელდა - აგრესიულობა კიდევ უფრო მოიმატებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვლელობებიც მოიმატებს.

მარი ჯანაშია

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.